ავტორი:

5 დაკავებულ მომიტინგეს ტვინის შერყევა აღენიშნება, ერთ-ერთთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება - რას აცხადებენ ექიმები კლინიკებში მოთავსებულების შესახებ

5 დაკავებულ მომიტინგეს ტვინის შერყევა აღენიშნება, ერთ-ერთთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება - რას აცხადებენ ექიმები კლინიკებში მოთავსებულების შესახებ

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომელიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

ამასთან, როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

“გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

  • “ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც ერთი სტაციონარში ტვინის შერყევითაა მოთავსებული, მეორე კი გაეწერა

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

“გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში“, - აღნიშნა კლინიკა “ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.