ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი, ლუკა სარიშვილი გუშინ, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, “თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს.
“ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან და შემატყობინეს რომ შესული იყო ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები, რაზეც ლუკა თავის ადვოკატთან ერთად მიმართავს შესაბამის უწყებას, პოლიციის არასათანადო მოპყრობის გამო", - წერს ირინა სარიშვილი.
მოგვიანებით მან შვილის მდგომარეობის შესახებ “ფორმულასთან“ დეტალურად ისაუბრა.
“დილის 5 საათზე შეიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, ეს შემატყობინა ადვოკატმა. შეყვანილი ჰყავდათ ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები. პოლიციის მიერ, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
კლინიკაში არ იყო გადაყვანილი, პირდაპირ იზოლატორში მიიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნება მარცხენა მხარეს, ფერდის ქვემოთ. სიმართლე გითხრათ, მათი მოსმენის თავიც აღარ მქონდა, მირჩევნია ჩვენმა ადვოკატმა გამოიტანოს ინფორმაცია. თუმცა ფაქტია, ისე ცუდად არ არის რომ კლინიკაში გადაეყვანათ.
მისი თქმით, “იმის გათვალისწინებით, რომ “ხარება“ და მისი ჯგუფი უკვე პირადად იღებენ ადამიანის ცემაში და წამებაში მონაწილეობას, იმის მანიშნებელია, რომ ეს ძლიერი ხელისუფლება და ძლიერი სახელმწიფო არ არის.“