იერუსალიმის მონასტერში მას თამარას სახელით იცნობდნენ. მონასტერში როცა მივიდა, უკვე შუახნის ქალი იყო. რატომ დატოვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილმა სამშობლო? რა წვლილი მიუძღვის ამაში ქართველ თავადს?
ტატიანა 1890 წლის ზამთარში დაიბადა. მისი მამა იყო ცნობილი პოეტი და ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი, ხოლო დედა - გერმანელი პრინცესა. ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა, რომლებიც შესანიშნავი განათლებით გამოირჩეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, თითქოს ბავშვები გარეგნობით არ გამოირჩეოდნენ, ყველა მათგანი მიმზიდველი და ქარიზმატული იყო.
ტატიანა რელიგიური ბავშვი იყო და მონაზვნად აღკვეცაზე ოცნებობდა. თუმცა მისი ეს სურვილი მხოლოდ ორი ტრაგიკული ქორწინების შემდეგ ახდა.
1910 წლის ზამთარში ტატიანას ცხოვრება შეიცვალა. მან გაიცნო ქართველი პრინცი კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრანელი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ქორწინებაზეც დაიწყეს ფიქრი. თუმცა, ტატიანას მშობლები ამ კავშირს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და თვლიდნენ, რომ თავადი მათ ოჯახს არ შეეფერებოდა.
მამის დაჟინებული მოთხოვნით, კონსტანტინეს რუსეთის დატოვება მოუწია, რაც ტატიანასთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ქალი ავად გახდა და საწოლს მიეჯაჭვა. ერთი წლის შემდეგ, როცა მშობლებმა გაიაზრეს, რომ მათი წინააღმდეგობა უშედეგო იყო, ტატიანას და კონსტანტინეს ქორწინებას დასთანხმდნენ.
ქორწინებამდე ტატიანას ნიკოლოზ II-ის ბრძანებით მოუწია ტახტის მემკვიდრეობაზე უარის თქმა. ამის შემდეგ წყვილმა 1911 წელს იქორწინა და ორი შვილი შეეძინა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დროს კონსტანტინე ფრონტზე წავიდა, სადაც 1915 წელს გმირულად დაიღუპა. კონსტანტინეს ნეშტი გადაასვენეს მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში და დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
მეორე ქორწინება და ახალი ტრაგედია
ტატიანამ ახალი ცხოვრების დაწყება სცადა და თავისი ბიძის, დიდი მთავრის მხარდაჭერით, შვილებთან ერთად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. მოგვიანებით ის ალექსანდრე კოროჩენცოვზე დაქორწინდა, რომელმაც ტატიანა და მისი შვილები ქვეყნიდან სამშვიდობოს გაიყვანა. თუმცა, ალექსანდრე მალევე გარდაიცვალა და ტატიანა 32 წლის ასაკში მეორედ დაქვრივდა.
ბავშვების აღზრდა და მონასტერში წასვლა
როდესაც შვილები გაიზარდნენ და თავიანთ გზას დაადგნენ, ტატიანამ გადაწყვიტა თავისი ბავშვობის ოცნება აეხდენა. ქალმა მონასტერში დაიწყო ცხოვრება და თამარას სახელით წმინდა მიწაზე, იერუსალიმში გადაბარგდა. სავარაუდოდ, ეს სახელი მის პირველ ქართველ მეუღლესთან დაკავშირებული პატივისცემის ნიშნად აირჩია.
ის იერუსალიმის ამაღლების მონასტერში იღუმენია გახდა და დიდ პატივისცემას იმსახურებდა. 1979 წელს, 89 წლის ასაკში, ის გარდაიცვალა. მისი ცხოვრების გზა რელიგიური მოწოდებისკენ მიმავალ სირთულეებით სავსე მოგზაურობად იქცა.
შთამომავლობა
შეგახსენებთ, რომ წყვილს ორი შვილი ჰყავდა, თეიმურაზი და ნატალია.
თეიმურაზ ბაგრატიონ მუხრანელი ორჯერ დაქორწინდა, პირველად ბელგრადში ეკატერინა სტეფანოვნა რაჩიჩზე, ცნობილი სერბი და იუგოსლავიელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის ნიკოლა პაშიჩის შვილიშვილზე. თუმცა თეიმურაზის ცოლი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.
1949 წლის 27 ნოემბერს ნიუ-იორკში გრაფინია ირინა სერგეევნა ჩერნიშევა-ბესობრაზოვაზე იქორწინა. არც ერთი ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია.
პრინცესა ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი აერთიანებდა ორ გამოჩენილ დინასტიას - ბაგრატიონებს და რომანოვებს. მისი ნათლიები იყვნენ იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი უფროსი ქალიშვილი ოლგა ნიკოლაევნა. ნატალია დედის მხრიდან სისხლით ენათესავებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს - იყო პრინც ფილიპისა და პრინცესა მარინას მეორე რიგის ბიძაშვილი, და დედოფალ ელისაბედ II-ის მეოთხე რიგის ბიძაშვილი.
რევოლუციის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად იუგოსლავიაში წავიდა. იუგოსლავიის პრინცის ტომისლავის მოგონებების თანახმად, ნატაშა იყო მისი ბავშვობის პირველი სიყვარული.
მოგვიანებით, ნატაშა მუშაობდა ლონდონში, ემიგრაციაში მყოფი იოგუსლავიის მთავრობისთვის. ის პირველად დანიშნული იყო ლეიტენანტ კრისტოფერ ფერნესზე, მაგრამ 1940 წელს საქმრო დაიღუპა და ქორწილი არ შედგა. შემდეგ ნატალიამ გაიცნო და 1945 წელს ცოლად გაჰყვა ბრიტანელ დიპლომატს, სერ ჩარლზ ჯონსტონს. ისინი ერთად თარგმნიდნენ რუსულ კლასიკურ ლიტერატურას. შვილები არ ჰყოლიათ.
გარდაიცვალა 1984 წლის 26 აგვისტოს ლონდონში, დაკრძალულია განერსბერის სასაფლაოზე.