ავტორი:

"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები

"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში ახალი მონაცემებით 77 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი განაცხადა და მოთხოვნები წარადგინა. რა მოთხოვნებზეა საუბარი არ კონკრეტდება.

ამ დილით თემთა პალატაში გამოსვლისას, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: "მე მოვუწოდებ ისრაელს მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმებას. ახლა უკან დახევის დრო არ არის. ორივე მხარემ უნდა განახორციელოს შეთანხმების თითოეული ეტაპი სრულად და დროულად. ამ კონფლიქტის ისტორია სავსეა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ტრაგედია იქნება, რომ ეს ისევ განმეორდეს. ეს არის არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის შანსი."

პარალელურად, იერუსალიმში მომიტინგეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აპროტესტებენ - პროტესტი გამართეს კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.

"გვურას ფორუმი“ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და აცხადებს, რომ ის არ გამოიწვევს ჰამასის განადგურებას, პირიქით, გაათავისუფლებს ისრაელის წინააღმდეგ სასიკვდილო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პალესტინელებს.

  • ისრაელის პრემიერ მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება "ისრაელის სიძლიერისა და მორალური სიცხადის დემონსტრირება", მისივე თქმით, საბოლოო მოლაპარაკებები გაგრძელდება.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დევიდ მენსერმა განაცხადა: ”ეს შეთანხმება, არ არის დათმობა, ეს არის ისრაელის სიძლიერისა და მორალური სიცხადის დემონსტრირება.”