ავტორი:

"ნუკრი ქანთარია მიზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას... მიმაჩნია, რომ ეს არის პირადი შურისძიება" - მსახიობი მეგი კობალაძე

"ნუკრი ქანთარია მიზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას... მიმაჩნია, რომ ეს არის პირადი შურისძიება" - მსახიობი მეგი კობალაძე

საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილემ, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძე გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და წერდა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრიდან მის გაგდებას აპირებდა. საუბარი იყო ნუკრი ქანთარიაზე. კადრებში ისმის ქანთარიას და კობალაძის კამათი.

"ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი დღეს აპირებდა ჩემს გაგდებას და მემუქრებოდა, გადაგიხევ ხელშეკრულებასო. კამერამ მიხსნა. კოლეგები მყავს მოწმეებად" - წერდა მსახიობი

გამორჩეული გარეგნობის მსახიობის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მეგი კობალაძეს მეტი დეტალების გასარკვევად პირადად დავუკავშირდით...

- რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს, რას უკავშირებთ მის (ნუკრი ქანთარიას) აგრესიას?

- მის აგრესიას ვუკავშირებ ჩემს განსხვავებულ მოქალაქეობრივ აზრს. იმას, რომ მას სიმართლის მოსმენა არ სურს. მიზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას და აპროტესტებს გაფიცული რომ ვარ.

- მანამდეც გამოირჩეოდა აგრესიით?

- ზოგადად ცინიკური უფროა, ვიდრე აგრესიული. თუმცა ჩვენი საუბარი ისე წარიმართა, მე მას ვუთხარი, რომ ის იყო ჩემთვის ქართული ოცნების იდეოლოგიის გამტარი, მხედრიონელებს შევადარე, რამაც მისი მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია. დამიწყო ყვირილი და მითხრა, რომ ხელშეკრულებას გამიხევდა და გამაგდებდა.

მანამდე მითხრა, დედაჩემს და მამაჩემს რომ არ სცემდეს პატივს, ამდენ ხანს გამაგდებდა. რის საფუძველზე გამაგდებთ-თქო რომ ვეკითხები, პასუხი არ აქვს.

- ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ არ დაგიკავშირდათ?

- არა, პირადად არასოდეს გვეკონტაქტება. დასის შეკრების დროს გვირეკავს დასის გამგე და გვიბარებს. კაბინეტის შესასვლელთან კი მდივანი უზის... მოკლედ დიდი კედელი აქვს აღმართული მსახიობებსა და მას შორის.

ჩემი მასთან შესვლის მიზეზი დანამატები იყო. ანუ ერთ კატეგორიაში ვინც ვართ, ზოგს მოუმატა 10%, ზოგს 17% და და ლეგიტიმური შეკითხვა გამიჩნდა, მე რატომ არ მომიმატეთ-მეთქი. პასუხად მივიღე, რომ თურმე სანდო არ ვარ. თუმცა არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ უარი მეთქვა, ან კეთილსინდისიერად არ შემესრულებინა ჩემი საქმე. არც ვაგვიანებდი, ძალიან დისციპლინირებული ვარ. ეს პასუხი, რომ თითქოს მე არ ვარ სანდო, არაფრით არ მივიღე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირადი შურისძიება მისი მხრიდან. იმიტომ რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მაქვს და ამას საჯაროდ ვამბობ, აქტიური მოქალაქე ვარ.

- ამბობთ რომ გსურთ ევროპა და არა რუსეთი?

- დიახ, ცხადია.

- თეატრში სხვები არ გამოხატავენ იგივე აზრს თუ მორჩილები არიან?

- ყველასგან არაა მორჩილება რა თქმა უნდა, ჩვენთან დასში ბევრი ღირსეული მსახიობია.

- ამ დაპირისპირების შემდეგ როგორ გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით ჯერ.

- დღეს ბევრი თეატრი ქუჩაშია გასული და პროტესტს გამოხატავს. თეატრიდან არ ყოფილა სოლიდარობა არტისტების მიმართ?

- თეატრის ოფიციალურ გვერდზე არ გაკეთებული არანაირი განცხადება, არ გამოუხატავს თეატრს თავის სოლიდარობა, როგორც მე ვიცი. თუმცა ცალკეულად ჩვენი დასის ბევრი არტისტია გაფიცული და ასევე ტექნიკური ჯგუფი. სამომავლოდ რას აპირებენ სხვები, მე ვერ გეტყვით. ვერავის დავავალდებულებ რომ გაიფიცოს, ან დარჩეს გაფიცული.

დაახლოებით სამი თვის წინ ვიყავით აჭარის კულტურის მინისტრი - მაია ხაჯიშვილთან მსახიობების გარკვეული ნაწილი და ვთხოვეთ მოსულიყო დასის შეკრებაზე. ან უბრალოდ მოსულიყო ჩვენთან და ნუკრი ქანთარიასთან ერთად გვესაუბრა ამა თუ იმ პრობლემებზე რაც თეატრშია. იმიტომ რომ ამ კაცთან ვერ ვამყარებთ ჯანსაღ კომუნიკაციას. ის აიგნორებს ყველა ჩვენს თხოვნას თუ მოთხოვნას -თქო, დაგვპირდა მოსვლას, თუმცა მას შემდეგ არ მოსულა. შთაბეჭდილება რჩება რომ ან ეშინია ნუკრი ქანთარიასი, ან უძლურია მასთან. ან უბრალოდ არ ვაინტერესებთ ჩვენ, რაც არა მგონია. ნუკრი ქანთარია პირდაპირ დასმულია თბილისიდან. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მგონია, რომ ქანთარია კი არ ემორჩილება მინისტრს, არამედ პირიქით. ზოგადად მინისტრზე მაღალი ხელფასი რომ აქვს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ესეც მეუცნაურება.

ასე რომ მინდა, თქვენი მედიის მეშვეობით მივმართო ქალბატონ მინისტრ - მაია ხაჯიშვილს და ვთხოვო, მოვიდეს, შეგვხვდეს თეატრში დასს ნუკრისთან ერთად...