დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ უკვე ამოქმედდა და მიგრანტების ფართომასშტაბიანი დეპორტაცია დაიწყო.
გამოცემა Bild -ის ინფორმაციით, ინაუგურაციიდან სულ რაღაც 4 დღის შემდეგ, ასობით არალეგალი მიგრანტი ქვეყნიდან სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანეს. გარდა ამისა ასობით ადამიანი მექსიკის საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
მედიაში კი ვრცელდება საზღვართან გადაღებული კადრები. ერთ-ერთ-მათგანზე ჩანს როგორ ტირის ქალი მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ საზღვრის გადაკვეთას ვეღარ შეძლებდა.
ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მასობრივი დეპორტაციაა“, - წერს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ქეროლაინ ლევიტი პლატფორმა X-ზე.
NBC – ის ცნობით, ფედერალური აგენტები წინასწარ არიან ინფორმირებულნი არალეგალების შესახებ.
სააგენტო აქვეყნებს სიუჟეტს, სადაც ჩანს, რომ ფედერალურ აგენტებს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები სახლებიდან გამოჰყავთ, ავტომობილებში სვამენ და გადაჰყავთ სადეპორტაციო ცენტრებში.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს.
“ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - განაცხადა ტრამპმა.
იხილეთ ასევე: