ჯოხარ დუდაევის ცოლი ალა დუდაევა, არის ქალი, რომელიც ბოლო წუთამდე ქმრის გვერდით იყო. ლეიტენანტზე დაქორწინდა, გენერლის ცოლი გახდა, შემდეგ კი ქვეყნის პირველი ლედი... დუდაევის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა, მაგრამ ალა დუდაევა კვლავ მისი ხსოვნით ცხოვრობს და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ არ დაივიწყონ მისი მეუღლე სამშობლოში...
საბჭოთა ოფიცრის ქალიშვილი
ალევტინა კულიკოვა (ალა დუდაევას ქალიშვილობის სახელი და გვარია) დაიბადა 1947 წელს მოსკოვის რეგიონის კოლომენსკის რაიონში ოფიცრის ფიოდორ კულიკოვისა და მისი მეუღლის ვალენტინა ივანოვას ოჯახში. მშობლებთან ერთად ის ბავშვობაში ხშირად დადიოდა სამხედრო ქალაქებში, მაგრამ ეს მისთვის სტრესული საერთოდ არ ყოფილა. პირიქით, ყოველთვის სიამოვნებდა გადაადგილება და ახალ მეგობრებთან შეხვედრა. ალა დუდაევას თქმით, მას სიამოვნებდა სამხედრო ქალაქების გარშემო ბორცვებზე ხეტიალი და პატარა ტბებში კობრის დაჭერა. სოკოების, ფიჭვის კაკლისა და კენკრის მოსაგროვებლად ციმბირის ტაიგაში გამგზავრება, ჩუკოტკაში კენკრის კრეფა და პოლარული დათვის ბელებთან თამაში კუნძულ ვრანგელზე.
ალა ყოველთვის შემოქმედებითი ადამიანი იყო, დაინტერესებული იყო მხატვრობით და სკოლის დამთავრების შემდეგ სმოლენსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ხელოვნებისა და გრაფიკის განყოფილებაში ჩაირიცხა. ქალი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და არდადეგების დროს მშობლებთან მიდიოდა შაიკოვის აეროდრომის სამხედრო ქალაქში. სწორედ იქ გაიცნო 1967 წელს ჯოხარ დუდაევი. მათი პირველი შეხვედრა ოფიცერთა სახლში ცეკვის დროს შედგა. ერთი წლით ადრე დუდაევმა წარჩინებით დაამთავრა ტამბოვის სამხედრო საავიაციო სკოლა.
წყვილის ურთიერთობა უკვე ქორწილისკენ მიდიოდა, მაგრამ ალას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ძნელი იყო ჯოხარისთვის ახლობლების დარწმუნება, რომ დათანხმებულიყვნენ, ცოლად მოეყვანა რუსი და არა ჩეჩენი ქალი. ქორწილის შემდეგ ალა ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ჩეჩნებისთვის მისაღები გამხდარიყო. ჯოხარის გულისთვის მიიღო ისლამი და ყოველთვის ცდილობდა მისთვის კარგი ცოლი ყოფილიყო. სწავლობდა ჩეჩნურ ტრადიციებს და ცდილობდა მათ დაცვას, თუმცა ყველა მათგანს არ ეთანხმებოდა.
გარდა ძლიერი სიყვარულისა, ჯოხარს ესმოდა, რომ ოფიცრის ქალიშვილი და ასევე ეროვნებით რუსი, მისი უფროსების თვალში, ჩეჩენი ოფიცრის სანდოობის დამატებითი დადასტურება იქნებოდა. ამან ფაქტობრივად დიდი როლი ითამაშა მოგვიანებით ჯოხარ დუდაევის კარიერაში. ის გახდა პირველი ჩეჩენი, რომელმაც გენერლის წოდება მიიღო.
ალა დუდაევას სამი შვილი, ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად, უყვარდა და პატივს სცემდა ქმარს, პატივს სცემდა თავისი ხალხის ტრადიციებს და ყოველთვის ახლოს იყო ჯოხარ დუდაევთან. მან არ მიატოვა მაშინაც კი, როდესაც ჯოხარი სათავეში ჩაუდგა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მიზანი იყო ჩეჩნეთის გამოყოფა რუსეთისგან.
თავად, გასაგები მიზეზების გამო, არ ჩაერთო პოლიტიკაში, მაგრამ ყოველთვის იწონებდა ქმრის პოზიციას. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ქალს ქვეყანა არ დაუტოვებია და ჯოხარ დუდაევის გვერდით იყო, როდესაც თვითმფრინავიდან რაკეტა ესროლეს და მოკლეს. ეს მოხდა 1996 წლის 21 აპრილს, ჩეჩნეთის სოფელ გეხი-ჩუში.
ალა დუდაევა, რომელიც იმ დღეს მასთან ერთად იყო წლების შემდეგ თავის წიგნში იხსენებდა: "ჩემს ფერხთით მუსა დავინახე. „ალა, ნახე, რა უქნეს ჩვენს პრეზიდენტს“. მუხლებზე ჯოხარი ეწვინა. თავიდან ვერ ვიცანი. სულ ახლახან ჩემ გვერდით იდგა, მიყურებდა და იცინოდა, ახლა კი სახე ტკივილისგან გაჰფითრებოდა. გრძნობაზე აღარ იყო. ვერაფერს ხედავდა. უკანასკნელად ამოისუნთქა. მუხლებზე დავეცი და ტანი გავუსინჯე. მთელი იყო, სისხლი არ მოსდიოდა, მაგრამ როცა თავამდე მივედი... კეფის მარჯვენა მხარეს თითებით ჭრილობა ვიგრძენი. ღმერთო, ასეთი ჭრილობით ცხოვრება შეუძლებელია, ღმერთო... თვალს არ ვაშორებდი. დრო თითქოს გაჩერდა, მეც ნელ-ნელა მასთან ერთად ვკვდებოდი“.
ჯოხარს დაბარებული ჰქონდა, თავის მშობლიურ სოფელში, საგვარეულო კოშკთან ან საგვარეულო სასაფლაოზე დაეკრძალათ, მაგრამ იქაურობა იბომბებოდა და ცხედარი ღამე, მალულად, ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას.
მოგონებებში ცხოვრება
ქმრის გარდაცვალების შემდეგ ალა ცდილობდა ქალიშვილთან და უმცროს შვილთან ერთად რუსეთი დაეტოვებინა, მაგრამ ის ნალჩიკის აეროპორტში დააკავეს. ერთი თვის შემდეგ ელცინის ბრძანებით გაათავისუფლეს და ალა გროზნოში დაბრუნდა, სადაც ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე ცხოვრობდა. ქალს სურდა ჯოხარ დუდაევის მუზეუმის შექმნა, მაგრამ როგორც კი რეგიონში ბრძოლა დაიწყო, არგუნის ხეობის გავლით საქართველოში გაემგზავრა, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა და ქართულ ტელევიზიაში მუშაობდა.
მოგვიანებით ალა დუდაევა ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად, 2004 წელს კი შვილებთან ერთად სტამბოლში ცხოვრობდა. სწორედ იქ შეხვდა ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტებს. მან უარი თქვა მათ სახლში მიწვევაზე და განაცხადა, რომ მის ოჯახში მომხდარი მოვლენების შემდეგ რუსულად საუბარი არ ესმოდა. ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ ალა დუდაევა თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან ნაქირავებ ბინაში მასთან ერთად კიდევ 14 ადამიანი ცხოვრობდა: ქალიშვილი ქმართან და სამ შვილთან ერთად, უფროსი ვაჟი ორი შვილით, რომელიც ჩეჩნური ადათ-წესების მიხედვით განქორწინების შემდეგ დედისგან წამოყვანა და კიდევ რამდენიმე ნათესავი.
მოგვიანებით, ალამ ესტონეთის მოქალაქეობის მიღება სცადა, ეს სურვილი იმით ახსნა, რომ წლების წინ, როდესაც მისი ქმარი ესტონეთში მსახურობდა, ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ ესტონეთის ხელისუფლებამ დუდაევის ქვრივის არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და ორჯერ უთხრა უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე. მოგვიანებით შვედეთში გადავიდა და სტოკჰოლმის გარეუბანში დასახლდა. ალა დუდაევას უფროსმა ვაჟმა ავლურმა მიიღო ლიტვის მოქალაქეობა და 2002 წლიდან იქ ოლეგ დავიდოვის სახელით ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით შვედეთში გადავიდა. უმცროსი დეგი ახლა საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ლიტვაში ცხოვრობს, სადაც საკუთარ კომპანიას მართავს. ქალიშვილი ცხოვრობდა სტამბულში, შემდეგ დიდ ბრიტანეთში მეუღლესთან ერთად, ბოლოს კი გერმანიაში დასახლდა.
ალა დუდაევას თქმით, მისი ყველა შვილი მამას ჰგავს, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ხასიათითაც. თავად დუდაევის ქვრივი აგრძელებს ხატვას, ზოგჯერ აძლევს ინტერვიუებს, წერს მოგონებებს ქმრის შესახებ. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ის უკრაინის მხარდაჭერას უცხადებს. ერთხელ უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯოხარ დუდაევმა ჯერ კიდევ წლების წინ იწინასწარმეტყველა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
ალა დუდაევა დიდი ხანია არ მიიჩნევს რუსეთს თავის სამშობლოდ, ინტერვიუებში ჩვეულებისამებრ აკრიტიკებს, ადანაშაულებს დემოკრატიის ნაკლებობაში და ოცნებობს ხელისუფლების დამხობაზე.