აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი აზრით, აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს. ის ხაზგასმით აღნიშნავს თავის მუდმივ პრეტენზიას არქტიკულ კუნძულზე და ერთხელ ამის მიზეზად "ეკონომიკური უსაფრთხოება" დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.
Ambebi.ge გრენლანდიიდან BBC-ის რეპორტაჟის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
"ვიდრე გრენლანდიის სამხრეთ წვერზე, მოტორიანი ნავით აღელვებულ სანაპირო წყლებზე და დრამატულ ფიორდებში მივცურავთ, უეცრად ჩვენ წინ დაკბილული ნაცრისფერი მწვერვალები ჩნდება.
"ეს ძალიან მაღალი, წვეტიანი მთები, ფაქტობრივად, ოქროს სარტყელია," - ამბობს ელდურ ოლაფსონი, სამთო კომპანია Amaroq Minerals-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მას შემდეგ, რაც 10 000 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიაზე საძიებო ლიცენზიები მიიღო, სხვა ძვირფასი მინერალების ძიებაში, კომპანია ასევე მიმდებარე მთათა ქედსა და ხეობებსაც წმენდს.
"სპილენძს, ნიკელსა და იშვიათ მიწის ელემენტებს ვეძებთ", - ამბობს ისლანდიელი ხელმძღვანელი, - "ეს აუთვისებელი ტერიტორიაა და რამდენიმე დიდი საბადოს აღმოჩენის პოტენციალი არსებობს".
ბაზა, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის გრენლანდიელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი ყოფილი მეშახტეები ცხოვრობენ, მობილური შენობებისა და კაშკაშა ნარინჯისფერი საცხოვრებელი კარვების ნაკრებია. ბანაკიდან გზა ხეობაში ადის. ოქროს მაღაროში მთის შიგნიდან, მანქანით შევდივართ, ბნელ გვირაბს ზემოთ მივუყვებით.
"აი აქ, ნახეთ!" - ამბობს ოლაფსონი და თეთრი კვარცის ფენასა და თხელ მუქ ზოლზე მიუთითებს, - "ოქრო, ოქრო, ოქრო მთელ გზაზე. ხომ საოცარია?"
მაღაროში, რომელიც Amaroq-მა 2015 წელს შეიძინა, წინა ათწლეულის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ის მაშინდელი ოქროს ფასების დაცემისა და მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა.
Amaroq დარწმუნებულია, რომ მაღარო ახლა მომგებიანი იქნება. იგი წელს წარმოების გაზრდას გეგმავს. ამიტომ, აქ მადნის დასამსხვრევად და ძვირფასი ლითონის ოქროს ზოდებად გადასამუშავებლად ახალი ქარხანა ააშენეს.
"შეგვიძლია, ყოველთვიურად ტერიტორიიდან ან ოქროს ჩემოდნებით, ან 30000-ტონიანი გემით წავიდეთ", - ამბობს ოლაფსონი.
მისი თქმით, გრენლანდია უპრეცედენტო შესაძლებლობას წარმოადგენს, რადგან მისი უზარმაზარი მინერალური მარაგები ძირითადად ხელუხლებელია.
"ის შეიძლება ყველა იმ მინერალის მიმწოდებელი იყოს, რაც დასავლეთ მსოფლიოს ათწლეულების განმავლობაში დასჭირდება. ეს უნიკალური ადგილია”, - ამატებს ოლაფსონი.
თუმცა ამჟამად, მთელ კუნძულზე მხოლოდ ორი აქტიური მაღაროა.
გრენლანდია თვითმმართველი ტერიტორიაა, რომელიც დანიის ნაწილია, მაგრამ საკუთარ ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებს.
მას გააჩნია ე.წ. იშვიათი მიწის ელემენტების რიგით მერვე უდიდესი მარაგი. ეს ელემენტები უმნიშვნელოვანესია და მობილური ტელეფონებიდან დაწყებული, ბატარეებისა და ელექტროძრავების დასამზადებლად გამოიყენება. მას ასევე აქვს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მეტალების დიდი რაოდენობა, როგორიცაა ლითიუმი და კობალტი.
არის ნავთობი და გაზიც, მაგრამ ბურღვა აკრძალულია, ასევე, ღრმა ზღვის წიაღისეულის მოპოვებაც გამორიცხულია.
კრისტიან კიელდსენი, გრენლანდიის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი, ამბობს, რომ გლობალური "გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოს უდიდესი კუნძულის მიმართ დიდ ინტერესს აჩენს".
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მსოფლიოში იშვიათი მიწის მეტალების უდიდესი მარაგი აქვს, დაინტერესებულია კუნძულით.
გრენლანდიის მინერალებზე წვდომის მისაღებად დასავლური ქვეყნების ინტერესიც მზარდია.
Reuters-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა მოუწოდა ავსტრალიურ სამთო კომპანიას, არ გაეყიდა გრენლანდიის უდიდესი იშვიათი მიწების პროექტი პოტენციურ ჩინელ მყიდველებზე.
გრენლანდიის ბიზნესის, ვაჭრობისა და ნედლეული მასალების მინისტრი, ნააჯა ნათანიელსენი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არსებული მინერალებისადმი ინტერესი "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა".
"კლიმატის კრიზისის ცხელ წერტილად ყოფნას მიჩვეულები ვართ. გვინდა, პრობლემის გადაწყვეტის ნაწილიც ვიყოთ..." - ამბობს ის.
ამჟამად, ნებართვები გრენლანდიის 100 ბლოკზეა გაცემული. აქ კომპანიები სიცოცხლისუნარიან საბადოებს ეძებენ. ბრიტანული, კანადური და ავსტრალიური სამთო კომპანიები უდიდესი უცხოური ლიცენზიის მფლობელები არიან, ამერიკელებს კი მხოლოდ ერთი ლიცენზია აქვთ.
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ვიდრე აქ ახალი მაღაროები გაჩნდება...
და მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია მინერალურ სიმდიდრეს ფლობს, "ოქროს ციებ-ცხელება" კვლავ ნელა მატერიალიზდება.
ეკონომიკა, რომლის წლიური მშპ მხოლოდ 3 მილიარდ დოლარს აღემატება, კვლავ საჯარო სექტორისა და თევზჭერის მეშვეობით საზრდოობს. ტერიტორია ასევე ეყრდნობა ყოველწლიურ 600 მილიონი დოლარის სუბსიდიას დანიიდან.
გრენლანდიელი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სამთო მოპოვების შემოსავლები ამ სუბსიდიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს. ამასობაში, გრენლანდია ტურიზმიდანაც მეტ შემოსავლებს შოულობს.
ხავიერ არნაუტის, გრენლანდიის უნივერსიტეტის არქტიკული სოციალური მეცნიერებების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურად სამთო მრეწველობა დამოუკიდებლობისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.
ნათანიელსენი ამბობს, - მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობა ვითარდება, "ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ამ სექტორიდან დიდი შემოსავალი". ის იმედოვნებს, რომ მომდევნო ათწლეულში კიდევ სამიდან ხუთამდე ახალი მაღარო ამუშავდება.
თუმცა სამთო მოპოვება გრენლანდიაში მისი შორეული გეოგრაფიისა და ამინდის გამო ადვილი არ არის. ეს მსოფლიოს უდიდესი კუნძულია და მისი 80% ყინულის საფარითაა დაფარული. მასზე უხეშ მთებს და დასახლებებს შორის გზების საგრძნობ დეფიციტს ვხვდებით.
ეს მაღალი ხარჯები ცხადია, ინვესტორებს აფერხებს.
სხვები სექტორის ნელ ზრდაში ბიუროკრატიას ადანაშაულებენ. ტერიტორიაზე მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები და სოციალური ზემოქმედების მოთხოვნები მოქმედებს, ნებართვების მიღებას კი საკმაო დრო სჭირდება.
ნათანიელსენის თქმით, თემების უმეტესობა სამთო მოპოვებას მხარს უჭერს, რადგან ის ადგილობრივ ეკონომიკას აძლიერებს.
გაურკვეველია, როგორ განვითარდება ტრამპის უახლესი გეგმები გრენლანდიასთან დაკავშირებით. თუმცა, ტერიტორიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ ამ თვის დასაწყისში განაცხადა: "ჩვენ აშშ-სთან ბიზნესის კეთება გვჭირდება... სამთო მოპოვების თვალსაზრისით კარი ღიაა".
კიელდსენი ბიზნეს ასოციაციიდან კი აცხადებს:
"მეორე მხრივ, თუ ტრამპის სიგნალებთან დაკავშირებული გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდება, არსებობს რისკი, რომ ამან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს საინვესტიციო გარემოზე".
იხილეთ ასევე: