მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებდა ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე უარის გამო გამო, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით.
“კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხელი არ მოეწერება, თუ კოლუმბია ამ შეთანხმებას დაიცავს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები იქნებოდა 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება; კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.
“ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. არ დავუშვებთ, კოლუმბიის მთავრობამ დაარღვიოს თავისი კანონიერი ვალდებულებები იმ კრიმინალების მიღებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეერთებულ შტატებში შემოუშვეს“, - დაწერა ტრამპმა.
კოლუმბია, აშშ-ის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ლათინურ ამერიკაში, შესაბამისად ტრამპის მუქარამ უკვალოდ არ ჩაიარა.