ეკონომიკის მკვლევარმა ზვიად ხორგუაშვილმა კვლევითი საქმიანობა ჯერ კიდევ საქართველოში, თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო. მისი დოსიე მრავალფეროვანია - 2013-2014 წლებში იყო პოლიტიკის და ეკონომიკის მკვლევარი კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, 2016-2020 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტში დეპუტატის თანაშემწე და ერთ-ერთი პარტიის ეკონომიკური მრჩეველი, შემდგომში საკონსულტაციო კომპანია Willsbe Consulting-ის ბიზნეს კონსულტანტი და მთავარი ფინანსისტი გახდა; 2022-2024 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ს მკვლევარი, ეკონომიკის მკვლევარი UNDP-ის კონტრაქტორ კომპანიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომზადებული კვლევის - „სუბსიდიების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე“ ავტორი...
ამჟამად ზვიადი მასაჩუსეტსში, American Institute for Economic Research - შია მიწვეული, როგორც გრძელვადიანი მკვლევარი. AIER ერთ-ერთი პრესტიჟული და ტოპ კვლევითი ცენტრია აშშ-ში, სადაც წამყვანი ეკონომიკური მკვლევარები მუშაობენ. ზვიადმა ახლახან დაასრულა მუშაობა ვრცელ კვლევაზე: აშშ დოლარის ჰეგემონია და მისი გამოწვევები BRICS-ის სახით. ქართველი მკვლევარი ამჟამად მიწვეულია პიტსბურგის უნივერსიტეტში მკვლევარის პოზიციაზე.
ზვიად ხორგუაშვილი:
_ სულ მინდოდა დასავლეთში მესწავლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურაც საქართველოში გავაკეთე. ამჟამად ილიაუნის დოქტურანტურის სტუდენტი ვარ და ახლო მომავალში დოქტორის ხარისხი მექნება. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი კრისტოფერ ლინგლი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტია, დაახლოებით 12 წლის წინ გამაცნო კახა ბენდუქიძემ. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, მეც მსტუმრობს და დროს ხშირად ერთად ვატარებთ. მან მირჩია შტატებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვლევითი ცენტრი - ამერიკული ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი, სადაც წამყვანი ეკომომიკური მკვლევარები მოღვაწეობენ. მათ აქვთ გაცვლითი პროგრამები, სადაც ეპატიჟებიან სხვადასხვა მკვლევარებს, რათა იმ კვლევებზე იმუშაონ, რომლესაც თვითონ მოისურვებენ და ყველანაირად ხელს უწყობენ ამაში. მეც ვცადე ბედი, შევარჩიე თემა - „აშშ დოლარის ჰეგემონია და გამოწვევები“ იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი რამდენიმე წელია ხშირად საუბრობენ იმაზე (განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, სადაც დიქტატურაა - რუსეთი, ირანი, ჩინეთი...), რომ „დოლარისგან უნდა გათავისუფლდნენ“ და მათ უნდა შექმნან ახალი, ალტერნატიული ვალუტა. სწორედ ამაზე შევთავაზე ცენტრს ჩემი კვლევა, რომელიც ამასობაში ძალზე პოპულარული გახდა. ჩემი სუპერვაიზერი იყო ჯეისონ სორენსი, რომელიც ძალზე პოლპულარულია აკადემიურ წრეებში, პირველ რიგში მას მოეწონა ეს იდეა და ყველანაირად შემიწყო ხელი, ამ კვლევაზე რომ მემუშავა. სექტემბერში დავიწყე კვლევა და დაახლოებით სამი კვირის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ დედოლარიზაცია აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, ასე რომ აქაც უფრო მეტი ინტერესი მივიღე ჩემი კვლევისადმი.
_ მართლაც აქტუალური თემა შეგირჩევიათ, რამ შთაგაგონათ, ამ კვლევაზე მუშაობა?
_ პირველ რიგში, მაინტერესებს მონეტარული ეკონომიკა, ერთის მხრივ ინფლაციური პროცესები და მეორეს მხრივ, ქვეყნებს შორის სავალუტო ურთიერთობები. მანამდე დავწერე პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორი მონეტარული პოლიტიკა და როგორი გაცვლითი კურსის რეჟიმი უნდა ჰქონდეს საქართველოს. 2014 წელს საქართველოში დაიწყო ლარის კურსის გაუფასურება და მას შემდეგ 2022 წლამდე ის უწყვეტად უფასურდებოდა. 2022 წელს უკვე მოხდა ისე, რომ სამწუხაროდ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ხალხის დიდი ნაკადი შემოვიდა, შედეგად გაიზარდა ფულადი გზავნილები და კურსი გამყარდა. ანუ ლარმა გაუფასურება შეწყვიტა არა იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც სწორად გავაკეთეთ, არამედ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით. სწორედ დედოლარიზაციის პროცესმა დამაფიქრა იმაზე, უფრო გლობალურ მასშტაბებზე ხომ არ დამეწერა. ვცადე, ეს თემა მოეწონათ, ამავე დროს, ისინი ძალიან მოიხიბლნენ ჩემი ბექგრაუნდით, რაც მეამაყება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პრესტიჟული კვლევითი ცენტრია. კვლევა უკვე დაწერილი მაქვს და მის გამოქვეყნებას ველოდები. მანამდე, ამ კვლევასთან დაკავშირებით ჩემი სტატია დაიბეჭდა ასევე ძალიან ცნობილ ჟურნალ The Daily Economy-ში, რომელშიც დედოლარიზაციაზე და ბრიქსის სახით გამოწვევებზე ვსაუბრობ. იქ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რატომ მცირდება დოლარის რეზერვების წილი მსოფლიოში წლების მანძილზე (რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკურ ჰეგემონიას გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა საფრთხეც კი ემუქრებოდეს). ამერიკის ახალი პრეზიდენტის მთავარი ინიციატივა ის იქნება, რომ დედოლარიზაციას წინ აღუდგეს და აშშ-მ ისეთი მონეტარული პოლიტიკა გაატაროს, რომელიც აშშ-ს დააბრუნებს მეტი ჰეგემონიისკენ, ვიდრე ჰეგემონიის დასრულებისკენ წაიყვანს.
_ რას ნიშნავს მსოფლიოსთვის დედოლარიზაცია და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე? ალბათ კვლევაში ამაზეც არის საუბარი...
_ ამ კვლევაში მათ შორის ნახსენები მაქვს საქართველოს მაგალითები. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანასთან კავშირი და სიყვარული თავისას შვრება, ყოველთვის ვცდილობ, საქართველო ვახსენო და სადმე ჩავტიო და ისიც, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში. თვითონ ეს კვლევა არ არის დადებით მოვლენაზე - დედოლარიზაციაზეა და ეს მსოფლიოსთვის იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება მეტად არასტაბილური გლობალური გარემო შეიქმნას, თუ არ არსებობს ისეთი ჰეგემონი ვალუტა, როგორიც დოლარია. დოლარის მთავარი დადებითი ისაა, რომ სანდოა, ვიცით, რომ მომავალში ის ისე არ გაუფასურდება, როგორც სხვა ვალუტები, იქიდან გამომდინარე, რომ ის ყველაზე სანდო და ნაკლებ ვოლატიური ვალუტაა, ამიტომაცაა ჰეგემონი ვალუტა უკანასკნელი ბევრი წლის მანძილზე. დოლარის ჰეგემონაიში რა თქმა უნდა, ბევრმა პოლიტიკურმა ფაქტორმაც ითამაშა როლი, როგორიც იყო მაგ. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის და დასაველთის მოკავშირეების გამარჯვება, სსრკ-ს დაშლა და სხვა, მაგრამ მთავარი მაინც ყოველთვის ეკონომიკური ფაქტორებია - პოლიტიკურ ფაქტორებს ყოველთვის ხელს თუ არ უწყობს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არაფერი გამოვა, სწორედ ამაზე მაქვს აქცენტი. საქართველო რომ ავიღოთ, ჩვენ 2016 წლიდან გვესმის დედოლარიზაციაზე საუბარი, რომ ეს არის სწორი და რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვიყოთ დოლარზე დამოკიდებული. თუმცა უნდა გვესმოდეს რა ხდება თანამედროვე სამყაროში - ყველა ქვეყანა ერთმანეთზეა დამოკიდებული ვაჭრობით, გადაადგილებით, ბიზნესტრანზაქციებით, ფულის გადარიცხვით და ა.შ. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგით დედოლარიზაციისკენ (მაგ. 2016 წელს დაიწყო დედოლარიზაციის პოლიტიკა კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში), მით უფრო მეტად უფასურდებოდა ლარის კურსი. ეს ამერიკისგან და ახლა უკვე ტრამპისგან იცით, როგორ აღიქმება? - ის ქვეყნები, რომლებიც დედოლარიზაციისკენ დგამენ ნაბიჯებს, ანუ დოლარს ებრძვიან, მათი მოკავშირეობის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, შესაბამისად, ეს სახიფათო თამაშია, რასაც დაახლოებით რვა წელია ჩვენც ვეთამაშებით. ვინაიდან ჩვენ მივისწრაფით იქითკენ, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ (შესაბამისად, ევროზონის წევრებიც), უნდა დავიწყოთ ისეთი მონეტარული პოლიტიკის გატარება, როგორიც გააკეთეს ლიტვა-ლატვია-ესტონეთმა, იმ ქვეყნებმა, რომლებიც შემდეგ უკვე გახდნენ ევროკავშირის და ევროზონის წევრები. ეს ნიშნავს ლარის ევროზე მიბმას. მაგ. მათ თავისი ვალუტა ჯერ დოიჩე მარკაზე და დოლარზე, შემდეგ უკვე ევროზე მიაბეს, შესაბამისად, მათი ვალუტა იმდენად სტაბილური გახდა და ინფლაცია იმდენად დაბალი იყო, რომ მათ შორის ეკონომიკურ ზრდაში, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაშიც დაეხმარათ.
_ ის, რომ ჩვენ ინფლაცია ყოველთვის 2-3-ჯერ მაღალი გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს, რაზეა დამოკიდებული?
_ ჩვენ ინფლაცია იმიტომ გვაქვს ყოველთვის ძალიან მაღალი, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს და ამერიკას, რომ 1. ცენტრალურ ბანკს ხშირად აქვს დამოუკიდებლობის პრობლემა, ეს პრობლემა ყველგან არის, მაგრამ იქ უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან, შესაბამისად, მეტად ზრუნავენ ფასების სტაბილურობაზე, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, როგორიცაა, მაგ. ხელისუფლების მხრიდან ვალის აღება და შემდეგ ამ ვალის დასპონსორება. 2. საქართველოს ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი რომ შევადაროთ მაგ. ევროპის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტს, მგონია, რომ ის უფრო კომპეტენტურია მონეტარულ პოლიტიკაში, ვიდრე საქართველოსი. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ცუდები ვართ და ისინი კარგები, არა, იქ 700 მილიონიანი ბაზარია, მეტი კონკურენციაა და მეტი ფილტრია, მაქსიმალურად პროფესიონალები რომ დაინიშნონ. საქრათველოში შეიძლება ხშირად გაგვეპაროს ეს პროფესიონალიზმის ნაწილი და გვინახავს კიდეც იმის მაგალითი, რომ არაფინანსისტი ყოფილა ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოში. ჩვენ თუ გვინდა სტაბილური ვალუტა გვქონდეს, აუცილებელია ისეთი პოლიტიკა გვქონდეს, რომელიც ცენტრალური ბანკის მაქსიმალურად მეტ დამოუკიდებლობას და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უზრუნველყოფს. ჩვენ თუ ხვალ გაგვეხსნა ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ვხდებით მისი წევრი, ყველა ვარიანტში ეტაპობრივად ევროზე უნდა გადავიდეთ, როგორც გადავიდა ევროკავშირის ყველა ქვეყანა (მათ ევროზე ჰქონდათ თავისი ვალუტა მიბმული). იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ღია ეკონომიკა ვართ, ინფლაციისგან უფრო მეტად დაცულები რომ ვიყოთ ლარის კურსის გაუფასურებისგან, ჯერ უნდა მოხდეს ფიქსაცია ევროზე და შემდგომ უკვე, როცა წევრები გავხდებით, პროცესი უფრო მარტივი და ნაკლებხარჯიანი იქნება.
_ თქვენი მომდევნო კვლევა რას უკავშირდება და სამომავლო გეგმებზე რას იტყოდით?
_ ჩემი მომავალი კვლევა ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბიზნესზე და მის ეკონომიკურ შეფასებაზე იქნება. რაც შეეხება მომავალ კარიერას, მოლაპარაკებები მქონდა პიტსბურგის უნივერსიტეტთან, სადაც მითხრეს, რომ აუცილებლად უნდათ მათთან დავიწყო მუშაობა. როდესაც მექნება დოქტორის ხარისხი, პარალელურ რეჟიმში დავიწყებ მუშაობას პიტსბურგის უნივერსიტეტის მართვის და მენეჯმენტის ცენტრში მკვლევარის პოზიციაზე. ეს არის აშშ-ში ერთ-ერთი ტოპ უნივერსიტეტი. საბოლოოდ, მინდა აქ მიღებული ცოდნა-გამოცდილება მომავალში მაქსიმალურად გამოვიყენო საქართველოში.
R