ავტორი:

"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი

"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.

  • "ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პოლონეთი "მთავარ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიის აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე“.

დონალდ ტუსკმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა.

The Wall Street Journal-ი, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს, მათ შორის ხანძრებს DHL ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში, გერმანიაში და ბირმინგემში, ბრიტანეთში. სამართალდამცავი ორგანოები ადრეც აცხადებდნენ, რომ ეს შეიძლება დივერსიული აქტები ყოფილიყო.

პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.