თურქეთში გლოვის დღეა გამოცხადებული - ქვეყანაში პოპულარულ სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 76 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არკვევენ იმასაც, იყო თუ არა სასტუმრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი. დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლუს ოთხშაბათს ეწვია. მისი განცხადებით, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფასებენ შენობის ყველა რისკს, მათ შორის ნგრევის შესაძლებლობას.
ჯანდაცვის მინისტრის ქემალ მემისოღლუს თქმით, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი რეანიმაციაში რჩება, 17 კი გაწერეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბოლუს გუბერნატორ აბდულაზიზ აიდინის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულის რესტორნის განყოფილებაში გაჩნდა და ზემოთ სართულებზე გავრცელდა. სასტუმრო დასახლებული ადგილიდან მოშორებით მდებარეობდა, ამიტომ სახანძრო მანქანების ჩამოსვლას საათზე მეტი დასჭირდა.
ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, კატასტროფამდე სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ ყოფილა. თუმცა, თურქ ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირმა (TMMOB) განაცხადა, რომ რეგულაციების თანახმად, საჭირო იყო ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც შენობაში დამონტაჟებული არ ყოფილა. ზოგიერთი გადარჩენილის თქმით, არ ჩართულა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია.
ხანძრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება გრძელდება, თუმცა ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ახალგაზრდაა. ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე წევრია გარდაცვლილი.
Turkish Airlines-მა დაადასტურა, რომ ზეჰრა სენა გიულტეკინი მეუღლესთან, ბიზნესმენ ბილალ გიულტეკინთან და სამ შვილთან ერთად გარდაიცვალა. ბოღაზიჩის აღმასრულებელი ფონდის განცხადებით, ბილალის და-ძმაც დაიღუპა.
გარდაცვლილებს შორის არიან ექიმი ენეს გიულტეკინი, სტომატოლოგი კუბრა ტონგუჩ ალტინთან და მისი ქალიშვილი ალია - საერთო ჯამში გიულტეკინის ოჯახის 10-ზე მეტი წევრი დაიღუპა.
თურქეთის ქარის ენერგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი წევრის, Inovat Energy Storage Solutions-ის ორი აღმასრულებელი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან სასტუმროს თანამშრომლები, მათ შორის შეფ ესლემ უიანიკი. ასევე პროფესორი ატაკან იალჩინი და მისი ქალიშვილი ელიფ დერინი. ნედიმ თურქმენი, გაზეთ Sozcu-ს ჟურნალისტი, მისი მეუღლე აიშე ნევა და მათი ორი შვილი, 18 წლის ალა დორა და 22 წლის იუჩე ატა.
სტამბოლის ფენერბაჰჩეს სპორტული კლუბის 10 წლის მოცურავე ვედია ნილ აპაკი დედასთან ერთად დაიღუპა.
თურქეთის ნევროლოგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი წევრი, ექიმი აჰმეტ ჩეტიზი ოჯახთან ერთად გარდაიცვალა.