ავტორი:

ქართული ფილმი, რომელიც საქართველოში არ უნახავთ და სადაც ულამაზესი თათული დოლიძე და სხვა ლეგენდარული მსახიობები თამაშობენ - "ორიგინალი რუსეთს აქვს"

ქართული ფილმი, რომელიც საქართველოში არ უნახავთ და სადაც ულამაზესი თათული დოლიძე და სხვა ლეგენდარული მსახიობები თამაშობენ - "ორიგინალი რუსეთს აქვს"

"მიიღეთ გამოწვევა, სენიორებო!" - ასე ჰქვია 1982 წელს გადაღებულ ფილმს, რომლის რეჟისორია კოტე სურმავა. ფილმში ლეგენდარული ქართველი მსახიობები მონაწილეობენ - თათული დოლიძე, კახი კავსაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ ყიფშიძე, ლილი ხურითი და სხვა.. ფილმს ნანი ბრეგვაძის ხმა გასდევს...

სიუჟეტი: სასტუმროს დიასახლისმა, მშვენიერმა მირანდოლინამ ერთი ქალთმოძულის მოხიბვლა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი მამაკაცის გული დაიპყრო, მაშინვე ზურგი შეაქცია...

თათული დოლიძე ფილმში მირანდოლინას როლს ასრულებს. მსახიობს ბევრისთვის უცნობ ფილმზე სასაუბროდ დავუკავშირდით...

- ერთი პერიოდი ფილმებს მოსკოვის დაკვეთით იღებდნენ, ეს ფილმიც მოსკოვის დაკვეთით გადაიღეს. ეს არის იგივე კარლო გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", ოღონდ ფილმს ჰქვია "მიიღეთ გამოწვევა სენიორებო"... რუსულ არხებზე ზოგჯერ გადის, ჩვენ კი როგორც ვიცი, არ გვაქვს. როცა გადაიღეს, მაშინ იყო პრემიერა კინოთეატრში. შემდეგ სიტუაცია რომ აირია, თქვეს, კინოსტუდიაში რაღაცები დაიწვაო... ორიგინალი რასაკვირველია რუსეთს აქვს. შეიძლება მოსკოვთან ამ საკითხზე საუბარი, თუ ამით დაინტერესდებიან.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფილმი?

- თქვენ წარმოიდგინეთ, გადაღება არ მინდოდა. მაშინ დაძალებით გადამიღეს, მაგრამ დრო რომ გადის შემდეგ რაღაცებს სხვანაირად უყურებ. ფილმში ძალიან ცნობილი მსახიობები თამაშობენ და შესანიშნავი ფილმია.

კადრი ფილმიდან - თათული დოლიძე

ლილი ხურითი:

- ფილმზე რას გაიხსენებდით?

- ერთ დღესაც, ბატონმა კოტემ ლექციაზე გამოგვიცხადა, რომ ფილმის გადაღებას აპირებდა და მირანდოლინას მსახური გოგონების როლში ჩვენი გადაღება უნდოდა. უზარმაზარი გემის მოლოდინში პატარა ნავმა მოგვაკითხა, მაგრამ ზღვაში გასვლის სურვილმა სულ დაგვავიწყა ჩვენი ამბიციები. დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით დავიწყეთ გადაღებისთვის მზადება. კაბებს დიდი არტისტებივით კინოსტუდიაში გვიკერავდნენ ინდივიდუალურად და თითოეულის კოსტიუმის შექმნაში, უშუალოდ მონაწილეობდა ბატონი ფარნა ლაპიაშვილი. ის სულ სამკერვალო ცეხში იყო და აკონტროლებდა თარგის დეტალებს, ნაკერებს, შესრულების ხარისხს. თითოეული ღილის, ზონარის, თუ არშიის მიკერების პროცესსაც, თავად ესწრებოდა.

მაშინ მიკვირდა, ნუთუ ასეთი მცირე დეტალებიც კი ასეთი მნიშვნელოვანია მეთქი. ახლა არ მიკვირს, ახლა ვიცი, რომ დეტალებისგან იქმნება მთავარი და მნიშვნელოვანი. ამიტომ შეიქმნა ასეთი ულამაზესი კოსტიუმები. თითოეული მათგანი ხელით ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო. სამწუხაროდ კინოსტუდიაში გაჩენილმა ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა. არც კი ვიცი რაიმე თუ გადარჩა იქიდან... ფაქტია, რომ ბატონმა ფარნამ ზღაპრული სამყარო შექმნა. გადაღების პირველი დღეც დაიწო. ჩვენ ოპერის მოცეკვავეებთან ერთად ცეკვებს ვსწავლობდით, ვიღებდით, ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ პლეხანოვზე გადავინაცვლეთ, მირანდოლინას პატარა სასტუმროში უნდა გვქონოდა დილის სცენის გადაღება, სადაც მირანდოლონა მშვიდობიან დილას უსურვებდა ყველას.

ფილმის გადაღებები

მოუთმენლად ველოდით მის გამოჩენას. ბოლო სართულზე პატარა სარკმელი გაიღო და ჰოი საოცრებავ, იქიდან კი არ გამოჩნდა, გამოანათა, უმშვენიერესმა და ულამაზესმა თათული დოლიძის მირანდოლინამ. მონუსხულები შევცქეროდით, ამ ენით აუწერელ სილამაზეს. ეს იყო რენესანსის დროის, რომელიღაც ცნობილი ფერმწერის ტილოდან გაცოცხლებული, საოცარ გამჭვირვალე ფერებში შესრულებული პერსონაჟი. მალე ფაბროციოც გამოჩნდა, მაშინდელი ახალგაზრდების კუმირი, ასევე შეუდარებელი ზურა ყიფშიძე. ულამაზესი წყვილი.

მეორე დღეს, მირანდოლინას სასტუმროს ჭიშკარს, თავგადასავლების მაძებარი ორი მსახიობი ქალბატონი მოადგა. "სასტუმროს დიასახლისს" კითხულობდნენ. "სინიორას" ტანსაცმელში გამოწყობილები, ცდილობდნენ თავი მნიშვნელოვან პერსონებად წარმოეჩინათ, ამისთვის ათასგვარ ხრიკებს მიმართეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და იძულებული გახდნენ დიასახლისისთვის გაემხილათ ნამდვილი ვინაობა. ეს სცენა, ისეთი ოსტატობით და ბუნებრიობით იყო გათამაშებული, რომ მსახიობები სასტუმროს ეზოს მთელს სივრცეს ავსებდნენ თავისი ხალისიანი და ლაღი თამაშის მანერით.

ამ საინტერესო სცენის მონაწილეები კი მანანა სურმავა და ნინელი ჭანკვეტაძე იყვნენ, ჩვენთვის სტუდენტებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ორი ნიჭიერი მსახიობი. ამის შემდეგ გადაღებებზე ყველა პერსონაჟთან მოგვიწია ურთიერთობა. ძალიან საინტერესო იყო ის დღეები, როდესაც გადასაღებ მოედანზე ყველა ერთად იყრიდა თავს, ბატონი კახი კავსაძე, ზურა კიკალეიშვილი, დათო პაპუაშვილი, ამირან ამირანაშვილი, ზურა ყიფშიძე, თათული დოლიძე და ჩვენ მეორე კურსის სტუდენტები, რომელთათვისაც მათთან ურთიერთობა როგორც პროფესიული, ასევე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო.

ამ ფილმის გადაღებები ჩვენთვის, მეორე კურსის სტუდენტებისთვის, საინტერესო თავგადასავალი და რაც მთავარია დიდი გამოცდილება იყო.გადაღებების მერე, კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით დავუბრუნდით სასწავლო პროცესს იმ განცდით, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი იმ გზაზე, რასაც პროფესიის დაუფლება ჰქვია, რომ კარგი შედეგის მისაღწევად მარტო ნიჭი არ კმარა, ამას პროფესიის საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება პლიუს ინტუიცია, გემოვნება.. ამ ყველაფერს ერთად კი დიდი მონდომება, შრომა და გამოცდილება სჭირდება. ყველაფერი კი ჯამში ქმნის იმ სინთეზს, იმ ჯადოქრობას, რაც ნუსხავს მაყურებელს, რის გამოც ის დადის თეატრში და უყურებს ფილმებს.