ავტორი:

"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს

"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს

უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის მომავალი პირველი ლედი თეთრ სახლში მეორეხარისხოვანი როლით ამჯერად აღარ დაკმაყოფილდება. მელანია, ფაქტობრივად, მტკიცედ აპირებს, სადავეები ხელში აიღოს და გარკვეულ საკითხებში მთავარი როლი იკისროს.

გასული კვირის ხუთშაბათს, 57 წლის ყოფილი მოდელი იორდანიის დედოფალ რანიას Palm Beach-ში, ტრამპების მარ-ა-ლაგოს მამულში შეხვდა.

დიდი ხნის მეგობრები ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა...

დედოფლის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, როგორ სვამენ ყავას და საუბრობენ მელანია და რანია. საინტერესოა, შეძლო თუ არა დოკუმენტური ფილმის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც მელანიას ნოემბრიდან დაჰყვება თან, მათი საუბრის გადაღებაც.

დიახ, ყოფილმა და მომავალმა პირველმა ლედიმ, როგორც იტყობინებიან, მილიარდერი ჯეფ ბეზოსის Amazon-თან 40 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა და დოკუმენტური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი მელანიას საქმიანობას აღწერს და მასში მეუღლე დონალდი და ვაჟიშვილი ბარონიც მონაწილეობენ.

მელანია პარალელურად, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ამაში რა თანხას აიღებს, თუმცა ანაზღაურება, სავარაუდოდ, მაღალი იქნება.

ეს ყველაფერი საკმაოდ განსხვავდება მელანიას პირველი ოთხი წლისგან, რაც მან თეთრ სახლში გაატარა. 2017-2021 წლებში საჯარო ღონისძიებებს ძალიან იშვიათად მასპინძლობდა, კიდევ უფრო ნაკლებად მედიასთან ჩნდებოდა და ძირითადად, თვალთახედვის მიღმა ამჯობინებდა დარჩენას.

Daily Mail-ისთვის ექსკლუზიურად გამხელილი ინფორმაციით, მელანია ამჯერად მეტ აქტიურობას აპირებს - სურს, პროცესებზე მეტი კონტროლი აიღოს და მიიღოს ის, რაც, მისი აზრით, მასვე ეკუთვნის.

“ფული მისი ნომერ პირველი პრიორიტეტია”, - განაცხადა წყარომ, რომელიც პირველი ლედის აზროვნების სტილს კარგად იცნობს.

ცნობილია, რომ მელანიამ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდებს შორის დრო ბიზნეს სამყაროში დაბრუნებას მოახმარა.

2021 წლის დეკემბერში მან NFT-ები - ციფრული ხელოვნების ნიმუშები გაყიდა. ნაკრების კოლექტიური სახელწოდება “მელანიას ხედვა” იყო, შემოსავლის ნაწილი, როგორც იტყობინებიან, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების დახმარებისკენ იყო მიმართული.

პირველი ლედი ასევე დაკავებული იყო საშობაო დეკორაციებისა და სამკაულების გაყიდვით. მან მემუარებიც გამოსცა, რომელიც New York Times-ის ბესტსელერი გახდა. როგორც იტყობინებიან, წიგნისთვის დიდი ავანსი არ აუღია, თუმცა სავარაუდოდ, მოზრდილ საავტორო ჰონორარებს იღებს.

“მას ყოველთვის სურდა, გონიერ საქმიან ქალად აღექვათ”, - განაცხადა წყარომ.

არსებული ინფორმაციით, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე მელანიამ ექვსნიშნა ჰონორარი მიიღო.

თანხის ოდენობა ფინანსურ დეკლარაციაში გამჟღავნდა, რომელიც ტრამპმა აგვისტოში შეავსო. მასში ნაჩვენები იყო, რომ მეუღლის სასარგებლოდ ფონდების მოზიდვის ღონისძიებაზე, რომელიც აპრილში, Log Cabin Republicans-მა მოაწყო, მელანიას “სიტყვით გამოსვლისთვის” 237 500 დოლარი გადაუხადეს.

თუმცა, პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელმაც ჩეკი გასცა, კვლავ საიდუმლოდ რჩება.

ეთიკის ექსპერტები ამ ცნობით გაოცებულნი არიან.

“ეს საკმაოდ ეგოისტურად ჩანს. ჩემი ზოგადი დაკვირვებით, ასეთი რამ ხშირად არ ხდება”, - განაცხადა ვირჯინია კანტერმა, ორგანიზაციის Citizens for Responsibility and Ethics-ის ეთიკის მთავარმა მრჩეველმა.

უდავოა, სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მელანია ამჯერად თეთრ სახლში მეორე ვადით ყოფნიდან სარგებლის მიღებას შეეცდება, მორალურ კითხვებს აჩენს, თუმცა, არა სამართლის თვალსაზრისით.

კონსტიტუციის ანაზღაურების მუხლი არჩეული ფედერალური თანამდებობის პირის მიერ საჯარო პოზიციიდან მოგების მიღებას კრძალავს, მაგრამ პირველი ლედის პოზიცია საპატიო თანამდებობაა, რომელიც კონსტიტუციაში თუ ფედერალურ კანონმდებლობაში ნახსენები არ არის.

როდესაც მელანია ტრამპი პირველი ვადის დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა, მისი გამოჩენა ხშირად პიარის ჩავარდნებად იქცეოდა ხოლმე, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი 2018 წლის ივნისში, მიგრანტი ბავშვების დაკავების ცენტრში ვიზიტისას მოხდა.

  • პირველი ლედი არმიის მწვანე ქურთუკში იყო გამოწყობილი, ზურგზე კი, თეთრად ჰქონდა წარწერა: “მე მართლა არ მადარდებს. შენ?”

კრიტიკული მედია გაშუქების, უამრავი სტატიისა და არაერთი ვარაუდის შემდეგ, თუ რას ნიშნავდა წარწერა, რამდენიმე თვეში, მელანიას პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ქურთუკს “ფარული მნიშვნელობა” არ ჰქონია. თუმცა, წლების შემდეგ, თავის მემუარებში, მელანიამ დაწერა, რომ ის მართლაც შეიცავდა ფარულ გზავნილს.

“გადაწყვეტილი მქონდა... არ მიმეცა მედიის ყალბი ნარატივებისთვის საშუალება, გავლენა მოეხდინათ ჩემს მისიაზე, დავხმარებოდი საზღვარზე მყოფ ბავშვებსა და ოჯახებს”, - აღნიშნა მან.

მელანია მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ხშირად უტრიალებს და, შესაძლოა, საფუძვლიანადაც.

ტრამპის პირველი ვადის დროს, კრიტიკოსები მას გულგრილ ადამიანად ახასიათებდნენ. ერთ მომენტში, ინტერნეტ ტროლებმა წამოიწყეს მოძრაობა: “გაათავისუფლეთ მელანია”. ამით მათ გააღვივეს შეთქმულების თეორია, თითქოს მისი მეუღლის პოლიტიკური ამბიციების გამო, პირველი ლედი მძევლად იყო აყვანილი.

“ტრამპების უდიდესი შიში ცუდი პრესაა. მათ სძულთ პრესაში უარყოფითად გამოჩენა. ისინი ამაზე აკვიატებულადაც კი ფიქრობენ”, - განუცხადა წყარომ გამოცემას

ახლა მელანია ხაზს უსვამს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება.

Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში, მან ამ თემაზე უჩვეულო გულახდილობით ისაუბრა.

“ვგრძნობ, რომ ხალხმა, არ მიმიღო. არ მქონდა დიდი მხარდაჭერა. შეიძლება, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ”, - ხაზი გაუსვა პირველმა ლედიმ.

როგორც ჩანს, მეორე ვადისთვის მელანია ბევრად უკეთაა მომზადებული.

“ჩემი აზრით, ის გრძნობს, რომ უკეთ იცნობს არსებულ საფრთხეებს და იცის, თუ რა არ უნდა გააკეთოს”, - აღნიშნა დოქტორმა კეთრინ ჯელისონმა, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც პირველი ლედების ექსპერტია.

“ვიცი, სადაც მივდივარ. კარგად ვიცი ის ოთახები, სადაც ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც მთლიანი პროცესი”, - უთხრა მელანიამ Fox News-ს.

წყარო