ავტორი:

როგორ ცხოვრობდა ორი ომის ვეტერანი აქციებზე დაკავებამდე? - რას ჰყვება ვეფხია კასრაძეზე მეუღლე: "ღვთის მოშიშია, პატიოსანი... უყვარს შრომა, მეურნეობას უვლის..."

როგორ ცხოვრობდა ორი ომის ვეტერანი აქციებზე დაკავებამდე? - რას ჰყვება ვეფხია კასრაძეზე მეუღლე: "ღვთის მოშიშია, პატიოსანი... უყვარს შრომა, მეურნეობას უვლის..."

4 დეკემბერს, ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 პირი, მათ შორის 54 წლის ვეფხია კასრაძე, რომელიც პატიმრობაში რჩება. ბრალდებული თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. ის სოფელ ერგნეთში გაიზარდა. იბრძოდა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. აქვს ვეტერანის სტატუსი. ომის შემდეგ არ მიუტოვებია სახლი საოკუპაციო ხაზთან, სადაც მეურნეობა მოაწყო.

ვეფხია კასრაძეს ჰყავს 5 შვილი და ერთი შვილიშვილი.

მას მერე, რაც პატიმრობაშია, მის მეუღლეს ელენე კროტენკოს მეუღლის სასამართლო პროცესების შემდეგ უწევს მედიის წინაშე გამოსვლა და კომენტარის გაკეთება.

ქალბატონ ელენეს მათი ოჯახის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ვთხოვეთ.

- ქალბატონო ელენე, მოდი, საუბარი თქვენით დავიწყოთ. უკრაინული გვარი გაქვთ, მაგრამ ქართულად მშვენივრად საუბრობთ. როდის დასახლდით სქართველოში?

- ნახევრად უკრაინელი ვარ, მამის მხრიდან უკრაინელი ბაბუა მყავდა, დედის მხრიდან - ბებია. უკრაინელი ბაბუა ჩერნიგოვის ოლქიდან იყო და სამხედრო პირი გახლდათ. ის ქერჩში, მეორე მსოფლიო ომში, ჩემს ექთან, ბაღდათელ ბებიას (გვარად კვესიტაძეს) შეხვდა... ომის შემდეგ ისინი საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდნენ, რადგან ბებია იქ არ გაჩერდა. ბაბუამ ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში დაამთავრა, სადაც ლექტორად დატოვეს, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი იყო. ისწავლა ასევე ქართული ენაც...

მათ ორი ვაჟი შეეძინათ. ერთ-ერთი მამაჩემი იყო.

მამამ სამედიცინო ინსტიტუტი უკრაინაში დაამთავრა და ქუთაისის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი გახლდათ... ბაბუაჩემს აქ ნაწილობრივ უკრაინელი,კიეველი ლამაზი გოგო მოეწონა და მამაჩემს უთხრა, - დროზე ჩამოდი, კარგი გოგო მოგიძებნეო... მოკლედ, ასე მოხვდნენ და კროტენკოები საქართველოში და აქაურობაზე უარი არასდროს უთქვამთ....

მამა 10 წლის წინ დაიღუპა. საოპერაციოში ცუდად გახდა, მანამდე ორი ოპერაცია გააკეთა, მესამე პაციენტს უმზადებდნენ და ვეღარ შეძლო, რადგან ინფარქტი დაემართა... ქუთაისში ვცხოვრობდით, მაგრამ არდადეგებზე სულ კიევში ვიყავი. კიეველი ბებიაც ქუთაისში ცხოვრობდა. დედის მხრიდან ბაბუაც ექიმი მყავდა და არც უკრაინელმა ბებიამ დატოვა მეუღლის საფლავი და საქართველოში დარჩა.

- მითხარით, რომ უცხო ენის სპეციალისტი ხართ. თქვენი პროფესიით საქმიანობთ?

- ტურისტული მეურნეობის მენეჯმენტი მაქვს (ბაკალავრიატი) დამთავრებული. როცა ვსწავლობდი, რთული პერიოდი იყო და ვიფიქრე, სადაა ტურისტი-მეთქი და ინგლისურ ენაზე ჩაბარება გადავწყვიტე. ანგლისტიკა (მაგისტრატურა) ჯავახიშვილში დავამთავრე. მერე დოქტორანტურა და ხარისხიც დავიცავი. წლების განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი... ახლა სოხუმის უნივერსიტეტში ვარ, სადაც 350 ლარი სახვეწარი გვაქვს, ამიტომ კერძო პრაქტიკა მაქვს, უკვე 31 წელია ინგლისურს კერძოდ ვასწავლი.

- როგორც ვიცი, თქვენს ოჯახს ერგნეთში მამული აქვს...

- თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ სახლი და მიწის ნაკვეთები გვაქვს ერგნეთში, სანახევროდ იქით ვართ ხოლმე... როცა გავთხოვდი, დედამთილი მოხუცი იყო, ჩემი ქმარი ვერ ტოვებდა მას და უმეტესად იქ იყო... 2008 წლის მერე სახლს სერიოზული ხელის შევლება უნდოდა. დაწვას კი გადაურჩა, მაგრამ საგრძნობლად დაზიანდა. სახურავი დახვრეტილი იყო, კედლები, კარ-ფანჯარა განადგურებული. გაპარტახებასთან ერთად იქაურობა გაიძარცვა კიდეც...

ვეფხია იქ დაიბადა და გაიზარდა. დაწყებითი სკოლა ერგნეთში გაიარა და შემდეგი კლასები - ცხინვალში. სწავლობდა თბილისში, მერე თეატრში მოღვაწეობდა. ის ხომ ცხინვალის თეატრის მსახიობია (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძეა)...

ვეფხიას პირველი ოჯახი ჰყავდა, მეუღლე დალი დოიჯაშვილიც მსახიობი იყო. ამ ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს - ბიჭი 32 წლისაა, გოგო - 31 წლის, რომელიც ემიგრაციაშია, იქ ისწავლა და მუშაობს. ბიჭი დაოჯახებულია, ჰყავს შვილი და შესაბამისად, გვყავს 6 თვის შვილიშვილი.

- მითხარით, ჩემი მეუღლე საკმაოდ ხელმარჯვეაო. რას საქმეები ეხერხება?

- არეულობის წლებში, მოგეხსენებათ, რა სიტუაციაში ვიყავით, მხოლოდ თეატრში მოღვაწეობა, საკმარისი არ იყო, რადგან ოჯახი ჰყავდა შესანახი. პარალელურად მშენებლობაზე მუშაობდა. საერთოდ, ხელმარჯვე ადამიანია, ყველაფერს აკეთებს. სახლს საძირკვლიდან დაიწყებს, ბოლომდე ააშენებს და დახურავს. ამავე დროს ბუხრის სპეციალისტიცაა...

- და ერგნეთში მეურნეობასაც უძღვება?

- კი. როცა იქ სახლი გაქვს, ქათამიც გინდა, კვერცხიც, გოჭიც, ხილიც და ა.შ. დედამთილი ოსი იყო (ერგნეთში ქართველებს უმეტესად ოსი რძლები ჰყავდათ). ცოცხალი აღარ არის, კარგი ქალი გახლდათ, პატრიოტი... მეურნეობას კი ჩვენ ასე შევუდექით - ძველი ხეები ამოვყარეთ და ახალი ჯიშებით ჩავანაცვლეთ. გოლდენი ჯიშის ვაშლის ბაღი ცალკე გვაქვს, ვენახიც, ლობიო, კარტოფილი, სიმინდი, ყველანაირი ხეხილი, ძირითადად ყველაფერს თვითონ უვლის. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს, რომელსაც სულ ყიდულობს, აგროსესხით გამოგაქვს. ვალს გაისტუმრებს, კიდევ რაღაცას გამოიტანს.

- თქვენი ოჯახის შექმნის ამბავიც მოგვიყევით...

- წლების წინ ვეფხიამ თავისი მანქანა გაყიდა, რომელიც თურმე ჩემს ბაღდათელ ნათესავს უყიდია. ასეთი ხასიათი აქვს, ახალგაცნობილი ადამიანი, ახლოს რომ გაიცნოს, სახლში მოჰყავს და აქეიფებს. ჩემი ნათესავიც სახლში მოუყვანია, საუბარ-საუბარში უთქვამს, ცოლს გაცილებული ვარ, ოჯახის შექმნა მინდა და კარგ გოგოს ვეძებო. მე მყავს კარგი ნათესავი გოგო, მაგრამ გაცილებული რომ ხარ და შვილები გყავს, ამის გამო მის ოჯახს თქმას ვერ გავუბედავ. მხოლოდ გოგოს გვარ-სახელს გეტყვი და იმას, რომ ლექტორია, უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის. წადი და თვითონ მოძებნეო.

მოკლედ, ჩემმა მომავალმა ქმარმა, რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქმის ყველა უნივერსიტეტი მოიარა და ბოლოს მაინც მიპოვა.

- როგორ?

- მორიგ ჯერზე, ერთ-ერთ უნივერსიტეტს რომ მიაკითხა, მენეჯერთან შესულა და უკითხავს, უკრაინელი ლექტორი თუ გყავთო (ჩემი გვარის წარმოთქმა უჭირდა და ამიტომ ასე უკითხავს). კი, ელენე აქ იყო, ჩაატარა ლექციები და სახლში წავიდაო... თარგმანი მაქვს გასაკეთებელი და იქნებ მისი ტელეფონის ნომერი მომცეთო - იმსახიობა. მენეჯერმა ნომერი მისცა და იმის მერე აღარ მომასვენა. გაცნობიდან მეათე დღეს ჯვარი მქონდა დაწერილი. თავბრუ დამახვია... გაცნობიდან მესამე დღეს კი ქუთაისში, მამაჩემთან ჩავიდა. მამა ონკოლოგი ხომ იყო და მის მისაღებში თავი პაციენტად წარადგინა, კაბინეტთან რიგში გასასინჯად ჩადგა. მამას რომ შეუხედავს, უფიქრია, ეს კაცი პაციენტს არ ჰგავს, ნეტავ, ვინ არისო და ამის გასარკვევად ექთანი გაუშვია... რიგმა რომ მოუწია, შევიდა. დაბრძანდით, გისმენთ, რაშია საქმეო? - უკითხავს მამაჩემს, - ისეთი არაფერი, თქვენი სიძეობა მინდაო. სულ ვიღაცებს - მამიდებს, დეიდებს, გვიგზავნიდნენ და რას მოვესწარი, შვილის ხელის სათხოვნელად კაცი თვითონ მოვიდა. რა ვიცი, ჩემი შვილი, ყველას იწუნებს, ოღონდ, თანხმობა თქვას, ეგ მას უნდა ჰკითხოო. ეს იყო 2011 წელი და 36 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი.

- და ახლა სამი შვილის დედა ხართ...

- კი. ვეფხია კი 5 შვილის მამაა. თორნიკე 32 წლისაა, ანი - 31-ის (ორივე პირველი ქორწინებიდან), მერე ირაიდაა - 12 წლის (დედაჩემის სახელი დავარქვით. დედა პროფესორი მყავს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ლიტერატურის სპეციალისტია. ოჯახში მე და დედა ვართ პედაგოგები, დანარჩენი - ექიმები, 2 და მყავს და ორივე ექიმია), შემდეგი გოგონა რუსუდანია (დედამთილის სახელი ჰქვია) 10 წლის, ნაბოლარა ვახტანგი (მამამთილის საპატივსაცემოდ) 8 წლისაა. ასევე გვყავს შვილიშვილი - 6 თვის ნოა.

- ბავშვებმა იციან სად არის მათი მამა და რატომ არის იქ?

- ბავშვებს თავიდან ვუთხარი, რომ მამა ცოტა ხანი სასტუმროშია, საიდანაც გამოსვლას ჯერ ვერ მოახერხებს, ასეა საჭირო-მეთქი. სანახავად რომ წავიყვანე, ბიჭმა იქაურობა რომ დაინახა, - დედიკო რატომ გვატყუებ, ეს ციხეაო. რაღაც მულტფილმი ყოფილა, სადაც დათვს იჭერენ. მის სანახავად რომ მიდიან, დათვი მნახველებს მინის იქით ხვდება. მამაც ასე მინის იქით იჯდა და ისე გველაპარაკებოდაო...

ამაზე ინერვიულა, იტირა, - მამიკო მინდაო. სიცხემაც აუწია, ჭამს მოუკლო... მერე ვეფხომ იზოლატორის დირექტორს სთხოვა, ოჯახს პირისპირ შემახვედრეთო. ერთხელ მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ შეგვიშვეს. მე კიდევ უფრო მკაცრი შემოწმება გამატარეს... ბავშვებმა მამა რომ ნახეს, დამშვიდდნენ. ვეფხიამ უთხრა, აქ ვმუშაობ, აი, ხომ უყურებთ, რომ ოთახში ვზივარო...

- ნაწილობრივ კი გაგვაცანით თქვენი მეუღლე, მაგრამ როგორია თქვენი თვალით დანახული ვეფხია კასრაძე?

- ღვთის მოშიშია, პატიოსანი, ნამდვილი ქართველი კაცია. მეგობრობა, ზრდილობა არ ეშლება. ბევრი მეგობარი ჰყავს. ურჩევნია იყოს მასპინძელი, ვიდრე სტუმარი. ისე მაგ საკითხში ერთნაირები ვართ. კარგი თამადაა, მღერის, პოეზია უყვარს, ლექსებს თვითონაც წერს. უყვარს შრომა - ძალიან მოუსვენარია. სულ საქმეშია და თუ საქმე არ აქვს, გამოიძებნის. თუ წამოწვა, ვაიმე, რამდენი საქმე მაქვს, რა დროს წოლააო, - იტყვის... ახლა სულ იმას ვფიქრობ, იმ ოთხ კედელში ყოფნას როგორ გაუძლებს. მის ამ მდგომარეობაზე ძალიან ვღელავ...

- როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება, რაც ის დააკავეს?

- მოსავალს სწრაფად უნდოდა გაყიდვა. დაბინავება ვერ მოვასწარით, თან მარტო რას ვიზამდი?! 2 ბაღის ვაშლი გამეყინა და შემოსავლის გარეშე დავრჩი და შემრჩა მარტო აგროსესხი. არც ორი მინდორი სიმინდი ამიღია. დაწყობილი რაც იყო, იქიდანაც ზოგი თაგვმა შეჭამა...

- დასანანია... ე.ი. თქვენც ჩართული ხართ სამეურნეო საქმიანობაში.

- კი. ღორებიც გვყავს და ახლა იქ ჩემი ქმრის მამიდაშვილია და მათ ის აჭმევს. როცა სოფელში ვარ, მე ვაჭმევ და ვუვლი. ძროხამ უნდა მოიგოს... ძროხის წველა ვისწავლე და ყველიც ამომყავს. რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ კაცის საქმეს ვერ გავწვდები.

- ახლა დაკავებული მეუღლის საქმესთან დაკავშირებით, რა მოლოდინი გაქვთ?

- ყველაფერი, რაც ვეფხოს თავს ხდება, თავიდან ბოლომდე აბსურდია. ადვოკატებს რომ ველაპარაკები, მეუბნებიან, რომ პროკურატურა ვერ გვაწვდის ვერანაირ მასალას, არანაირი სამხილი არ არის, მოწმეც არ არსებობსო. ჯგუფის წევრებად ბავშვები დაუსვეს, მის საქმეში არიან მიწერილები, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას აბრალებენ. არადა ჩემი მეუღლე იმ ბავშვებიდან არცერთს არ იცნობდა. ისინი იზოლატორში გაიცნო... ფაქტობრივად, რაღაც შეთხზეს და განვითარებისთვის ბაზა არ არსებობს. ხომ ვამბობ, აბსოლუტური აბსურდია და რადგან აბსურდში ვართ, შეიძლება მორიგი დიდი აბსურდი მოიფიქრონ. ძირითადად საერთაშორისო ზეწოლის იმედი მაქვს. კოვიდის პერიოდში ჩემმა ქმარმა ორგანოები გააღიზიანა, რისთვისაც გარკვეული მიზეზი ჰქონდა... ძველი ამბავია... იმის მერე 2-3 წელია, ამოჩემებულები ვყავართ...

- ფიქრობთ, რომ მისი ახლანდელი დაპატიმრება იმ ძველი ამბის გაგრძელებაა?

- კი, იმის გაგრძელებაა... წინა არჩევნებზე ჩემი აქტიურობით მეც გავაღიზიანე ისინი. ვცდილობდი, არჩევნებზე უხეში დარღვევები მემხილა, ფოტოებს ვიღებდი... მერე მითხრეს, რა დღეში ხართ შენ და შენი ქმარი, თუ დემოკრატია, სოფელი თვითონ გადაწყვეტს, თქვენ არაფერს წყვეტთო. ჩვენი გაკონტროლება ახლაც გრძელდება... აი, ასეთია და ასეა ჩვენი ამბები.