ავტორი:

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას "ჰამასთან", რომელსაც მხარეებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში, დოჰაში მიაღწიეს ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ისრაელის მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას შაბათამდე. ეს მოხერხდა და შეთანხმება ძალაში შევა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

სამხედრო კაბინეტი იყო პირველი, ვინც დაამტკიცა შეთანხმება. მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. კენჭისყრა დღესვე გაიმართება.

”ეს არის სასიცოცხლო ნაბიჯი იმ ფუნდამენტური ვალდებულებების შესრულებისკენ, რაც ჩვენს ერს აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე", - თქვა ჰერცოგმა.

ამასთანავე, მან დასძინა, რომ არ აქვს ილუზიები და მშვენივრად ესმის, რომ ამ შეთანხმების განხორციელებისას ბევრი "მტკივნეული და მძიმე მომენტი“ იქნება

შეთანხმების პირობების მიხედვით, ზავი ძალაში მომდევნო კვირას, 19 იანვარს შევა. იმავე დღეს დაიწყება "ჰამასის" ტყვეობიდან 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების პროცესი.

ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ისრაელის კაბინეტი პარასკევს შეკრებას, რადგან მინისტრების მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიური ხალხია და იცავს შაბათს, რომელიც, ებრაული ტრადიციის თანახმად, პარასკევს საღამოს იწყება.

შეთანხმება ხუთშაბათს რისკის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ "ჰამასი“ ზავის გარკვეული პირობების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტი არ შეიკრიბებოდა მანამ, ვიდრე დაჯგუფება ყველა პირობას არ დათანხმდებოდა.

ზავის პირობების თანახმად, პირველ 6-კვირიან ფაზაში, "ჰამასი“ ღაზაში მყოფი დაახლოებით 98 მძევლიდან 33-ს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, ისრაელი პალესტინის დასახლებული რაიონებიდან ჯარებს გამოიყვანს და და 1 000-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

მეორე ფაზა ისრაელის ჯარის სრულ გაყვანას და "მდგრადი მშვიდობის" დაბრუნებას ითვალისწინებს.

მესამე და ბოლო ეტაპი მოიცავს დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას და ღაზის რეკონსტრუქციას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ისლამისტურმა ჯგუფებმა დაახლოებით 250 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. გარიგების დროს, 2023 წელს პირველი გაცვლის ფარგლებში 105 ადამიანი გაათავისუფლეს. "ჰამასის" ტყვეობაში ასამდე ადამიანი რჩება. 30-ზე მეტი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.