"მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად,- ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა 17 იანვარს დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
„ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები, თინა ბოკუჩავა, სოფო ნიჟარაძე, ივანა მელაი, სხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სტუმრებს და მათი საქმიანობა სახელმწიფო საქმიანობასთან ვერ იქნებოდა დაკავშირებული.“ - ამბობდა მუჯირი.
პროკურორის მიერ დასახელებული სამი ქალიდან, ორი ისევ საქართველოში ცხოვრობს, თინა ბოკუჩავა პოლიტიკაშია, სოფო ნიჟარაძე თეატრში, მომღერალი ექსპრეზიდენტთან საერთო შვილს ზრდის.
მოდით, გავიხსენოთ, სად არის ახლა ივანა მელაი, რომელიც სააკაშვილის მთავრობის დროს საქართველოში უკრაინიდან მშობლებთან ერთად გამოსახლდა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.
ქალი მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის ფავორიტად ითვლებოდა. ივანაზე ჯერ კიდევ ადრე ამბობდნენ, მას პრეზიდენტი საჩუქრებით ანებივრებდა. 2013 წელს, ჟურნალ „გზის“ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა.
- ახლა რომ გითხრა, რამდენი საჩუქარი მიმიღია და ის ადამიანებიც ჩამოვთვალო, ვინც რამე მაჩუქა, ამას შემოდგომამდე მოვუნდები (იცინის). პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ქორეოგრაფები, მხატვრები... ბევრი ადამიანი მასაჩუქრებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა...
როგორც მახსოვს, წერდნენ, რომ 900-ლარიანი საჩუქარი მივიღე. ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის (იცინის)?!. არც ის მესმის, თუ რატომ უკვირთ ჩემი შრომის ანაზღაურება. ეს თანხა შესაძლოა, ვიღაცას ბევრად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ხომ იმ თანხის მესამედია, რასაც უკრაინაში ვიღებ?! დღეს აქ, უკრაინასთან შედარებით, მეშვიდედ ჰონორარს ვიღებ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩემს მუსიკალურ კარიერას არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და ამ დროს, როცა ვიღაც 900-ლარიან საჩუქარზე დაიწყებს საუბარს, სასაცილოა...
ლომიძისთვის ივანა მესამე ცოლი იყო, პირველ ორ ქორწინებაში ორი ვაჟი უკვე ჰყავდა. წყვილმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნო, როდესაც ლომიძე მეორე ქორწინების დანგრევის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
„ერთგული ცოლი აღმოჩნდა, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც კრიზისში შევედით. ამერიკაში ვცხოვრობდით, ჩიკაგოში, მას ძალიან დიდი მიზნები აქვს. ჩვენი საერთო შვილი ნატალი - ელიზაბეტი გვყავს ბავშვი ორივესთან იზრდება. ამ ურთიერთობის კრიზისის მიზეზიც საქართველოა. მე აქეთ მინდოდა წამოსვლა.“ - ამბობდა მესამე ცოლთან დაშორების შემდეგ ლომიძე.
ლომიძე ისევ შეყვარებულია, მისი რჩეული ეკატერინე ტუღუშია. ივანა კი შვილთან ერთად ცხოვრებას ამერიკაში აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ახალი სინგლი, სახელწოდებით Tell It, გრემის მფლობელ პროდიუსერ, რეპერ და სიმღერების ავტორ Really Doe-სთან ერთად გამოუშვა. ინტერნეტპორტალ billboard-თან ამბობს, რომ მისი სიმღერა კანიე უესტმაც მოისმინა.
ივანა მელაი:
როცა სიმღერა ჩავწერეთ, უორენმა ის კანიე უესტსაც მოასმენინა, და კანიესაც მოეწონა. გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალური ვიდეოც გადაგვეღო. ეს სიმღერა და ვიდეო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ის გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, რომელსაც მუდმივად ვაწყდებოდი. ჩემი მძიმე შრომა ყოველთვის უარყოფილი იყო, და ხალხი ამბობდა, რომ ჩემ უკან კაცი იდგა, ვინც კარიერაში მეხმარებოდა. არ უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ ქალი თავადაც შეიძლება ქმნიდეს და აშენებდეს ყველაფერს!
2024 წელს, ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ტყუილით და დროა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა! ამ თავისუფლებას ამერიკაში ვგრძნობ, შემიძლია ვიყო ჩემი თავი, ვიმღერო, სადაც მინდა და გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა!
ამ ვიდეოში პირველად ვიცეკვე ისე, რომ არ მეშინოდა, რას იტყოდა ხალხი, არ მსჯიდნენ და არ მაიძულებდნენ, არ მრცხვენოდა ჩემი გარეგნობის გამო! ვამაყობ საკუთარი თავით: როგორც მარტოხელა დედა, საერთაშორისო არტისტი და ბიზნესმენი. დროა ვიამაყო და აღარ მრცხვენოდეს!
წაიკითხეთ ასევე: