"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ.
"ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც „ვთაგავ“, - წერს ბუაძე.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბუაძე აცხადებს, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს.
ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.
"ქუჩაში მიმავალ ორ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოგვხვდა და ფაქტობრივად, თავს დაგვესხა ორი ადამიანი. გინებით, ჩემი სახელის და გვარის ხსენებით შემოგხვდა ეს ორი ადამიანი, როცა ჩვენგან პასუხი მიიღეს, ეს ყველაფერი უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც იყენებდნენ ქვებს. ჩვენი საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ესროლეს ქვა. ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა ჰქონდა, რაც ასევე ვიდეოზეა აღბეჭდილი, ამავე ვიდეოში ისმის ძალიან კარგად, როგორ მემუქრება გვარით ეს ადამიანი. მათ შესაბამისი პასუხი მიიღეს, ისევე, როგორც ამ სამარცხვინო, ძალადობრივი გარემოს შემქმნელები ამ ქვეყანაში შესაბამის პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ ქვეყანას უკეთებენ. ჩვენი მათთან გადაკვეთა, თუ შეხვედრა, პირდაპირ ჩემი სახლის და გვარის ხსენებით და გინებით დაიწყო.
შტაბში გვქონდა შეხვედრა, დასრულების შემდეგ ჩვენ, ორი გამოვედით და მაშინ გაგვიარა გვერდით ამ ორმა ადამიანმა. რამაზ მანდარიას დაზიანებები აქვს სახეზე, ერთ-ერთმა ჩანთაც მოარტყა. პოლიცია ახლა მოვიდა, ჯერჯერობით იმ თავდამსხმელებთან ატარებდნენ დროს, მათ ჰკითხავდნენ, არ გაქცეულან. ეს ადამიანები ვიდეოზე არიან აღბეჭდილი და ამოცნობის სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მათი ვინაობის და შემთხვევის გარემოებების დადგენა, მაგრამ პოლიციას ცხადია, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, რადგან პოლიცია ხელისუფლებასთან შეზრდილი მხარეა, რომელიც ახალისებს და ხელს აფარებს ძალადობას. არ გამიკვირდება, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად გამოაცხადონ და თავდამსხმელებად ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ასეთი აბსურდი ხდება“, - განაცხადა ბუაძემ.