ავტორი:

"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია ბოლუში, კურორტ კარტალკაიაში, 12-სართულიან სასტუმროში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 ადამიანი დაშავდა. ცნობილი ხდება, რომ იმ საბედისწერო დღეს, სასტუმროში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალი ლაურა სალუაშვილიც ხანძარს შეეწირა. ლაურა თურქეთში წლების გამავლობაში ოჯახში მუშაობდა. როგორც ირკვევა, სწორედ ეს ოჯახი იყო წასული სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასველებლად და მათ თან ახლდა 57 წლის ლაურა სალუაშვილი. სამწუხაროდ, მასთან ერთად დაიღუპა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ბავშვების დედა. ლაურა საქართველოში 24 იანვარს ჩამოასვენეს და 26 იანვარს თბილისში დაკრძალეს. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, ის ორი შვილის ქალ-ვაჟის დედა იყო. ახლობლებს ძალიან უმძიმთ მომხდარზე საუბარი.

"კვირის პალიტრა" ლაურას დას, მაია სალუაშვილს ესაუბრა:

- ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემი და 2009 წლიდან თურქეთში მუშაობდა. თავიდან 3 თვეში ერთხელ მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, რომ ვიზა არ დაერღვია და საბუთები წესრიგში ჰქონოდა. მერე, როცა ამ ოჯახში დაიწყო მუშაობა, საბუთებიც მოუწესრიგეს. ჯერ ბავშვების ბებიასთან ცხოვრობდა, მისი ქალიშვილი - დეფნე რომ გათხოვდა, ბავშვების ბებიამ სთხოვა, მათთან გადასულიყო სამუშაოდ, რადგან პატარას ელოდებოდნენ და მას შემდეგ სულ დეფნესთან იყო. მინიმუმ 10 წელია იქ მუშაობს, ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი იყო. დროებითი საბუთი ჰქონდა. ოფიციალურად რეგისტრირებული იყო სამსახურში, დაზღვევას იხდიდა ჩვეულებრივ და ცხოვრობდა ოჯახში.

ორი ულამაზესი გოგონას გაზრდაში ეხმარებოდა. მართლაც როგორც ოჯახის წევრი, ისე იყო იქ, ბავშვებზე თავისი შვილიშვილებივით ზრუნავდა.

19 იანვარს წავიდნენ კურორტზე დასასვენებლად. 17 იანვარს, პარასკევს ვესაუბრე მესენჯერით, ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ, მითხრა, რატომღაც ძალიან მეზარება იქ წასვლა, მაგრამ არ გამოვა, რომ არ წავიდეო. არ იყო ხელმოკლე ოჯახი, თუმცა ამ ოჯახის საქმიანობის შესახებ ჩვენთან არასდროს საუბრობდა. ძალიან მორიდებული იყო ლაურა, ვიცოდით, რომ სხვადასხვა ქალაქში ჰქონდათ სახლი და იქაც დადიოდნენ ზაფხულში დასასვენებლად. ზაფხულობით ბოდრუმში მიდიოდნენ ხოლმე.

19 იანვარს, ნათლისღებას, დილის 11 საათი რომ დაიწყო გზიდან ვიდეო გამომიგზავნა, რომელშიც ბავშვი ამბობს, რომ მიდიან დასასვენებლად.

ორშაბათსაც დავურეკე, მითხრა, ახლა ბავშვებს ვაცმევ ტანსაცმელს, გარეთ გავდივართ და მერე დაგირეკავო. 5 საათისთვის დაურეკავს, მაგრამ ზარი მე არ გამიგია, მეორე დილით "ფეისბუქით" გავიგე, რომ თურქეთში სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი. ცუდად მომხვდა ეს ინფორმაცია. ორშაბათს რომ დაიძინეს, ვეღარ ადგნენ, გამთენიას, 3-4 საათზეა ხანძარი გაჩენილი და ოთხივე დაიღუპა, ჩემი და და დედა, თავის ორ შვილთან ერთად.

ბოლო დროს დეფნე ქმართან გაშორებული იყო, ქმარი ცალკე ცხოვრობდა სტამბოლში, თუმცა შვილებზე მზრუნველი, ძალიან კარგი მამა იყო. დასასვენებლად წასვლამდე ბავშვები ხუთშაბათს მამასთან ერთად იყვნენ, პარასკევს მოიყვანა სახლში და კვირას კი წავიდნენ. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: