ავტორი:

471-დღიანი ტყვეობის დასასრული - 3 მძევალი ქალის უმძიმესი თავგადასავალი: გატაცების საშინელი წუთები, მოკლული მეგობრები, დაკარგული თითები... და დაბრუნების სიხარული

471-დღიანი ტყვეობის დასასრული - 3 მძევალი ქალის უმძიმესი თავგადასავალი: გატაცების საშინელი წუთები, მოკლული მეგობრები, დაკარგული თითები... და დაბრუნების სიხარული

ისრაელ-"ჰამასის" საკმაოდ მყიფე შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს - ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი, "ჰამასმა" კი 3 მძევალი გაათავისუფლა.

კვირას, 19 იანვარს, 17:56 საათზე ცნობილი გახდა, რომ ტყვეობის 471 დღის შემდეგ, 24 წლის რომი გონენი, 26 წლის ემილი დამარი და 31 წლის დორონ შტაინბრეხერი ისრაელში დაბრუნდნენ.

18:24 საათზე კი IDF-ის პრესსამსახურმა განაცხადა კიბუც-რეიმში, მიმღებ ცენტრში გათავისუფლებული მძევლები დედებს შეხვდნენ.

20:07 საათზე ტყვეობაში გადარჩენილები ვერტმფრენით გადაიყვანეს შებას საავადმყოფოში.

ვინ არიან გათავისუფლებული მძევლები?

  • 24 წლის რომი გონენი გაიტაცეს 2023 წლის 7 ოქტომბერს, კიბუც რეიმთან ახლოს ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან. დილის 6:30 საათიდან ის განუწყვეტლივ ესაუბრებოდა დედას მეირავ ლეშემ-გონენს ტელეფონზე. 10:15 საათზე კავშირი გაწყდა. დედის ბოლო შეტყობინება ქალიშვილის ტელეფონზე იყო შემდეგი: "რომი, მე შენთან ვარ, შენი დედა..." გოგონამ ამის წაკითხვა ვერ მოასწრო... გატაცების კადრებში ჩანს, რომ რომი ტერორისტებმა მანქანაში ჩატენეს, რომელშიც კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი მოკლეს, მათ შორის გოგონას ახლო მეგობარი გაია ხალიფა. ამავე მანქანაში მოკლეს ოფირ ცარფატიც (მისი ცხედარი 2023 წლის ნოემბერში დააბრუნეს).რომი გასულ წელს, პირველი გარიგების ფარგლებში უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ 1-ელ დეკემბრის ღამეს შეთანხმებები გაუქმდა და გოგონა ღაზაში დარჩა.
  • 25 წლის ემილი თეჰილა დამარი, რომელსაც ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა, გაიტაცეს თავისი სახლიდან კიბუც კფარ აზადან 2023 წლის 7 ოქტომბერს. ცოტა ხნით ადრე მასთან დასარჩენად მისი მეგობარი გალი ბერმანი მივიდა - ისინი ერთად გაიტაცეს. "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმამდე გოგონებმა სელფი გადაიღეს, რომელიც გალის დედას გაუგზავნეს. მან ფოტო მაშინ მიიღო, როცა გოგონები უკვე ტყვეობაში იყვნენ. ემილის დედა, მენდიც თავის სახლში იყო კიბუცში. ტერორისტებმა მოკლეს მისი ძაღლი, მაგრამ ვერ შეძლეს ქალის პოვნა, რომელიც ერთ-ერთი ოთახში იმალებოდა.
  • 31 წლის დორონ შტაინბრეხერიც კიბუც კფარ აზადან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. მოგვიანებით მისმა დამ იამიტმა თქვა, რომ ის დორონს ესაუბრებოდა მთელი დილა. დაახლოებით 11:00 საათზე მისგან მიიღო ბოლო შეტყობინება: "დამიჭირეს". ტყვეობის 107-ე დღეს "ჰამასმა" ფსიქოლოგიური წნეხისთვის მისი ვიდეო გამოაქვეყნა. პროფესიით დორონი ვეტერინარი მედდაა. სიმონე - დორონის დედა, სულ ამბობდა, რომ ეშინოდა ქალიშვილის ჯანმრთელობის გამო, ახალგაზრდავ ქალი ტყვეობამდე რეგულარულად გადიოდა მკურნალობის კურსებს და იღებდა მედიკამენტებს.

"სად არის დედაჩემი?“ - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც რომიმ დასვა, როცა ის მძევლების მიმღებ ცენტრში მიიყვანეს.

რომი დედასთან ერთად
რომი ბებიასთან ერთად

მეირავ ლეშემ-გონენი, რომელიც მძევლების გათავისუფლებისთვის ბრძოლის აქტივისტი იყო, ორ სხვა დედასთან ერთად სწორედ ამ ცენტრში ელოდა შვილს.

დედებისა და ქალიშვილების გაერთიანება - ცრემლები, ბედნიერება, ემოციების ზღვა...

შეხვედრისას რომიმ ემილი დამარის დედას უთხრა: "ვერც კი წარმოიდგენთ, ვინ იყო თქვენი ქალიშვილი ჩემთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში“.

როგორც გაირკვა, ორივე გოგო მძევლობაში ერთად ჰყავდათ გამოკეტილი.

მშობლებთან ემოციური ჩახუტების შემდეგ, აწ უკვე ყოფილ მძევლებს შეხვდნენ "ცახალის" წარმომადგენლები, ექიმები და ფსიქოლოგები.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც არასოდეს შეუწყვეტია ემილისთვის ბრძოლა ამ საშინელი განსაცდელის განმავლობაში, ვისაც არასოდეს შეუწყვეტია მისი სახელის გამეორება ისრაელში, ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში“, - თქვა ემილის დედამ, მენდიმ ქალიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მალევე ემილი ოჯახს ვიდეო ზარის საშუალებით ესაუბრა. ფოტოზე ჩანს, რომ გოგონას ხელი ბინტით აქვს შეხვეული და ორი თითი აკლია. მალევე ცნობილი გახდა, რომ ემილიმ თითები დაკარგა "ჰამასის" ტერორისტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, ტყვეობაში მას ვერ უმკურნალეს და თითების მოჭრა გახდა საჭირო.

ემილი დედასთან ერთად

გათავისუფლებული გოგოები, დედებთან ერთად, ვერტმფრენით გადაიყვანენ ისრაელის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მათ გამოკვლევები ჩაუტარდებათ. შებას საავადმყოფოში გოგოებს ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ. მათ საავადმყოფოს გარეთ ასობით ადამიანი ულამაზებდა გზებს, გულშემატკივრობდნენ და სიმღერებს უმღეროდნენ.

ემილი დამარის მეგობრებმა მე-12 არხს უთხრეს, რომ გოგონა მათ მანქანის ფანჯრიდან მიესალმა, როცა ღაზის საზღვრიდან ვერტმფრენით ჩამოსვლის შემდეგ საავადმყოფომდე მანქანით გადაჰყავდათ.

”ის ბედნიერი, მებრძოლი და ძლიერია”, - თქვა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა.

სამივე საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება, გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის. საავადმყოფოს დირექტორმა ექიმმა იელ ფრანკელ-ნირმა თქვა, რომ მათი ფიზიკური მდგომარეობა საკმარისად დამაკმაყოფილებელი ჩანდა, შესაბამისად, რამდენიმე საათით გადაიდო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. რათა ისინი ახლობლებს შეხვედროდნენ...

დორონ შტაინბრეხერი ოჯახთან შეხვედრისას

  • გათავისუფლების პროცესი და "ჰამასის" ცინიკური პროპაგანდა

გათავისუფლების პროცესი 4 საათზე დაიგეგმა. მხოლოდ 17:09 საათზე მიიღეს შეტყობინება ღაზის სექტორიდან, რომ "ჰამასმა" რომი, ემილი და დორონი გადასცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებს. გადაცემის ადგილზე გადაღებული კადრები გვიჩვენებს, რომ ტყვეები დამოუკიდებლად გადმოდიან მანქანიდან და დახმარების გარეშე მიდიან წითელი ჯვრის მანქანისკენ. მალე IDF-მა და შინ ბეტმა დაადასტურეს, რომ კოლონას მძევლები ისრაელის სამხედროებთან მიჰყავდა.

დაახლოებით 17:40 საათზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი გადასცეს IDF-ს.

მალევე ოფიციალური განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია: "მთავრობა დგას სამი გათავისუფლებული მძევლის გვერდით. მათ ოჯახებს ეცნობათ, რომ რომი, ემილი და დორონი გადაეცათ ჩვენს უსაფრთხოების ძალებს".

განთავისუფლებამდე "ჰამასმა" ისრაელელებს გადასცა "სამახსოვრო ტომარა", რომლის შინაარსი მოგვიანებით გაირკვა. როგორც გაირკვა, მძევლების გათავისუფლების მთელი პროცესი გადაიღო "ჰამასის" ოპერატორმა ღაზაში - იმ მომენტიდან, როდესაც მათ გადასცეს "გათავისუფლების სერტიფიკატი" და "სასაჩუქრე პაკეტი". ვიდეო გაკეთებულია იმ დროს, როდესაც ქალები ჯერ კიდევ ღაზაში, ტერორისტების შეიარაღებული ბრბოს გარემოცვაში იყვნენ. ცინიკურ "სამახსოვრო პაკეტში" ასევე იყო ღაზის სექტორის რუკა და ტყვეობის დროს გადაღებული მძევლების ფოტოები.

ისრაელმა "ჰამასის" ამ ჟესტს უწოდა "ცინიკური ფსიქოლოგიური მანიპულირება მძევლებით, რომლებსაც თავისუფლება წაართვა მხეცმა ადამიანის სახით ".

  • ავტორი: მიხეილ ხაჩიძე