ავტორი:

"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?

"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?

ირან-ისრაელის მტრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ (რაც "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა) დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო. პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ირანის მოკავშირე დაჯგუფებები პერიოდულად თავს ესხმიან ისრაელის და აშშ-ს ობიექტებს, არის საპასუხო დარტყმებიც ისრაელის მხრიდან. "დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან“, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს . თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორ და რა შედეგებით შეძლებს ამ კონფლიქტების დასრულებას ტრამპის ადმინისტრაცია. ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ისრაელმა შესაძლოა ტრამპის წახალისებით და მხარდაჭერით ირანს დაარტყას (კერძოდ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე გაილაშქროს) და გამომდინარე აქედან, შესაძლოა დიდი ომის მომსწრენიც გავხდეთ.

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის გაჩაღების ეჭვებს აქარწყლებს, ამბობს, რომ ირანზე შეტევა ისრაელის სურვილია, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან კი ამის წახალისებას ჯერჯერობით გამორიცხავს.

- ტრამპის ადმინისტრაცია ახალია და ამ ფაზაში ომის წარმოებაში ჯერჯერობით ეჭვი მეპარება. ირანზე შეტევის ინიციატივა არა ტრამპის, არამედ უფრო ისრაელის მხრიდან იქნება. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს იმ იდეის განვითარებას, რომ ირანი ყალიბდება ბირთვულ ქვეყნად და სანამ ჩამოყალიბდება, მანამდე უნდა მოხდეს მასზე შეტევის მიტანა. შესაბამისად, ისრაელი კი ცდილობს და მომავალშიც შეეცდება ამ იდეის განხორციელებას, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა ამერიკაში ახალი მოსულია ტრამპის ადმინისტრაცია, ვფიქრობ, ჯერჯერობით ირანის წინააღმდეგ რაიმე იერიშები განხორციელებადი არ არის. ეს წელი იქნება ბევრ რამეში გადამწყვეტი, მათ შორის ირანთან მიმართებითაც და ისრაელი შეეცდება ირანის პრობლემა რამენაირად მოაგვაროს, როგორც მისთვის იქნება სასურველი. სიმართლე გითხრათ, რთული დასაჯერებელია, რომ ირანს უკვე შექმნილი აქვს ბირთვული იარაღი, ნებისმიერი ბირთვული იარაღი თავის კვალს ტოვებს და მისი საიდუმლოდ შენახვა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ცოტა რთული დასაჯერებელია. ამასთანავე, ბირთვული იარაღის მთელი აზრი არის ის, რომ ამით იწყებ ტრაბახს და აქცენტის გაკეთებას იმაზე, რომ შეტევის შედეგად მიიღებს პასუხს. ეს რომ ასე იყოს და ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, როგორც წესი, ეს სახელმწიფო წინასწარ დაიწყებდა მუქარას.

- დავუშვათ, ისრაელმა მართლა მიიტანა ირანზე მასშტაბური იერიში, რა მოჰყვება ამას, ხომ არ მივიღებთ დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში?

- მასშტაბური შეტევების შედეგად თავად ირანში რა მოხდება, ეს არის მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, ამაზე ირანი როგორ უპასუხებს. ირანის ბირთვული პროგრამების და ხელისუფლების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბურმა შეტევებმა შესაძლოა ირანში საერთოდ ჩამოშალოს ხელისუფლება. ასე არაა, რომ ირანი ამაზე უპასუხებს და ირანის ხელისუფლება მყარი იქნება, ის ძალზე სუსტია და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პერმანენტულ დაშინებასა და ძალადობაზე დგას. შესაბამისად, თუკი ისრაელმა მართლაც განახორციელა მსგავსი შეტევა, ირანის რეჟიმი თუ გადარჩა, მოუწევს გარკვეული ქმედებების განხორციელება უშუალოდ ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ღია დერეფანი უკვე აღარ აქვს ისრაელთან - საუბარი მაქვს სირიაზე, სადაც ხელისუფლება შეიცვალა, შესაბამისად, ის თავის ტერიტორიაზე ირანულ ტექნოლოგიებს არ გაატარებს, დამატებითი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად.

- რუსეთ-უკრაინის ნაწილს რაც შეეხება, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ხანგრძლივი ომი, რის დაპირებასაც დონალდ ტრამპი იძლევა?

- ეს ძალიან რთული კითხვაა. მანდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი: ვიცით, რომ ტრამპი მარტო არ მოქმედებს, მთელი ადმინისტრაცია ჰყავს და გასააზრებელია ის, რომ ნებისმიერი პოტენციური ზავი, ცეცხლის შეწყვეტა ან სხვა, რაც კონფლიქტს თუნდაც დროებით დაასრულებს, შეიძლება იყოს ძალიან მძიმე პრეცედენტის მქონე - ამით შეიძლება ჩვენ მივიღოთ ძალიან მძიმე ახალი ომები, ახალი საერთაშორისო წესრიგი, სადაც დაპყრობითი ომები შეიძლება ძალიან ბუნებრივი რამ იყოს. ამიტომ ახლა რუსეთისადმი შეგუება, მასთან მიტმასნა, რუსეთისადმი თანხმობა იმაზე, რომ მას შეუძლია უკრაინის ტერიტორია ხელყოს, ნაკლებდამაჯერებელია ამაზე ამერიკა და თავად უკრაინაც დათანხმდეს იმიტომ, რომ უკრაინა ცალკე მონაწილე მხარეა ამ პროცესში და მის გარეშე კონფლიქტს ვერავინ დაასრულებს. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა ამერიკას აწყობდეს ისეთი მსოფლიო წესრიგის მიღება, სადაც დაპყრობითი ომები დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება სურდეს ტრამპს. მარტო ტრამპიც ხომ არ წყვეტს ამ ყველაფერს? უკრაინას გარანტიები სჭირდება იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი არ განახლდეს შემდგომში და ეს გარანტიები შეიძლება იყოს უკრაინა ნატოში, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური შეიარაღების და ცოცხალი ძალის განთავსება, ანუ უკრაინის სრული მილიტარიზაცია, რასაც რუსეთი არ დათანხმდება. ასე რომ, ამ დიდი კონფლიქტის ასე ადვილად დასრულება ნაკლებად დამაჯერებელი მგონია, ასევე ვფიქრობ, რომ კონფლიქტი აქ მარტო იმაზე არ არის, რა იქნება ფრონტის ხაზზე, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი საკითხი. საერთაშორისო სამართალი ამ ფონზე ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია, საერთოდ გადარჩება თუ არა ის ამ ფორმაში, ისიც საკითხავია. ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერი დასრულება იმით, რომ რუსეთი დარჩეს დაუსჯელი, საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო მშვიდობას სრულიად დაასრულებს.

- საქართველოს პერსპექტივებზე რას იტყვით?

- საქართველო გეოპოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი გზაგამტარია, ვიდრე უკრაინა, ამიტომ საქართველოს ფასი დიდია, თან პატარა ტერიტორიაა და მასზე მსჯელობა უფრო ადვილია. ამ ეტაპზე საქართველო არ უნდა იდგეს ადმინისტრაციის დღის წესრიგში, ამით საქართველოს მნიშვნელობას კი არ ვაკნინებ, მაგრამ აშშ-ისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი გადასაჭრელი პრობლემებია. ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ტრამპი კი არ მუშაობს საქართველოზე, არამედ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული განყოფილებები, დეპარტამენტები... ასე უნდა ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს ბედი და საკითხები ტრამპის დონეზე არ წყდება, მუშაობს მთელი სტრუქტურები. საქართველო წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტერიტორიას, რომელზეც ცალკეული ქვეყნების ინტერესების განხორციელების მცდელობა იქნება, მაგრამ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონში ამერიკამ თავისი ინტერესები თუ დათმო, ეს იქნება დიდი შეცდომა მისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასე ადვილად არ მოხდება, მით უფრო, რომ საქართველოს საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის.