ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მურადოვი ბრალს არ აღირებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა.
მურადოვის დაკავების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "დაკავებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე აფხაზეთის მცხოვრებლების ფარულ სამუშაოებში ჩართვას ცდილობდა და "მხედრიონისა“ და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა“
მათი მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“, თუმცა ჩხრეკის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამგვარ ტექნიკად 2 მობილური ტელეფონი.
"კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელები არ დაუსახელებია“, - წერს Apsnypress-ი.
საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ამ ინფორმაციაზე არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებიათ