ავტორი:

მომღერალს, რომელიც წლების წინ "ჯეოსტარში" მარინა ბერიძემ დაიწუნა, მსოფლიო კონკურსების შემდეგ, "ევროვიზიაზე" გასვლა სურს - თათია კობალაძე კარიერასა და სიმსივნესთან ბრძოლაზე

მომღერალს, რომელიც წლების წინ "ჯეოსტარში" მარინა ბერიძემ დაიწუნა, მსოფლიო კონკურსების შემდეგ, "ევროვიზიაზე" გასვლა სურს - თათია კობალაძე კარიერასა და სიმსივნესთან ბრძოლაზე

"ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე! სულ რაღაც ორი კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ" - ეს სიტყვები მომღერალსა და კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

  • ევროვიზიის 2025 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მომღერლებს საკონკურსო სიმღერები გაგზავნილი აქვთ.

მათ შორის არის თათია კობალაძეც, გოგონა, რომელიც საქართველოში არაერთ კონკურსზე დაიწუნეს, მაგრამ ის უკვე წლებია წარმატებულად ასპარეზობს სხვა ქვეყნის კონკურსებში.

თათია კობალაძე, ევროვიზიის განაცხადამდე 14 ლაივი ჰქონდა ყაზახეთის „ორ ვარსკვლავში“, სადაც მსგავსი პრეცედენტი იქამდე არ ყოფილა, რომ სხვა ეროვნების მომღერალი საკუთარი ქვეყნის ვარსკვლავად წარედგინათ. 16 წყვილში თათია ერთადერთი უცხოელი იყო. სწორედ იმ პერიოდში იგრძნო თავი ცუდად, როდესაც საქართველო-ყაზახეთი დაფრინავდა.

ვრცელ ინტერვიუში მომღერალი გვიყვება მოულოდნელ დიაგნოზზე, მკურნალობის გზასა და იმ ბრძოლაზე, რომელსაც ახლა გადის ევროვიზიამდე მისასვლელ გზაზე...

- შემოდგომაზე ყაზახურ „ორ ვარსკვლავში“ ვმონაწილეობდი, ხშირად მიწევდა ორ ქვეყანას შორის ფრენა. ნახევარფინალიდან საკუთარ თავს უცნაური რაღაცები შევატყვე, რასაც გადაღლილობას ვაბრალებდი. ფაქტობრივად არ მეძინა კონკურსის პერიოდში, სამი თვე სულ დავფრინავდი, რთული გრაფიკი მქონდა. არსებობენ, კონკურსის მომღერლები და ჩვეულებრივი მომღერლები, მე კონკურსის მომღერალი ვარ. ერთ დილას რომ გავიღვიძე, ყურიდან სისხლი წამომივიდა, ფრენისას იყო კიდევ ასეთი შემთხვევა როდესაც აეროპორტში, გაფრენამდე ცუდად გავხდი. რეისი გაჩერდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა საქართველოდან გაფრენა ამიკრძალეს, მაგრამ მაშინ ფინალი მქონდა ყაზახეთში და ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი. იქ რომ ჩავფრინდი, უკვე კარგად ვიყავი. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე რომ ამ სიმპტომებს ყურადღებასაც არ ვაქცევდი.

ფინალის შემდეგ, საქართველოში რომ დავბრუნდი, გარშემო ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან თეთრი ფერი მქონდა, ასევე მოულოდნელად ძლიერი ხველა დამეწყო. ახლობლები მაძალებდნენ ექიმთან მივსულიყავი, რადგან შესაძლოა ბრონქების ანთება მქონოდა.

- და მხოლოდ ხველის დაწყების შემდეგ მიხვედით ექიმთან?

- დიახ, ვიფიქრე, რომ ხველას სიმღერაში ხელი რომ არ შეეშალა, მივსულიყავი. ექიმმა მითხრა, თათია, თქვენ სხვა პრობლემა გაქვთ, ბრონქები არაფერ შუაში არ არისო. მერე დაიწყო დაუსრულებელი დიაგნოზების სერია. ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და საბოლოოდ თურქეთში წავედი კვლევებზე. ჩემთვის მთავარი იყო მემღერა. საერთოდ, რაც არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ბოლო დღემდე ვიმღერებ. ეს არის ჩემი სიცოცხლის აზრი.

- იქ რა დიაგნოზი დაგისვეს?

- საუბარია ყელისა და საშვილოსნოს სიმსივნეზე, ეს ბოლო, სტამბულში გაირკვა. თავიდან იშვიათი მიმართულების სიმსივნეს ვარაუდობდნენ, რომლისგან განკურნებაც რთულია, და ამ შემთხვევაშიც დიდია ალბათობა რომ უკან მობრუნდეს. სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს. იქ შესვლამდე ვფიქრობდი, რომ როგორც კი გამოვიდოდი საოპერაციოდან გამოჯანმრთელებული, ბრძოლას გავაგრძელებდი ევროვიზიისთვის. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ სიმღერა გაგზავნილი მქონდა. ოპერაცია კარგად დასრულდა, ახლა მკურნალობას გავდივარ და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.

მეუღლესთან ერთად

მინდა, რომ მქონდეს შანსი „ევროვიზიაზე“ წავიდე, სხვანაირად მოტივირებული ვარ, ისე უნდა ვიმღერო, თითქოს ეს იყოს ბოლო. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი, რომ ისეთი გამარჯვება მოვუტანო ჩემს სამშობლოს რომ ჩემმა ქვეყანამაც მაღიაროს როგორც ნიჭიერი მომღერალი და ჩემმა შვილებმაც იამაყონ ჩემით.

- სიმღერა როგორ შეარჩიეთ?

- როდესაც სიმღერა მინდა, პირდაპირ მაიკო კაჭკაჭიშვილს ვწერ. ის საოცარი კომპოზიტორია, მისი სიმღერები გულში და ძარღვში გაივლის ხოლმე. ზუსტად ვიცი, მაიკოს სიმღერა იქნება ის სიმღერა, რომელიც „ევროვიზიას“ მოიგებს და თათიაც ძალიან მაგრად შეასრულებს.

- თათია, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით.

- 16 წლის ბიჭი მყავს და გოგონა მალე 12 წლის გახდება. სიმღერა და შვილები ჩემთვის ყველაფერია. ცოტა მკაცრი ვარ მათთან, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან ამაყობენ ჩემით. გოგონას სიმღერა უნდა, ვაპირებთ პედაგოგთან მივიყვანოთ. ასევე მყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით მეზღვაურია და წლებია თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მე და ავთო პატარები ვიყავით რომ დავოჯახდით, ერთად გავიზარდეთ. იცის, რომ სიმღერის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, სანამ მიზანს არ მივაღწევ არ გავჩერდები.

- ოჯახი არ გეუბნება, რომ მკურნალობის პერიოდში, არ გარისკო კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობა?

- არა, ჩემი ოჯახი მხარს მიჭერს, იციან, რომ მაინც არ გავჩერდები. სიმსივნე არ არის განაჩენი, ის, რომ მე სიმსივნე მაქვს და ორი ოპერაცია გავიკეთე, იმას არ ნიშნავს, რომ ლოგინში უნდა ვიწვე და არაფერი ვაკეთო. ზუსტად მაგის დამტკიცებას ვცდილობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე. მე თუ ისეთ განწყობას შემიქმნიან, რომ ავადმყოფი ვარ და უნდა ვიწვე და არაფერი ვაკეთო, ეს უფრო დამანგრევს, ვიდრე ის, რომ მე „ევროვიზიაზე“ გავიდე.

- რა ეტაპზეა ახლა თქვენი მკურნალობის პროცესი.

- სიმსივნე ამომკვეთეს, ახლა თებერვლის ბოლოს, თურქეთში უნდა ჩავიდე, რომ შეამოწმონ ნამდვილად დაექვემდებარა თუ არა მკურნალობას. ძალიან მებრძოლი ვარ, მიზანდასახული და ყველაფერი ბოლომდე მიმყავს. იმდენი კონკური მაქვს მოვლილი, უკრაინული იქს ფაქტორი, საქართველოს იქს ფაქტორი, თურქეთის ვოისი, ყაზახეთის ვოისი, თურქისტანის ვოისი... მსოფლიოს ყველა კონკურსზე ვარ ნამყოფი და არ უნდა მქონდეს, რომ ამბიცია „ევროვიზიაზე“ გავიდე?

- მძიმე სანახავია ის ვიდეო, როდესაც „ჯეოსტარის“ შესარჩევ ტურში დაგიწუნეს. „შვილი გყავს 11 თვის, ოჯახი გყავს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, სიმღერა გინდა, მაგრამ მონაცემი არ გაქვს“ - გითხრა მაშინ მარინა ბერიძემ. რამდენად მძიმედ გადაიტანე უარი?

- რამდენიმე ხანი დეპრესია მქონდა, მაგრამ როგორც კი დაიწყო შემდეგი სეზონის კასტინგები, ნუცას სკოლა, ჯეოსტარი, ნიჭიერი, საქართველოს ვარსკვლავი, ყველგან დავდიოდი, არცერთი კონკურსი არ გამომიტოვებია. ბოლოს უკვე ვიფიქრე, რომ რაღაც ისე ვერ იყო, რადგან ყველგან უარს მეუბნებოდნენ.

ამის შემდეგ ვცადე ბედი უცხოურ კონკურსებში, „უკრაინის ვოისში“ კასტინგზე ფეხზე წამომიდგნენ გადასული ხარო, სწორედ ამიტომ ავტირდი პირველივე ტურში. 2010-2015-მდე საქართველოში ყველა კასტინგზე მოვიარე, მაგრამ არავინ მიკავშირდებოდა. რადგან ერთხელ უკვე მითხრეს, რომ მონაცემები არ მქონდა, სხვები არც მისმენდნენ.