სიჩქარე, რომლითაც ახალმა ჩინურმა AI აპლიკაციამ, DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია, ბაზრები და ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ამერიკის თავდაჯერებული უპირატესობის განცდა შეარყია, შთამბეჭდავია.
"DeepSeek-R1 არის AI-ში სპუტნიკის მომენტი," - თქვა ბიზნესმენმა მარკ ანდრისენმა და მიუთითებდა თანამგზავრზე, რომელმაც "კოსმოსური კონკურენცია" დაიწყო.
OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Gemini-ს მსგავსად, თქვენ ხსნით აპლიკაციას (ან ვებსაიტს) და უსვამთ მას კითხვებს ნებისმიერ საკითხზე, ის კი შესაბამის პასუხებს გცემთ.
DeepSeek გრძელ პასუხებს იძლევა და საკუთარ აზრს არ გამოხატავს, რამდენადაც არ უნდა სთხოვოთ ამის გაკეთება.
ჩათბოტი ხშირად პასუხის გაცემას იმაზე ხაზგასმით იწყებს, რომ თემა "მეტად სუბიექტურია" - იქნება ეს პოლიტიკა (“არის თუ არა დონალდ ტრამპი კარგი პრეზიდენტი?”) თუ გაზიანი სასმელები (“რომელია უფრო გემრიელი, პეპსი თუ კოკა-კოლა?”).
DeepSeek ამბობს, რომ ის 2023 წლის ოქტომბრამდე არსებული მონაცემების მიხედვით არის "გაწვრთნილი". აპლიკაციას, როგორც ჩანს, მიმდინარე ინფორმაციაზეც აქვს წვდომა, როგორიცაა დღევანდელი თარიღი, თუმცა ვებსაიტის ვერსიას ეს არ შეუძლია.
მაგრამ არის ერთი სფერო, რომელშიც ის არაფრით ჰგავს თავის ამერიკელ მეტოქეს - DeepSeek საკუთარ თავს ცენზურას უწესებს, როდესაც საქმე ჩინეთში აკრძალულ თემებზე კითხვებს ეხება.
“მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ”. - წერს ასეთ შემთხვევებში ხელოვნური ინტელექტი.
Apple-ის აშშ-ის App Store-ში უქმეებზე სწორედ DeepSeek-ი იყო ის უფასო აპლიკაცია, რომელიც ყველაზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. ორშაბათისთვის, ახალმა AI ჩათბოტმა ამ სექტორში ამერიკის ლიდერობაზე კითხვის ნიშნები გააჩინა.
BBC-ის რეპორტიორის ცნობით, სანამ ეს დრამატული მოვლენები ვითარდებოდა, სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი იმ ადამიანებს შორის, ვინც, ჩვეულებრივ, მზად არიან ასეთ თემებზე სასაუბროდ. ბევრი დამკვირვებელი, ინვესტორი და ანალიტიკოსი გაოგნებული ჩანდა.
ზოგიერთმა ეჭვქვეშ დააყენა ინფორმაცია, რომელსაც მათ DeepSeek აწვდიდა.
"ჩათბოტი გასაკვირად კარგია, რაც უბრალოდ, რთულს ხდის მისი ინფორმაციების დაჯერებას", - ამბობს ანალიტიკოსი, ჯონ მენსტერი.
აშშ-მ შეიძლება კვლავ გააგრძელოს სექტორზე კონტროლი, მაგრამ არსებობს განცდა, რომ DeepSeek-მა ამერიკელების თავდაჯერებულობა შეარყია.
დონალდ ტრამპმა ბაზარზე DeepSeek-ის გამოჩენას "გამოფხიზლების ზარი" უწოდა ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.