„სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მინდა აშშ-ში მიღებული ცოდნა-გამოცდილება საქართველოს მოვახმარო“
მისი აკადემიური კარიერა ასე დაიწყო: გორის N3 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თავისუფალი უნივერსიტეტში - ESM Business School -ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. არის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი, საბჭოთა მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მისი სამაგისტრო ნაშრომია საქართველოს ეკონომიკური რეფორმების გამოცდილება. ამჟამად ასრულებს დოქტურანტურას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სადისერტაციო ნაშრომია „ტრანზიციის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების რეფორმირება და ჩავარდნები“. ზვიად ხორგუაშვილი ილიაუნსა და საქართველოს უნივერსიტეტში დღემდე კითხულობს რამდენიმე საგანს: საერთაშორისო მენეჯმენტი, ეკონომიკის საფუძვლები, თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიები, კორპორაციული ფინანსები, ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკის საფუძვლები, საერთაშორისო ეკონომიკა, აზროვნება და მორალი.
ასეთი გზა გაიარა საქართველოდან გრეით ბარინგტონამდე (მასაჩუსეტსი), სადაც ზვიადი ერთ-ერთ პრესტიჟულ კვლევით ცენტრში მკვლევარის პოზიციაზეა, თუმცა ამით არაფერი სრულდება და იმედია, მის წარმატებულ კარიერას მომავალში ახალ-ახალი ფურცლები შეემატება.
ახალგაზრდა მკვლევარ-ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი AMBEBI.GE - ს აკადემიურ კარიერაზე უამბობს:
_ 2011 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM-ის სკოლა. 2009 წელს გავიცანი კახა ბენდუქიძე. ამ პერიოდში შექმნილი მქონდა სტუდენტური ორგანიზაცია „თავისუფლების კლუბი“, რომელიც ეწეოდა საჯარო ლექციების, დებატების ორგანიზებას, გვქონდა კითხვის საღამოები და ვცდილობდით, უფრო ღრმად და მაქსიმალურად გავცნობოდით დასავლელ განმანათლებლებსა და მათ თავისუფლეების იდეებს (განსაკუთრებით, ეკონომიკურ თავისუფლებაზეა საუბარი). მდიდარი ქვეყნები იმის გამო არიან მდიდრები, დროის რაღაც გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური თავისუფლება რომ ჰქონდათ. კახა ბენდუქიძესთან თანამშრომლობით შემდგომში, 2011 წელს, დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, დავიწყე მუშაობა საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში როგორც მოწვეულმა ლექტორმა, ამავე დროს, ამ დიდ საუნივერსიტეტო კომპლექსში დავინიშნე საერთაშორისო შესყიდვების კოორდინატორად. მას შემდეგ არ შემიწყვეტია აკადემიური საქმიანობა და ჯამში დაახლოებით 6 საგანს ვასწავლიდი. ჩემი მიზანი იყო მემუშავა თავზე, ცოდნა გამეღრმავებინა და მომზადებული შევსულიყავი სტუდენტებთან. ჩემი პირველი საგნები იყო ეკონომიკის საფუძვლები, ანუ მიკროეკონომიკა და შემდგომ უკვე ბიზნესის საფუძვლები. ამ 13 წლის მანძილზე ყოველთვის ექსპერიმენტის სახით ვიღებდი საგანს, რაშიც მაქსიმალურად ვემზადებოდი, შემდეგ შევდიოდი და ვკითხულობდი ისეთ საგნებს, როგორიცაა საერთაშორისო ეკონომიკა (გარდა წინა ორისა), კორპორაციული ფინანსები (რასაც თავისუფალ უნივერსიტეტში მაგისტრანტებსაც ვუკითხავდი), თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიები. ამჟამად ილიაუნიში საერთაშორისო მენეჯმენტს და ეკონომიკას, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კი პირველკურსელებს „აზროვნება და მორალ“-ს ვასწავლი (განმანათლებლებს ვიწყებთ პლატონიდან, არისტოტელედან და მოვდივართ ილია ჭავჭავაძემდე). ანუ ვასწავლით ბევრ ისეთ ცნობილ ადამიანს, რომელთაც გარდატეხა მოახდინეს ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების მოწყობაში.

ამჯერად კვლევითი საქმიანობა გავაგრძელე შტატებში, ამ პერიოდში ფიზიკურად არ მაქვს დრო და საშუალება, რომელიმე უნივერსიტეტში ვასწავლო, მაგრამ როდესაც პიტსბურგის უნივერსიტეტში დავიწყებ მუშაობას მკვლევარის პოზიციაზე, დიდი იმედი მაქვს, გავაგრძელებ აკადემიურ საქმიანობასაც. ახლახან დავასრულე PHD თეზისზე მუშაობა ილიაუნში და პრეზენტაციისთვის ვემზადები. ეკონომისტი კი ვარ, მაგრამ მაგისტრატურაზე სრულიად სხვა მიმართულებით ჩავაბარე და იმავეს გავაგრძელებ დოქტურანტურაშიც - ეს არის პოლიტიკის მეცნიერებები, კერძოდ, საბჭოთა კვლევები. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ტრანზიციის პერიოდში. ჩემი შესწავლის საგანია საბჭოთა წყობიდან დასავლურ, კაპიტალისტურ და ლიბერალურ წყობაზე გადასვლის პროცესის აღწერა და შესწავლა (დამოუკიდებლობის პერიოდის მოპოვების დღიდან 2020 წლამდე გრძელ პერიოდში, საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების შესწავლა და მათი ჩავარდნები), სადაც ძირითადი აქცენტი მაქვს ეროვნულ ბანკზე და განვიხილავ ბევრ თეორიას, მათ შორის პოლიტიკურ თეორიას, როგორიცაა პარეტოს ელიტების თეორია. ჩვენ 90-იანი წლებიდან ყველაფრის ძალიან ზედაპირული შეფასება გვესმის, ამიტომ გადავწვიტე მაქსიმალურად მეცნიერულად ავხსნა, რაში გამოიხატებოდა რეფორმირების პრობლემები 1991 წლიდან 2020 წლამდე ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. ჩემი მიზანია დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და აღარ დავუშვათ შემდეგში. მესამე წელია ამ თეზისზე ვმუშაობ და უახლოეს მომავალში პრეზენტაცია მექნება.
_ რამ ითამაშა როლი თქვენს წარმატებასა და კარიერულ წინსვლაში?
_ პირველ რიგში ალბათ იმ პირობებმა, რაშიც ყველა ქართველი ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ჯერ ისევ ღარიბი ქვეყანა ვართ, ვხედავთ, ჩვენზე უკეთ როგორ ცხოვრობენ სხვები, არის ქვეყნები, რომელთაც 300 წელია ომი არ უნახავთ, სადაც იმაზე კი არ დარდობენ, შვილებს რა აჭამონ, სადაც ფიქრობენ არა გადარჩენაზე, არამედ სულ სხვა პრობლემებზე, ისინი მაზლოუს პირამიდის უფრო ზემოთა საფეხურზე არიან, თვითაქტუალიზაციისკენ ისწრაფვიან, ვიდრე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ყოველთვის მქონდა ინტერესი, რა იყო ამის მიზეზი... შემდგომ უკვე პოლიტიკითაც ამიტომ დავინტერესდი და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კახა ბენდუქიძემ, მან დიდი დახმარება გამიწია ისევე, როგორც ჩემს ბევრ კურსელს _ ჩვენ მისგან ინტელექტუალური და ყველანაირი დახმარება, გვერდში დგომა მივიღეთ, მაქსიმალურად რომ აგვემაღლებინა ჩვენი ცოდნა და კარიერულად წინ წავსულიყავით. სტუდენტობიდან რაღაც პერიოდი მეგობრები ერთადაც ვცხოვრობდით და ჩვენი დღეები ყოველთვის ეკონომიკაზე, თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარში გადიოდა. რაღაცნაირად ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, შესაბამისად, როცა შენს საქმიანობას ცხოვრების ნაწილად გაიხდი, ეს გეხმარება იყო წარმატებული.
_ პოლიტიკური მიმართულებითაც გქონიათ გამოცდილება...
_ კი ბატონო, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის დავწერე საარჩევნო პროგრამა და მათ განხილვაში ვმონაწილეობდი. ეს პროგრამები მოიცავდა არა პოპულისტურ დაპირებებს, არამედ ჩემი მიზანი იყო პარტიებისტვის მაქსიმალურად გათვლილი, აკადემიურად გამართული და კვლევებზე დაფუძნებული საარჩევნო პლატფორმა შემეთავაზებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ. სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება პოლიტიკაში, რომ შემდეგ პოპულიზმის ელემენტებს იშველიებენ და ბოლომდე არ ხდება იმის გამოყენება, რასაც მე ვისურვებდი. ყველაფრის მიუხედავად, ესეც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო და ამ მიმართულებით მუშაობამ, ამავე დროს, ბევრი კარგი კონტაქტი შემძინა.

_ რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომელთაც მიუღწევლად მიაჩნიათ გზის გაკვალვა უცხოეთში, რაც არ არის იოლი... ასევე, მომავალში თქვენი საქმიანობა და გამოცდილების გაზიარება უკავშირდება თუა რა საქართველოს?
_ ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ მაქსიმალურად არ უნდა შეწყვიტო სწავლა, არ უნდა გეგონოს, რომ იცი რაღაც, ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება შეემთხვეს ადამიანს. მე რომ ახლა მკითხოთ რამე მონეტარულ პოლიტიკაზე, ვიტყვი იმას, რომ ბევრი რამ არ ვიცი. სწორედ ამიტომ ვცდილობ ყოველდღიურად უფო და უფრო მეტი ვისწავლო, განვვითარდე და ჩემი კვლევების სახით რაღაც შევძინო ამ სფეროს. მთავარი რაცაა, ყველამ უნდა მიაღწიოს ტექნოლოგიურ წინსვლას. ის რომ სხვადასხვა ქვეყნები ჩვენზე წინ არიან, მედიცინა ავიღოთ, საქართველოში წლები სჭირდება ის პრაქტიკა შემოვიდეს, რაც აშშ-შია. ამის მიზეზი ისაა, რომ ტექნოლოგიებს გვიან ვუწყობთ ფეხს. ამიტომ დამწყებ მკვლევარებსა და სტუდენტებს პირველ რიგში ვეუბნები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ენების მაქსიმალურად ცოდნა და ტექნოლოგიების ფეხის აწყობა გარდა იმისა, რომ გიყვარდეს შენი საქმიანობა. ახლა ძალზე პოპულარულია ხელოვნური ინტელექტის მიმართულება, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რაც უფრო ფეხს აუწყობ მას, მით უფრო წარმატებული ხარ. იყო შიშები, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაც პროფესიებს ჩაანაცვლებდა, თუმცა რა მოხდა - მხოლოდ იმ ადამიანების ჩანაცვლება ხდება, რომლებმაც მას ფეხი ვერ აუწყვეს, ვინც აუწყო, გაცილებით წარმატებული პროფესიონალები არიან. ეს საფრთხე კი არ არის, პირიქით, არის შესაძლებლობა, უფრო წარმატებულები ვიყოთ. ამან, მე პირადად, ბევრი საქმიანობა გამიადვილა, შესაბამისად, რაც უფრო მეტად ავუწყობთ ფეხს ტექნოლოგიურ წინსვლას, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით. 2006 წელს, როდესაც პირველკურსელი ვიყავი, ჩვენთვის ახალი ხილი იყო კომპიუტერი, ვიკიპედია, ყოველთვის ვნატრობდი, ბავშვობაში გვქონოდა ის შესაძლებლობა, რაც დღეს არსებობს. ვფიქრობ, გაცილებით წარმატებულები ვიქნებოდით. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მინდა აშშ-ში მიღებული ცოდნა-გამოცდილება საქართველოს მოვახმარო.
R