ავტორი:

"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?

"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?

საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ორი თვეა ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ამ სამწუხარო სიტუაციიდან გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ნამდვილად სურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ არის. ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციაც შეიძლება გავცე, არის დიალოგი. ხელისუფლებამ, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს, არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო...

"აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავისი და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე.

"საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, - აღნიშნა ელჩმა.