ავტორი:

მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."

მარკო რუბიო უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია - ამ თანამდებობაზე მისი პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე: "აგრესორი რუსეთია, მაგრამ..."

აშშ-ის სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორებმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს.

რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ის დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდა.

მან ამ თანამდებობაზე პირველი მნიშვნელოვანი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს.

მარკო რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.

ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს ახალი სახელმწიფო მდივნის სიტყვები, რომ ომის დასრულების კონკრეტულ დროს ვერ დაასახელებს, თუმცა, როცა ორ მხარეს შორის, რომლებიც თავის მაქსიმალურ მიზნებს ვერ აღწევენ, კონფლიქტის შეწყვეტაზეა საუბარი, თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა.

"გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს, ასევე, რთული იქნება. რთული საკითხებია. ვადების დადგენა არ შემიძლია, მაგრამ ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერცერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.

"ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ მალე აპირებს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ტრამპს მიზნად გამოცხადებული აქვს მოლაპარაკებების გზით უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.

იხილეთ ასევე: