ავტორი:

"ნაპოვნია 18 გარდაცვლილი... შეჯახებისას თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო" - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები

"ნაპოვნია 18 გარდაცვლილი... შეჯახებისას თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო" - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები

American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

სამძებრო - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ავიაკატასტროფის შესახებ, რომელიც ოთხშაბათს საღამოს 21:00 საათზე მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მდინარე პოტომაკში ჩავარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები

  • უკვე ცნობილია დადასტურებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. CBS-ის ცნობით, მყვინთავებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ექსპერტები თვითმფრინავების ნამსხვრევებს იკვლევენ.

ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ შეჯახებისას რეისზე 5342 იმყოფებოდა 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. გამოცემის ცნობით, “თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო“.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს განადგურებული თვითმფრინავი და სამხედრო ​​Black Hawk -ის ნაწილები, რომელიც კატასტროფის შედეგად კოლოსალურად დაზიანდა.

თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ Black Hawk იყო არმიის ვერტმფრენი, რომელსაც სამი ჯარისკაცი, სასწავლო მისიაზე გადაჰყავდა.

ასე გამოიყურება სამხედრო თვითმფრინავი Black Hawk

პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს მსხვერპლთა შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 300 -ზე მეტი მაშველი. ისინი დაკარგულ ადამიანებს ღამის განმავლობაშიც ეძებენ.

“წარმოიდგინეთ, ღამით მდინარე იქცევა დიდ შავ ლაქად. შუქი არ არის. მხოლოდ ჩართულია რამდენიმე ნათურა“, - განაცხადა სახანძროს ხელმძღვანელმა ჯონ დონელიმ.

  • კატასტროფის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა:

“თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა?

ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

წყარო

იხილეთ ასევე: