ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ორი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იყო, ადასტურებს, რომ განყოფილებიდან გამოუშვეს. ის პოსტს აქვეყნებს მეუღლის, ოლგა ობრაზცოვას "ფეისბუქზე" და მოქალაქეებს მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის.
"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლობიან ქვეყანაში. მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლობიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია! მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება.“, - წერს იგი.
ჯერ უცნობია გაათავისუფლეს თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი სასამართლო სხდომამდე უნდა გამოეშვათ,, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.
ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.