ავტორი:

მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"

მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში, უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანიც აპირებს. ეს განაცხადი, მამულაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცომ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებასა და სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი.

  • შეგახსენებთ, რომ მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მანამდე, ის ჯერ რობერტ ფიცომ, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსულმა სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტარმა ერიკ კალინიაკიმ დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

"სად მე და სად სლოვაკეთი?" - სვამს რიტორიკულ კითხვას მამულაშვილი და ფიქრობს, რომ რობერტ ფიცო კრემლში დაწერილ სცენარს მიყვება, რომლის ფარგლებშიც "ქართული ლეგიონი" ვიქტორ იანუკოვიჩმა, როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი იყო, დაადანაშაულებდა "მაიდნის" მოწყობაში.

შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებამ არაერთგზის დასდო ბრალო სამხედრო გადატრიალების მოწყობის საქმეში. მამუკა მამულაშვილის ვერსიით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრთხედ მიიჩნევს იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლების ჯგუფს - "ქართულ ლეგიონს" და მარიონეტების საშუალებით ცდილობს მის დისკრედიტაციას.

"პუტინის თანამოაზრე პოლიტიკოსები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ფიცო არის რუსული პოლიტიკის ნაწილი და რუსული პოლიტიკის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, გაჰყვა კრემლში დაწერილ იმ რუსულ გეგმას და სახელმწიფო გადამტრიალებლად გამომაცხადა. ჩემთან ერთად კიდევ 9 კაცს აუკრძალეს სლოვაკეთში შესვლა. სავარაუდოდ ეს 9 კაცი "ქართული ლეგიონის" მებრძოლები არიან" - ამბობს მამულაშვილი და გვიზიარებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მალე სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში ვიქტორ ორბანს ბელორუსი პრეზიდენტი ლუკაშენკოც მიჰყვეს, ვინაიდან "ქართული ლეგიონს" რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მტრად მიიჩნევს და ყველგან ცდილობს ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, სადაც გავლენა აქვს.

"როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ, ვერაფერს ვერ ხსნიან, მტკიცებულებები არ აქვთ და ვერც ექნებათ, იმიტომ ბუნებაში არ არსებობს. ფიცომ პრესკონფერენცია მომიძღვნა და დიდ ეკრანზე აჩვენა ფოტოები, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული სლოვაკ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, მათ შორის, სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ლუცია შტასელოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

ფოტოები ნამდვილია, მაგრამ ის გადაღებულია სლოვაკი მწერლის მიერ ჩემს შესახებ დაწერილ პრეზენტაციაზე, სადაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიღო ფოტო. მათ შორის პოლიტიკოსებიც ყოფილან, ისევე როგორც სპორტსმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. იჟა, როგორც მთავარი გმირი. პრეზენტაცია სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და შესაბამისად, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო უამრავმა ადამიანმა, რომელთა შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ" - გვიამბობს მამულაშვილი და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თბილისში მამის ავადმყოფობის გამო იყო ჩამოსული „ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ.

ბოლოს მამაჩემის ავადმყოფობის გამო ჩამოვედი.

"იმედის" ჟურნალისტები მომადგნენ სახლში და მკითხეს, სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხარ ჩამოსულიო? ვუპასუხე, რომ მამა მყავდა მისახედი და ამჯერად სახელმწიფო გადატრიალებების სერია გადადებული მქონდა, სხვა დროისთვის. სამ დღეში უკრაინაში წავედი და მამაჩემი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდი. ისევ დამიწყეს დევნა ტელევიზიებმა, - ხარ თუ არა ჩამოსული, სამხედრო გადატრიალებისთვისო? მე სარკაზმით ვუპასუხე, რომ სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად ასე არ ჩამოვალ, ამისთვის იარაღია საჭიროთქო".

მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია.

წაიკითხეთ ასევე: