საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
მანამდე კი ის ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.
ხვიჩა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, რაც AreaNapoli-ს ცნობით, ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო.
"ეს "ნაპოლიში“ "კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“, - წერს გამოცემა.
Areanapoli წერს, რომ "ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით მესამე სკუდეტოს შემოქმედს კარგავს, მის პსჟ-ში ოფიციალურად გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია თავი სატრანსფერო თანხით დაიმშვიდოს, რომელიც ბონუსებიანად 70 მილიონ ევროზე მეტია. გამოცემის ცნობით, სოლიდურ საკომისიოს, 2.8 მილიონს ფეხბურთელის აგენტი და მამა მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ. "კვარა" კი "პარი სენ ჟერმენში“ მთლიანობაში წელიწადში 11 მილიონს გამოიმუშავებს.
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან“ წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა - ზოგმა მადლიერებით, ზოგმა გაბრაზებით და საყვედურებით. შუა სეზონში კვარაცხელიას მიღებული გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ყველა უკმაყოფილოა და ზოგიერთი ამას უცნაურად გამოხატავს. ერთმა ქომაგმა ქართველის მუყაოს გამოსახულება ნაგვის კონტეინერში ჩააგდო, სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამან, რა თქმა უნდა, ქართველი ფანების გაბრაზება გამოიწვია, თუმცა, როგორც წესი, განაწყენებული გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იქცევიან ასე და ამაზე უარესადაც.
იტალიელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველის პსჟ-ში გადასვლას პრაგმატულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ სატრანსფერო თანხით "კვარას“ შესაცვლელი "სათადარიგო ნაწილების“ შეძენა შეიძლება.
ცნობილმა ნეაპოლელმა ადვოკატმა და თავისი ქალაქის გუნდის დიდმა ქომაგმა მარიო კოლელამ ხვიჩას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
"მან 33 წლის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამისათვის მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება გახრწნილი (დიახ, გახრწნილი) და ვულგარული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებმაც ვითომ არ იციან, როგორაა მოწყობილი სამყარო. რომლის შემადგენელნი თავად არიან. ხვიჩა მსგავს მოთამაშეს ახლა იშვიათად ნახავ, "ველური ფეხბურთელია“, ხასიათის ზოგიერთი სისუსტის მქონე პოეტია. ის ბავშვებს აიძულებს თავი შეაყვაროს და დარჩეს იმ თაობის გულში, რომელსაც მარადონას ეპოქა არ ახსოვს. ამან და უკვე მხოლოდ ამან უნდა შეგაგრძნობინოს ამ ბიჭის მნიშვნელობა და კარგი ზეგავლენა ნეაპოლზე. ნებისმიერი სხვა მსჯელობა მიუღებელია და სამწუხაროდ, "კვარას“ ალბათ, აქ აღარ ვიხილავთ. პირადად მე მისი მადლობელი ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთვის და ქომაგებისთვის, ლამაზი თამაშით და ბავშვური გამოხედვით. ყველაფერი შეიძლება დაივიწყო, მაგრამ საჩემპიონო ტიტული - არა. ხვიჩამ არ უნდა დაგვივიწყოს და არც ჩვენ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“.
ლუკა ჩირილო (Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი): "ქართველთან სამწუხარო დამშვიდობება დე ლაურენტისის შეცდომის შედეგად სწორედ ასეთი ფინალით უნდა დასრულებულიყო. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ფეხბურთელია, ნეაპოლელი ტიფოზების კერპია და სხვა დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელოდა, აურელიო კი ისე ეპყრობოდა, როგორც პერიფერიიდან ჩამოყვანილ პატარა ბიჭს, ეგონა კონტრაქტით მიაჯაჭვა, რაც ქართველის თამაშზე აისახა. "ნაპოლი“ ლიდერია, ხვიჩას მეორედ შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და როგორი შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა მას ოჯახი ჰყავს, უკეთეს მომავალზე ზრუნვა მართებს. ცხოვრება გრძელდება, 11 მილიონად შეძენილ ქართველში მინიმუმ 80 მილიონს მიიღებენ და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.“ (ნახეთ სხვა გამოხმაურებები sportall.ge-ზე)
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ქომაგია, ქართველის "ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის მიზეზების შესახებ რადიო Marte-სთან ორიოდე დღის წინ ისაუბრა:
"რას ვფიქრობ "კვარაზე“? მივიჩნევ, რომ მასთან დამოკიდებულებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, ამ ბიჭის დემონიზებას ახდენენ, მაგრამ ობიექტურები არ ვართ. ის კლუბში ყველაზე უფრო დაუფასებელი იყო... ასე საქმე არ კეთდება - სხვებს კონტრაქტები გაუუმჯობესეს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არიან, ხვიჩას კი 1.3-მილიონიანი ხელფასი დაუტოვეს და გოლინიზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. ეს პატივისცემის გამოხატვის საკითხია, 100 ევროც რომ მოემატებინათ, კარგი ჟესტი იქნებოდა.
ძველი გასამრჯელოს დატოვებით ის იმედგაცრუებული დატოვეს და დისკომფორტი შეუქმნეს, ფაქტობრივად, უთხრეს: "შენ ჩემი მონა ხარ“. თეორიულად შესაძლებელია კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით საზღვარგარეთულ კლუბში წასვლა, რომელიც ხელშეკრულების გაწყვეტას კომპენსაციის გადახდით ითვალისწინებს. მართლა უმადური რომ ყოფილიყო, "პარი სენ ჟერმენთან“ შეთანხმებით სწორედ ასე მოიქცეოდა. ამდენად მისი კრიტიკა დაუშვებელია.
ჩემი აზრით, ამ საკითხს ბოლომდე ვერ ჩავწვდით. სიურპრიზების მოლოდინში სიახლეებს ადევნეთ თვალი, ვინაიდან რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს“.
პარიზულ გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოესწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.
პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.
ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პლეი-ოფიდან შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათანხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით, ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს "მანჩესტერ სიტთან" და "შტუტგარტთან" მატჩებისას, რა დროსაც მწვრთნელს უკვე ექნება იმ ქართველი ფეხბურთელის იმედი, რომელიც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...
ქართველი გულშემატკივრები ახლა პარიზელთა ყველა შეხვედრაში "გადაეშვებიან", რომლებშიც ხვიჩას ბევრ გოლსა და ლამაზ ეპიზოდებს ველით.
პსჟ 9 თებერვალს "მონაკოს" მასპინძლობს (12 თებერვალს "კვარა" 24 წლის გახდება);
23-ში კი გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" ესტუმრება;
კიდევ ერთი ქართველის ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" გასვლითი შეხვედრა კი 30 მარტსაა ჩანიშნული...
15 ივნისიდან "კვარას" მომავალი გუნდი ასევე ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება.
იხილეთ ასევე: