თანამედროვე სწავლების პროცესში თამაშების ინტეგრირება ის სტრატეგიაა, რომელიც მონაწილეების ჩართულობას ზრდის და აქტიური სწავლების პროცესს უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით “მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი თამაში "ოპერაცია ინფექცია" შექმნა. თამაში, რომელიც პოინტერის ინსტიფტუტის ფაქტების გადამოწმების ქსელის (IFCN) 2024 წლის კონფერენციის Globalfact11-ის ყველაზე კრეატიული ფორმატის ჯილდოს მფლობელია, საბჭოთა პროპაგანდის მეთოდების იდენტიფიცირების სწავლებას ისახავს მიზნად და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა.
თამაშის იდეა KGB-ს ოპერაცია „დენვერს,“ იგივე „ოპერაცია ინფექციას“ უკავშირდება და ის 4 ეტაპისგან შედგება: I საფეხურზე თამაშის მონაწილემ KGB-ში შესაღწევად საბაზისო შეკითხვებს უნდა უპასუხოს, II საფეხურზე ინფორმაციული ოპერაცია უნდა დაგეგმოს, III ყალბი სტატია თავად უნდა შექმნას, ხოლო IV, ფინალურ ეტაპზე ის კოორდინირებულად სხვადასხვა ქვეყანაში გაავრცელოს.
თამაშთან ერთად მედიის განვითარების ფონდმა პედაგოგებისთვის და ტრენერებისთვის საგაკვეთილო გეგმა შეადგინა და დამხმარე სასწავლო რესურსები შექმნა.
“საგაკვეთილო გეგმა ითვალისწინებს როგორც დამოუკიდებელ მუშაობას, ასევე თამაშის მეშვეობით ცოდნის შემოწმებას და რეფლექსიას პედაგოგის მხრიდან, - ამბობს თამარ კინწურაშვილი, რომელმაც სასწავლო რესურსების შექმნაზე იმუშავა.
“დამხმარე სასწავლო მასალები, რომლებიც პედაგოგებისთვის მოვამზადეთ, მათ ისეთი ტერმინების განმარტებას სთავაზობს, როგორიცაა აქტიური ღონისძიებები, მესამე მხარის ტექნიკა, ინფორმაციული ოპერაცია და სხვა. ასევე გზამკვლევში მოცემულია ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მასალები თავად შიდსის ვირუსის წარმომავლობასთან და მეცნიერულ მტკიცებულებთან დაკავშირებით”, -დასძენს ის.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMediaDevelopmentFoundation%2Fvideos%2F1301520254372355%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ნინო ქოთოლაშვილი, ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მასწავლებელია, ასევე თანამედროვე საქართველოს ისტორიის კვლევების მიმართულებით, საბჭოთა წარსულის მკვლევარიც. ის „ოპერაცია ინფექციის“ წესებს სრულად გაეცნო და მოსწავლეებთან მომავალი კვირიდან მის განხორციელებას დაიწყებს.
ნონო ქოთოლაშვილი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და ახალ თამაშზე გვესაუბრა.
_ ინგლისურენოვან პროგრამაზე კულტურის კვლევებისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ვარ. ასევე, ქართული პროგრამის ფარგლებში უკვე მომავალი სემესტრიდან პროექტების კოორდინატორი ვიქნები. საერთოდ, არასამთავრობო სექტორიდან მოვდივარ, 2 წელი კრეატიული განვითარების ცენტრშიც არაფორმალური განათლების მიმართულებით იმ საშუალებებს, თამაშებს, საგანმანათლებლო რესურსებს ვნერგავდით, რაც მონაწილეებს კრეატიული სწავლების ხერხებს სთავაზობდა. იქაური გამოცდილება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მას ჩემი პროფესიაში, ბავშვებთან სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვის პროცესშიც აქტიურად ვიყენებ.
_ სამაგიდო ან ონლაინ თამაშის დანერგვა სასკოლო განათლებაში რას ემსახურება?
_ მოგეხსენებათ, XXI საუკუნე ციფრული ეპოქაა, როცა პედაგოგი მოსწავლეს მხოლოდ კალმით და რვეულით ვეღარ დააინტერესებს. ეს საშუალებები იმისთვისაა, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაზარდოს და სასწავლო პროცესი მეტად ინტერაქციული გახადოს. ასეთი თამაშები მოსწავლეებში ავითარებს გუნდურობას, პასუხისმგებლობას, სასწავლი მასალის ეფექტიანად ათვისებას. „ევროპული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც ეს არის - ტექნოლოგიები და ინოვაციური სწავლება და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ.
_ რას წარმოადგენს თამაში „ოპერაცია ინფექცია?“
_ ის რესურსი, რასაც „ოპერაცია ინფექცია“ ჰქვია, მედიის განვითარების ფონდმა შექმნა. ეს მასწავლებლებისთვის დამატებითი რესურსია იმისთვის, რომ თავიანთი საკლასო გარემო უფრო საინტერესო გახადონ და ბავშვები მეტად დააინტერესონ... ჩვენი სკოლის თითოეული მასწავლებლისთვის მსგავსი უნარების განვითარება არა თუ მიზანშეწონილი, სავალდებულოცაა. ჩემთვის კი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ მედიაწიგნიერების უნარები ჩვენს მოსწავლეებში განვავითაროთ. ამიტომ მასწავლებლებისთვის მსგავსი საგანმანათლებლო რესურსების შეთავაზება სასიხარულოა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს ეს თამაში ჩემს მოსწავლეებთან შევიტანო და მედიაწიგნიერების უნარებზე მეტად ვიმუშაოთ.
_ რა ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ ამ თამაშში ჩართვა?
_ გამიზნულია მაღალკლასელებისთვის (X-XI-XII კლასელები), თუმცა ვთვლი, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს მეცხრეკლასელებისთვის და თუნდაც მერვეკლასელებისთვისაც, თუ სათანადო მზაობას გამოავლენენ და თამაშში ჩართვა არ გაუჭირდებათ.
კულტურის კვლევებს ვასწავლი, თითოეულ კლასში განსხვავებული პროგრამა გვაქვს. წელს პროგრამა განახლების პროცესშია და მასში მედიაწიგნიერების და ციფრული უნარების საკითხები შევიტანეთ, რაც მედიაწიგნიერების სწავლებას უფრო ინოვაციურს ხდის. ახლა ამ საგნის ფარგლებში ვაპირებ, „ოპერაცია ინფექციის“ შეტანას.
_ როგორ უნდა მოხდეს ამ თამაშის მოსწავლეებისთვის მიწოდება?
_ მედიის განვითარების ფონდმა მოგვცა გეგმა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ და მოვაწოდოთ ინფორმაცია თამაშის შინაარსზე. შემდეგ ის პროცესი უნდა დაიგეგმოს, რომელსაც მოსწავლეები ითამაშებენ. თამაშში რამდენიმე ეტაპია გადასალახი. თითოეულის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მოსწავლე საბჭოთა წარსულის კვლევის სერტიფიკატს აიღებს.
_ ამ კუთხით შესაბამისი ცოდნა აქვთ?
_ ამ საკითხებს ინტენსიურად X-XI-XII კლასებში გადიან. თამაშით კი საკლასო ოთახში სიმულაციური რეალობა შემოგვაქვს, რაც პრაქტიკულად პრობლემის მოდელირებაა... როდესაც მაღალ კლასებში საბჭოთა პროპაგანდის პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მწვავე იყო ის და რა სახის პრობლემას ქმნიდა, სახელმძღვანელოდან ამოკრებილი ინფორმაცია შესაძლოა მოსწავლეებისთვის აქ საკმარისი არ იყოს. პრობლემის მოდელირებისთვის და ბავშვის სიმულაციურ რეალობაში მოსაქცევად კი, ეს ციფრული თამაში საკლასო ოთახში ამის შესაძლებლობას გვაძლევს.
_ ისინი თავს წარმოიდგენენ, რომ თავად არიან ამ პროპაგანდის შემოქმედები?
_ კი, რაც უფრო ამძაფრებს ამ პროპაგანდის შექმნის ხელოვნებისა თუ ტაქტიკის აღქმას და შესაძლებლობას აძლევს, გაანალიზონ რა რეალობაში, რა ხერხებით და მეთოდებით იქმნებოდა საბჭოთა პროპაგანდა. თამაშისას განცდილი კი შესაძლოა მომავალში იმაში დაეხმაროთ, თუ ოდესმე პროპაგანდის სამიზნე (გარე თუ შიდა ძალების პროპაგანდის) აღმოჩნდებიან. ექნებათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები და მარტივად ამოიცნობენ რა არის პროპაგანდა, რა არის სიმართლე, ნახევრად სიმართლე თუ ნახევრად ტყუილი. რეალურ მოცემულობაში უკვე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ადვილად შეძლებენ.
ასე შეგვიძლია აღვზარდოთ მედიაწიგნიერი მოსწავლეები, რომლებიც მომავალში იქნებიან მედიაწიგნიერი მოქალაქეები.
_ თამაში ერთ საგაკვეთილო პროცესს მოიცავს?
_ თამაში ოთხი ეტაპისგან შედგება და ერთი გაკვეთილის განმავლობაში სრულიად ესწრება. თუ მოსწავლემ წინასწარ იცის მისი წესები, თავს მარტივად გაართმევს. ნებისმიერი გაკვეთილის გეგმას მათ ელექტრონული, ციფრული, საკომუნიკაციო საშუალებებით წინასწარ ვუტვირთავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. თავად თამაში აზარტული პროცესია და თითოეული ეტაპი გარკვეული რაოდენობის კითხვას მოიცავს, რომელსაც სწორად უნდა გაეცეს პასუხი. სავარაუდო პასუხებს დაკლიკებით შეძლებენ.
_ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გასცემენ პასუხს?
_ ამ შემთხვევაში თამაში დამატებით შეკითხვებს გთავაზობს, ანუ დამატებით შესაძლებლობას, რომ დახურო ესა თუ ის ეტაპი. ეს მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავების კუთხით მორიგი შესაძლებლობა, კარგი საშუალებაა და ყველა მოსწავლეს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. თამაშის გავლის შემთხვევაში მოსწავლე საბჭოთა პროპაგანდის მეთოდების მკვლევრის სერტიფიკატს იღებს.
_ თანამედროვე საქართველოს ისტორიის შესწავლისას მართლაც მნიშვნელოვანია KGB-სა და საბჭოთა პროპაგანდის ეტაპის ცოდნა...
_ დიახ... ჩვენმა ქვეყანამ 70 წელი ამ რეალობაში იცხოვრა. პრობლემა ის იყო, რომ მოქალაქეები პროპაგანდის მსხვერპლნი ისე ხდებოდნენ, ამას ვერც აანალიზებდნენ. იმ პროპაგანდას როგორც მოცემულობას ისე იღებდნენ და ვერც ხვდებოდნენ სინამდვილეში რასთან ჰქონდათ საქმე.
სამწუხაროდ ის პროპაგანდა ინერციით, საბჭოთა წარსულისგან გადმოგვეცა. დღე პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ, იმავე მესიჯბოქსების გამოყენებას... სამოქალაქო საზოგადოება კი ამის წინააღმდეგ იბრძვის... მსგავსი თამაში მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ის შეცდომები, რაც წარსულში თაობებმა დაუშვეს, აღარ გაიმეორონ; არ გახდნენ პროპაგანდისტული მესიჯების მსხვერპლნი, რომ მომავალში უფრო გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღონ. საბჭოთა დროს მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, განათლება, უნარები, რომ ეს პროპაგანდა ამოეცნოთ. დღეს ასეთი თამაშები, რომელიც გვამოგზაურებს KGB-ს საიდუმლო ლაბირინთებში, შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებმა მეტად გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
_ თქვენი სკოლის სხვა მასწავლებლებიც ჩაერთვებიან?
_ მედიის განვითარების ფონდმა „ოპერაცია ინფექციასთან“ ერთად, ასევე გადმომცა „ცივი ომის თამაშები”... „ევროპული სკოლა“ დიდია, სამი პროგრამა გვაქვს... ჩემი ერთ-ერთი მიზანია, ეს თამაში მასწავლებლებსაც გავაცნო - კოლეგებიც გადავატრენინგო, რათა საკლასო ოთახებში მისი გამოყენება მათაც შეძლონ, რადგან 2000 მოსწავლეს მხოლოდ ჩემი რესურსი ვერ გასწვდება.
R