ავტორი:

“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი

“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი

“ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? - გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე იაკობის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამართლება არავის აქვს.

“როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო - ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება - ჩართავ ტელევიზორს, საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა - ამაყად აცხადებენ უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა მცირე რიცხვიანი ქვეყანა ხარ და ის ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს - შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა. ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს - ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • მეუფე იაკობი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან“.

“ქალბატონებო, დედები ხართ, არ გაიმეოროთ ის სამარცხვინო საქციელი, რასაც ზოგიერთი ქართველი, ქალბატონად წოდებული აკეთებს. ეს ერის დიდი სირცხვილია. შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი, ესენი რომ აკეთებენ. შაჰ-აბასი რომ გვკლავდა, მოწამეები ვხდებოდით. როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ. არც ჩვენ აგვივარდება თავში. ყველას ვაფასებთ, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს, წესიერად არ მოგვქცევიან და ჩვენც, კარგად მოქცევაც შეგვიძლია და ისე მოქცევაც, როგორც თვითონ იქცევიან. იმედი მაქვს, ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის მცირე ნაწილი საუბრობს. ჯანსაღ ურთიერთობებში ჯანსაღი ცხოვრება დაგვიდგება, რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში. თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? ესტონეთიც რომ ავიღოთ, რასაც აკეთებენ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკა. ჩვენ, ქართველები და მით უმეტეს, ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და ყველა ქარტეხილს გადავივლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.