ჯოსეფ მიურეი იყო პირველი ექიმი, რომელმაც 1954 წელს, აშშ-ში პირველმა ჩაატარა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ მანამდე ასეთი ოპერაცია, მართალია წარუმატებლად, მაგრამ მაინც, ჩატარდა უკრაინის ქალაქ ხერსონში - ოპერაცია 1933 წელს იური ვორონოიმ ჩაატარა.
დღესდღეობით ორგანოთა გადანერგვა უკვე არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი.
რა დროს ხდება ორგანოს გადანერგვა საჭირო, როგორ ტარდება ეს ურთულესი ოპერაცია, რა წესებია დასაცავი და საქართველოში რა ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი - ამ თემებზე საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გია თომაძე გვესაუბრება.
- ბატონო გია, საქართველოში ორგანოს გადანერგვის პირველი ოპერაცია როდის ჩატარდა?
- 1977 წელს მოსკოვიდან საქართველოში 4 გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი ჩამოიტანეს, მაგრამ შედეგები - არასახარბიელო აღმოჩნდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს, უროლოგიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანოთა გადანერგვა განახლდა. ამდენად, სისტემატური გადანერგვა საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო. მსოფლიოში 150.000 ახალი ორგანო ინერგება, მაგრამ ეს რეალური საჭიროების მხოლოდ 10%-ია. საქართველოში საშუალოდ, 60-მდე ორგანო ინერგება (თირკმელი და ღვიძლი).
- უმეტესად რა ორგანოების დაზიანებით არიან ადამიანები მსოფლიოსა თუ საქართველოში?
- ყველა გადანერგვის 60%-ზე მეტი თირკმელია. საქართველოში თირკმლის სისტემატური გადანერგვა 1995 წლიდან, ხოლო ღვიძლის გადანერგვა - 2014 წელს დაიწყო. გადანერგილი თირკმლის ხუთწლიანი ფუნქციონირების მაჩვენებელი 91%, ხოლო ღვიძლის - 81 %-ა.
- რა გართულებები მოჰყვება ადამიანის ორგანიზმში უცხო ორგანოს გადანერგვას?
- გართულება ბევრნაირი შეიძლება იყოს: იმუნური, ტექნიკური, ინფექციური. იმუნურის გამოვლინებაა ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია.
- პაციენტის მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება?
- შეუდარებლად. თირკმლის შემთხვევაში იგი აღარ არის მიჯაჭვული დღეგამოშვებით ხელოვნურ თირკმლის აპარატზე, ღვიძლის გადანერგვას კი ალტერნატივა არ აქვს... 2023 წლისთვის 433 თირკმლის გადანერგვა განხორციელდა, ხოლო 2014 წლის შემდეგ 2023 წლის ჩათვლით ღვიძლის 123 გადანერგვა შესრულდა. საქართველოში წარმოებული გადანერგვების სტატისტიკა უფრო დაწვრილებით შესაძლებელია ასოციაციის ვებგვერდზე ინახოს (www.transplantation.ge). ორგანოს დონორი შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ცოცხალი ადამიანი.
- ორგანოს დონორობა ფასიანია?
- ორგანოს დონორობა მსოფლიოში ყველგან უფასოა და ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია. ის გათანაბრებულია ორგანოს და ადამიანის ტრეფიკინგთან. საქართველოს კანონმდებლობით, ორგანოებით ვაჭრობა დასჯადი ქმედებაა და შესაძლებელია გამოიწვიოს თავისუფლების აღკვეთა 8-დან 15 წლამდე.
- საქართველოში ვინ არიან დონორები ან ვინ შეიძლება იყვნენ?
- საქართველოში დონორები არიან მხოლოდ ცოცხალი ადამიანები: გენეტიკური ნათესავი, მეუღლე, მეგობარი, თუ მისი იმუნოლოგიური პარამეტრები თანხვედრაშია პაციენტის შესაბამის პარამეტრებთან.
- რა იმუნოლოგიური პარამეტრების თანხვედრაა საჭირო ორგანოს გადასანერგად?
- იმუნოლოგიური თვალსაზრისით, ღვიძლის გადასანერგად საკმარისია დონორ-რეციპიენტის თანხვედრა სისხლის ჯგუფის მიხედვით, თირკმლის გადანერგვისას ამ პარამეტრს ემატება თანხვედრა ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების (HLA) და ჯვარედინის რეაქციის მიხედვით.
- ვინ იძლევა ორგანოს გადანერგვაზე ნებართვას?
- მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში ორგანოს გადანერგვის ნებართვას ნათესავის ან მეუღლის შემთხვევაში იძლევა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ტრანსპლანტაციის საბჭო, ხოლო მეგობრის (ახლო პიროვნული ურთიერთობის მქონე პირის) შემთხვევაში - სასამართლო.
- საქართველოში კანონმდებლობით ნებადართულია გარდაცვლილისგან ორგანოს გადანერგვა?
- საქართველოში გარდაცვლილისგან ორგანოს გადანერგვა აკრძალული არ არის. იგი ნებადართულია ჯერ კიდევ 2000 წელს მიღებული კანონმდებლობით. ორგანოს დონორი შესაძლებელია იყოს როგორც გარდაცვლილი, ისე - ცოცხალი ადამიანი. ერთმა გარდაცვლილმა შესაძლებელია 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე, ვინაიდან შესაძლებელია, მოხდეს ორი თირკმლის, ორი ფილტვის, ღვიძლის, გულის, პანკრეასის და ნაწლავის გადანერგვა. ცოცხალმა ადამიანმა შესაძლებელია გასცეს ერთი თირკმელი, ღვიძლის ნახევარი, პანკრეასის ნაწილი, ასევე ნაწლავის ნაწილი.
- რატომ არ წარმოებს საქართველოში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს გადანერგვა?
- გარდაცვლილისგან ორგანოს დონაცია არ წარმოებს სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ორგანოთა დონაციისადმი არასაკმარისი დადებითი წინასწარგანწყობა და ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები.
- როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ორგანოს დონორი და რას მოიცავს მისი დონორობა? ანუ რაზე აწერს ის ხელს?
- დონორი შეიძლება გახდე ონლაინ რეგისტრაციით (თუმცა დონორის ბარათის ასაღებად მაინც აუცილებელია საინფორმაციო ბანკში მისვლა) დეტალებს შეძლება იმავე ვებგვერდზე გაეცნონ.
- შესაძლებელია, თუ არა საქართველოში ადამიანი გახდეს ორგანოს პოტენციური დონორი?
- შესაძლებელია, ამისთვის უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი სურვილი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან არსებულ ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში (ტელ.: 032 77 1819) ან ეწვიოს საინფორმაციო ბანკს, სადაც მიიღებს შესაბამის დონორის ბარათს.
- საშიშია თუ არა ორგანოს დონორობაზე თანხმობის გაცემა?
- არა. არსებობს ქართული ნათქვამი "ანდერძი კაცს არ კლავს“. ეს არის მხოლოდ თანხმობა ორგანოს დონორობაზე, რომელიც გარდაცვალების შემთხვევაში უადვილებს ოჯახის წევრებს, მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება. სხვა საშიშროება ორგანოს დონორობაზე განცხადებულ თანხმობას არ აქვს და არც შეძლება ჰქონდეს.