ავტორი:

ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება

ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ პლატფორმის დამფუძნებელი, სადაც ნარკოტიკები და იარაღი იყიდებოდა  - როს ულბრიხტის საქმე: ორგზის მისჯილი სამუდამო პატიმრობა და სკანდალური თავისუფლება

დარქნეტ პლატფორმა Silk Road-ის ("აბრეშუმის გზა") დამფუძნებელი როს უილიამ ულბრიხტი თავისუფალია. მან 10 წელზე მეტი გაატარა საპატიმროში, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების წყალობით უკვე დატოვა. დიახ, 40 წლის ულბრიხტი, რომელსაც 2015 წელს ორი უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დონალდ ტრამპმა შეიწყალა. ეს მოხდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების მეორე დღეს.

როს უილიამ ულბრიხტი ტოვებს ციხეს

მან დარქნეტ პლატფორმა Silk Road 2011 წელს შექმნა, რომლის მეშვეობითაც იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ეფ-ბი-აის აგენეტებმა ულბრიხტი 2013 წლის ოქტომბერში სან-ფრანცისკოში, ბიბლიოთეკაში დააკავეს.

"მას ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს +კიდე 40 წელი. ეს სრული აბსურდია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social 21 იანვრის საღამოს და აღნიშნა, რომ პატიმარი "სრულად და უპირობოდ" შეიწყალა“.

აშშ-ს პრეზიდენტმა დაურეკა ულბრიხტის დედას და პირადად აცნობა ეს გადაწყვეტილება. ტრამპმა თქვა ისიც, რომ მან შეიწყალა ულბრიხტი ნაწილობრივ დედისა და ნაწილობრივ "ლიბერტარიანული მოძრაობის“ პატივსაცემად, რომელიც მისი დიდი მხარდამჭერია.

დედასთან ერთად

Reuters-ის ცნობით , ულბრიხტი არიზონoს ფედერალურ ციხეში იმყოფებოდა, რომელიც უკვე დატოვა.

"ათ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება როსს აძლევს შესაძლებლობას დაიწყოს ყველაფერი თავიდან, აღადგინოს თავისი ცხოვრება და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში“, - თქვა ადვოკატმა.

როს ულბრიხტის შეწყალება დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. მან "აბრეშუმის გზის" დამფუძნებლის სასჯელის შემსუბუქების გეგმებზე 2024 წლის მაისში ლიბერტარიანელთა ეროვნულ ყრილობაზე ისაუბრა. ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე ლიბერტარიანული პარტია მოითხოვდა ულბრიხტის გათავისუფლებას და მის საქმეს ხელისუფლების ჩარევის გადაჭარბების მაგალითს უწოდებდა.

Silk Road იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი პლატფორმა darknet-ში, სადაც ბიტკოინებით იყიდებოდა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე იარაღი და ყალბი დოკუმენტები. ულბრიხტმა ის 2011 წელს შექმნა, მაღაზია ფუნქციონირებდა 2013 წლის ჩათვლით, ანუ Silk Road-ის დამფუძნებლის დაკავებამდე. ამ ხნის განმავლობაში საიტზე დარეგისტრირდა მილიონამდე ადამიანი, მისი მომსახურებით ისარგებლა 100 ათასზე მეტმა, რომლებმაც ჯამში 214 მილიონი დოლარი დახარჯეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ არალეგალურ სივრცეში შეძენილი ნარკოტიკების გამო, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა.

2015 წელს ულბრიხტმა სასჯელად მიიღო სამუდამო მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელებაში, შეთქმულებაში, ჰაკერობასა და ფულის გათეთრებაში.

თავად ულბრიხტმა თქვა, რომ მას "სურდა მიეცა ადამიანებისთვის საშუალება გაეკეთებინათ არჩევანი, დაცული ყოფილიყო მათი კონფიდენციალურობა და ანონიმურობა ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას“.

მისი ადვოკატები კი ამტკიცებდნენ, რომ საიტის შექმნის შემდეგ მან მისი მართვა სხვა ადამიანებს გადასცა.