ავტორი:

სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"

სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ასევე ქვეყანაში. პროტესტი არ წყდება... განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ბოლო დროს არაერთხელ იძალადეს. უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესხმიან თავს მოქალაქეებს. გავიხსენოთ, თავდასხმები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ უცნობი პირები; საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვის დროსაც დაესხნენ თავს პროტესტანტებს, როგორც გაირკვა, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პირები... რაც ყველაზე ცუდია, ხელისუფლება ამას ამართლებს და ლამის იწონებს კიდეც.

"ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემა-ტყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა… მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ… ესაა რეჟიმის განაჩენი" - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ტექსტს ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოც დაურთო.

რას მოასწავებს ცემა-ტყეპის ეს ქრონიკები da ამ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა? - ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ambebi.ge ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილთან შეეცადა.

- "ქართული ოცნების“ ფრუსტრაციის დონე ძალიან ამაღლდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ მაღალი კულტურა, არ გააჩნიათ ეთიკის ნორმები, არ მოსწონთ როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში, არ მოსწონთ სანქციები, ხედავენ, რომ მათი ბიზნესებიც ირყევა და ა.შ. ადრე თუ "ოცნებაში“ ძალიან მკვეთრი იერარქიული ქცევის კოდექსი იყო დაცული, რომელიც მეტ-ნაკლებად აკავებდა მათი დეპუტატების საქციელს, რაღაც ჩარჩოებში სვამდა მათ, ახლა ვფიქრობ, რომ ისინი ყველანაირი სტანდარტის იქით არიან გასულები, შემაკავებელი მუხრუჭები არ აქვთ, არც პასუხს არავინ სთხოვთ და, შესაბამისად, ასეთი ინციდენტები მოსდით, რისი "გაპრავებაც“ შემდგომ უწევთ.

ზარქუას რაც დაემართა აბუ-დაბიში, კარგად ასახავს "ოცნების“ შიგნით არსებულ განწყობებს. ლაშა გაბიტაშვილმა დადო ვიდეოები და რომ ნახეს, საინფორმაციო თვალსაზრისით წააგეს, მერე თავისიანებს აქედან აუნთეს მწვანე და ურჩიეს, აბა, ახლა აჩვენეთ, რომ "ქართული ოცნება“ ყოველთვის სიმაღლეზეა და ლაშა გაბიტაშვილები ვერაფერს გვიზამენო. მათ ისეთი პასუხი მოიფიქრეს, რაც რეალურად ისევ მათ შემოუტრიალდათ უფრო ნეგატიურად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

ზვიად ქორიძესთან და გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტები მეტყველებს იმ ნერვულ მდგომარეობაზე, რაც "ქართული ოცნების“ შიგნით არსებობს. სამხარაძე გახარიას რომ დაინახავდა, ეს წითელი ნაჭერივით იქნებოდა იმის ფონზე, როცა "ოცნების“ მიტინგზე ივანიშვილით დაწყებული, გახარიას ყველამ "გადაუარა“, მას მოღალატე უძახეს და დაიქადნეს, პასუხს აგებსო. ახლაც არის რაღაც მინიშნებები, რომ გახარიამ პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად, თუმცა არავინ იცის, რეალურად პირველმა ვინ დაიწყო კონფლიქტი. აქ ჩვენ კი ვხედავთ ძალადობის გამოყენების რაღაც ტრენდებს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ამოვარდნილი შემთხვევებია, ეს უფრო მეტად აიხსნება ნევროზული გაურკვევლობით "ოცნების“ შიგნით და არ ჰგავს კარგად დაგეგმილ მოქმედებებს, რაც მერე ცუდად სრულდება ხოლმე.

"ტიტუშკები“ რომ გამოვარდნენ დოლიძეზე და ხალხს დაერივნენ, როგორც აღმოჩნდა, ისინი მერიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ეს არის მორიგი წაგება საინფორმაციო ველზე. ყოველ ახალ ჯერზე "ქართული ოცნება“ ცდილობს მოიპოვოს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო უპირატესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერიოზულ დარტყმას იღებს და აქეთ მინუსებში ვარდება.

ჩემი გადმოსახედიდან, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შიგნით ნერვიულობის დონე, ხარისხი და გაურკვევლობა მაღალია, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო რაღაცების მოლოდინში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება“ მოუმატებს ამ რეპრესიებს. სწორედ ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს. აქამდე, რასაც ის აკეთებდა, არის იმ შეცდომების დამსახურება, რასაც უმრავლესობა ყოველ დღე უშვებდა, დაწყებული "რუსული კანონის" შემოღებიდან, რომელიც მას აბსოლუტურად არ სჭირდებოდა - "ოცნება“ კომფორტულად იგებდა საპარლამენტო არჩევნებს განულებული ოპოზიციის ფონზე, მას წყნარად შეეძლო, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შემოაგდო რუსული კანონი, რითაც ააყირავა მთელი სოციალური სიმშვიდე ქართულ საზოგადოებაში, მასობრივი მობილიზება გაუკეთა ახალგაზრდობას და "ოცნება“ დააპირისპირა ქართული საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული პოლიტიკური აქტივიზმით.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ყველა მიხვდა ამას, ყველა შოკში იყო, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. გამოდის "ქართული ოცნება“ (ალბათ ვიღაცამ უკარნახა ზემოდან ან გარედან) და გადაწყვეტს - მოდი, ეს ევროპული ინტეგრაციაც მოვსპოთ დღის წესრიგიდან, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოდის, მასობრივი პროტესტი არ არის, ე.ი. მოვიგეთ, მოვერიეთ, ფსიქოლოგიურად გადავტეხეთ ხალხი და ბარემ ესეც დავაყოლოთო. საბოლოო ჯამში, ხალხი ისევ გამოვარდა, ააყირავეს მთელი საქართველო და ეს 80% თუ 75%, რომელიც აქამდე ვერაფრის გარშემო ვერ ერთიანდებოდა, საერთო ჯამში გაერთიანდა იმ ფონზე, რომ ევროპული მომავალი გადაარჩინოს. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არის "ქართული ოცნების“ დამსახურება.

- რას ემსახურება მწვანე შუქის ანთება მოძალადე ჯგუფებისთვის, მოხშირებული ცემა-ტყეპა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმის აქტები, ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა, სამოქალაქო დაპირისპირებას უშვებთ?

- ეს ემსახურება იმ სურათის გავრცელებას საზოგადოებაში, რომ მაინც ვერაფერს გახდებით... რეალურად, აქ უნდა მოისპოს ყველანაირი განცდა მოქალაქეებში, რომ ისინი დაცულები არიან, ან სახელმწიფო დაიცავს რაიმე სამართლებრივი გზით. მასობრივად ვხედავთ, რომ დღეს ვიღაცებს სცემენ, მაგრამ ამისთვის მათ პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს, ამას მასობრივი ხასიათი აქვს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. ბუნებრივია, მკაფიოდ ყალიბდება ის სურათი, რომ სახელმწიფო და კრიმინალი თანამშრომლობენ და ამ ყველაფერს სასამართლოთი ხელს აფარებენ. ანუ აბსოლუტურად დაუცველობის განცდა ჩნდება სახელმწიფოში. ბუნებრივია, ეს აგდებს ფსიქოლოგიურად წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, მორალს და ა.შ. ეს კარგად გააზრებული მიდგომაა.

რაც ხდება სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციასაც არ ჰგავს, ეს არის ბრძანებამიღებული გარკვეული ჯგუფები, რომელთა ვინაობა ცნობილია, ისინი თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და არანაირი საზოგადოებრივი მუხტი არ არის იქითა მხარეს, რომ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მეორე მხარეს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს და დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებს. ეს მუხტი იქითა მხარეს არ არსებობს, ამიტომ არანაირი მინიშნება სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. პირიქით, ჩემი გადმოსახედიდან ეს ნიშანია იმისა, რომ რაც კი რეპერტუარში ბერკეტები და რესურსები აქვს, დე ფაქტო ხელისუფლება თანდათანობით კლასიკურად მათ ამოწურვაზე მიდის იმიტომ, რომ "ტიტუშკების“ გამოყენება, დაპირისპირების იმიტაციის შექმნა, ეს არის ავტორიტარული სისტემების კლასიკური რეპერტუარი.

პროტესტი თუ არ განელდა, მისი მასშტაბი თუ უფრო გაიზარდა, ბუნებრივია, ხელისუფლება მარტო "ტიტუშკებით" ვერაფერს გახდება და ამ პროტესტის ჩასახშობად ეცდება, სხვა მეთოდებს მიმართოს (ხისტი ძალის ფართომასშტაბიან გამოყენებას ვგულისხმობ). იმის ფონზე, აქ რა მოვლენებიც განვითარდება - ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, არ გეგონოთ, რომ "ქართული ოცნება“ ძალიან კონსოლიდირებულია და მკაფიოდ იცის, მომავალში რა მოელის, ასე ნამდვილად არ არის. ეს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, რომელსაც მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური იზოლაცია დასავლეთიდან, ძალიან სერიოზულად არყევს ზოგადად "ქართული ოცნების“ სიმყარეს. ვფიქრობ, ახლა რაღაცნაირად გარდამავალ პროცესში ვართ - ერთის მხრივ, საპროტესტო მოძრაობა იძულებული იქნება დაფიქრდეს, რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მარშებმა თავი ნელ-ნელა ამოწურეს. მათ კარგი რამ ქნეს, საზოგადოება შეაჩვიეს გეგმაზომიერ დაორგანიზებას სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, ეს ეტაპი გარკვეულწილად გავიარეთ და საჭირო იქნება ახალი ეტაპის გავლა.

- რა იქნება ეს ახალი ეტაპი?

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ეტაპი უნდა იყოს საპროტესტო მოძრაობის მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდა იმიტომ, რომ ეს თუ არ მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ იგრძნობს თავს წნეხის ქვეშ და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ამ რეჟიმში ფუნქციონირებას იმის მოლოდინით, რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო-ბოლო შეეგუება ამ ვითარებას, ზოგი წავა და ასე, ხახვივით შერჩებათ ხელისუფლება.

იმ გადმოსახედიდან, რომ არცერთი ავტორიტარული რეჟიმი (რომელშიც ვიმყოფებით) თავისი ნებით ხელისუფლებას არ თმობს, ის ყოველთვის შეეცდება ბოლო მომენტამდე იმოქმედოს მეტი კონსოლიდაციისა და გამყარებისთვის, ამიტომ ბრძოლა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამძაფრდება, ის შეეცდება რაღაც რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებას აქ, რაც წარმოუდგენელია მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გაძლიერების გარეშე. ბუნებრივია ამას თან დაჰყვება ძალადობის ბერკეტი, "ტიტუშკები“ იქნება ეს, ნიღბიანი ძალოვნები თუ სხვა, ოღონდ ამ პროცესის პარალელურად იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესი. ჩვენ გვაქვს ორი პროცესის კონკურენცია, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან შეჯიბრშია - რამდენადაც მკაცრდება ავტორიტარული რეჟიმის, ხელისუფლების კონსოლიდაციის და რეპრესიების პროცესი, ამის პირდაპირპროპორციულად თუ გაიზარდა სახალხო და სამოქალაქო პროტესტი, იქ გამოჩნდება, ვის ეყოფა რესურსი და ფსიქოლოგიურ-მორალური გამძლეობა. უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება ამ ორ კონკურენციაში მყოფ პროცესს შორის, სად უფრო მეტი ნება, რესურსი, კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა იქნება შიგნით, თუ - გარეთ. სწორედ ეს ინგრედიენტები განაპირობებს რომელიმე მხარის წარმატების მიღწევას.