საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას New York Times-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა, CNN და BBC ვიდეოს და რეპორტაჟებს მთელი დღის განმავლობაში, საათში ერთხელ უშვებდნენ. ლაპარაკია ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელსაც აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელი დაესხა თავს, რის შემდეგაც უმძიმესი დაზიანებები მიიღო...
"ექიმები მეუბნებიან, რომ სიკვდილს მილიმეტრებით გადავურჩი და საერთოდ, სასწაულებრივად გადავრჩი... რამდენიმე დღის წინ ხერხემალსა და თავის ტვინზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩავიტარე. კვლევის შედეგებმა სპეციალისტების კონსულტაცია უნდა გაიაროს და საბოლოო პასუხი მოგვიანებით მეცოდინება. სავარაუდოდ რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მომიწევს“, - გვეუბნება გურამ როგავა.
როგორ იხსენებს თავდასხმის ეპიზოდს, როგორ აფასებს მომხდარს, რაზე სტკივა გული ყველაზე მეტად და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამას გურამ როგავას ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ცოტა სახიფათო ადგილია, სადაც ეს დაზიანება მივიღე (მე-7 მალის მოტეხილობა იყო) კისერთან, სადაც არაერთი ნერვული დაბოლოება გადის. ის პასუხისმგებელია ხელ-ფეხის ფუნქციებზე. შესაძლებელი იყო საერთოდ უფუნქციოდ ვქცეულიყავი, გავთიშულიყავი და სხეული დამეკარგა... ტრავმის შემდეგ ბევრი ვიარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ჩემი ფეხით მივედი, გაოცდნენ ექიმები. მოტეხილი მაქვს ასევე მარცხენა მხარეს სახის ძვალი და ახლა ამ კუთხით უფრო მაქვს დისკომფორტი, მაწუხებს. ფიქსატორი ისევ მიკეთია და საბოლოო ანალიზების შემდეგ მეტყვიან მოვიხსნი თუ დავიტოვებ. სახლში ვცდილობ, რომ რაღაც პერიოდულობით მოვიხსნა, მაგრამ როცა გარეთ გავდივარ, მაინც ვიკეთებ - ამას უფრო პრევენციის ფუნქცია აქვს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მომცემს, ჩემი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელო. 11 თებერვლიდან ახალი გადაცემის დაწყებას ვაპირებ. საქართველოს რეგიონებში უნდა ვიმოგზაურო. ხალხს ვკითხო, რა უჭირთ, რა სჭირდებათ, როგორ ხედავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს... ჩემზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გავაანალიზე ის, რომ მედიასაშუალებებში ხალხის ხმა მეტად უნდა ისმოდეს. ახალ პროექტს ერქმევა "ხალხთან ერთად,“ რომელსაც მე და ელისო ჯარიაშვილი ერთად გავაკეთებთ.
იმის გამო, რომ "ქართული ოცნების“ არცერთი სპიკერი ჩვენთან არ მოდის, არადა, კითხვები დღეს სწორედ მათთანაა, ამიტომ გადაწყდა, "ქართული ოცნებისთვის“ დასათმობი დრო, ხალხს დავუთმოთ... ძალიან მომენატრა ჩემი საქმიანობა... გული იმაზე მწყდება, რომ დღეს ჩვენს საქმეს სრულყოფილად ვერ ვაკეთებთ, რეჟიმმა აქტივისტებად გვაქცია, მაგრამ ასეთია რეალობა... მითხრეს, რომ ამ ქვეყანაში გამოძიების უფლებით ვერ ვისარგებლებ და ამისთვისაც თურმე უნდა ვიბრძოლო. პროკურატურა ვაიძულო, ამოიღოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ჩემს საქმეზე ვინმე გამოჰკითხოს... დავა მიწევს იმაზე, რომ კამერები ამოიღონ...
- ფაქტობრივად, მეორედ დაიბადეთ...
- მართლა მეორედ დავიბადე და ეს გავიაზრე. არ მინდა, მეორე ცხოვრება ფორმალური ურთიერთობებისთვის გამოვიყენო, ფარისევლობაზე თვალი დავხუჭო. მივხვდი, რომ რაღაცებზე უფრო მკაფიოდ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი. არ მინდა, ტყუილში ცხოვრება. ყოველთვის მჯეროდა ჩემი პროფესიის და ჩემი პროფესიის მისიის - ეს ჩემზე თავდასხმის მერე კიდევ უფრო ვიწამე... ჩემი აზრით, მათი მიზანი იყო, რომ ზოგადად მედია ასეთი ფაქტებით შევეშინებინეთ. არ ვიცი, რანაირად მოხდა, რომ შიშის ნაცვლად უფრო მოტივირებული ვარ, ასეთი მონდომებული არასდროს ვყოფილვარ, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა...
ჩემზე თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ "ფეისბუქზე“ ჩემი ჩართვიდან ამონარიდი, ვიდეო-ეპიზოდი გამომიგზავნა, რომელშიც ჩანდა, სპეცრაზმელებმა უიარაღო ერთ-ერთი მოქალაქე სასიკვდილოდ როგორ გაიმეტეს - სასტიკად ჩაქოლეს... იმ ადამიანმა მითხრა, რომ შენი ეს ჩართვა სასამართლოზე გამოვიყენეო. ეს რომ ეთერში არ გენახებინა, ჩემს ძმას გამოგონილი ბრალდებით დააკავებდნენო. თან აღწერდი, რომ მშვიდობიანი მომიტინგე უმიზეზოდ დააკავეს, ეს ჩემთვის უკვე არგუმენტი და მტკიცებულებაა და მადლობა ამისთვისო. თუნდაც ამიტომ ვარ ბედნიერი, რომ ჩემი საქმიანობით ვიღაცას დავეხმარე. ამ პროფესიაში ამ მისიის მჯერა... სხვა სურვილები რომ მქონოდა, სხვა პროფესიას ავირჩევდი, რომელიც შემოსავლიანი იყო, მშვიდი ცხოვრება მექნებოდა და რისკს არ გავწევდი.
მოკლედ, ახლა "ავიღე" მეორე სიცოცხლე და ყველაფერს გავაკეთებ, რათა, კომპიუტერული თამაშის მაგალითზე რომ ვთქვა, ბრძოლის ბოლოს დაიწეროს - მისია შესრულებულია.
- თქვენი მდგომარეობით ადამიანები ძალიან შეწუხდნენ...
- კი, ძალიან წუხდნენ, მამხნევებდნენ, რაც ყველა მედიკამენტზე, ყველანაირ სარეაბილიტაციო კურსზე, მკურნალობაზე მეტია. მე იმ ადამიანებზე ვწუხდი, ასე სასტიკად რომ უსწორდებოდნენ, არბევდნენ. მოქალაქეებს ერთმანეთზე ზრუნვის მომენტი რომ გაგვიჩნდა, ეს ცალკე ძალაა.
- იმ დღეს, გადაღებაზე წასვლის წინ იფიქრებდით, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო?
- მთელი ამ წლების განმავლობაში მუქარები მუდმივად იყო... უშუალოდ იმ დღეს, მთელი საღამო, ღამე, დილამდე, ვიდრე არ გამთიშეს, ვაჩვენებდი ამ ე.წ. შავ კაცუნებს, რომლებსაც არანაირი საიდენტიფიკაციო ნომერი, წარწერა არ ჰქონდათ. მათთან მივდიოდი და ვეკითხებოდი, - რატომ ხართ აქ? რა უწყებას წარმოადგენთ? თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხართ, რატომ არ გაქვთ წარწერა, რატომ არ გაქვთ ნიშანი, რომ ოფიციალური უწყებიდან ხართ? ამაზე ძალიან ღიზიანდებოდნენ. პარლამენტის, რუსთაველის ირგვლივ, სხვადასხვა ქუჩაზე დავდიოდი და ვცდილობდი, მეპოვა მათი შეკრების ადგილები და ვპოულობდი კიდეც, კითხვებს ვუსვამდი და ეთერში ვაჩვენებდი... მოგვიანებით, ვიდრე ჩემზე თავდასხმა მოხდებოდა, "თბილისი-მერიოტთან“, ერთ-ერთ ქალბატონს ვწერდი, რომელიც სპეცრაზმელების წინ ევროკავშირის უზარმაზარი დროშით დადიოდა. მას რომ ველაპარაკებოდი, ზურგს უკან სპეცრაზმელები იყვნენ და ინტერვიუს შინაარსი ესმოდათ. აღვწერდი იმას, რომ ესენი აქ არიან პროვოკაციისთვის და არ აქვთ საიდენტიფიკაციო ნიშანი, მათ აქვთ ბრძანება - სასტიკი მეთოდები გამოიყენონ, მაგრამ მერე ისინი ვერ ამოვიცნოთ... ამ ინტერვიუს დროს ჩემი გვარი გავიგონე - როგავა, შენ დღეს რა მოგივაო.. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია... მაგრამ იმის მერე, 30-40 წუთში ჩემზე თავდასხმა მოხდა.
- კადრში კარგად ჩანს ეს ფაქტი...
- ჩემზე თავდასხმამდე მათთან მივედი, რადგან შუაში მომწყვდეული ჰყავდათ მომიტინგე, რომელიც რამდენიმე წამით ადრე, სპეცრაზმელს სიმბოლურად შიშველ ხელებს აჩვენებდა. ის ადამიანი ჩაქოლეს... მივუახლოვდი, პირდაპირ ეთერში ვიყავი და ამ ამბავს აღვწერდი. ჩემი ხმა სპეცრაზმელმა რომ გაიგო, კადრშიც ჩანს, ჩემკენ გამოიქცა და ხელი დამარტყა. მე სახეზე ხელი მივიფარე, იმის გამო, რომ მოშორებით ვიღაცამ ფეიერვერკი გაისროლა და მისგან სახე, თვალები დამეცვა. ის სპეცრაზმელი არც მინახავს, რომ ჩემზე თავდასხმას ცდილობდა. არადა, კადრში ისე აღიქმება, თითქოს თავდასხმას ვიგერიებ. ასე არ ყოფილა. რომ დამენახა, ალბათ გავიქცეოდი...
- ახლა რას ეტყოდით კონკრეტულად იმ ადამიანს?
- ჩემთან მნახველები რომ მოდიოდნენ, მას აგრესიით და წყენით მოიხსენიებდნენ, ვაჩერებდი, რადგან ამ ადამიანის მიმართ იგივე ემოცია არ მაქვს, ბრაზზე მეტად სინანული მაქვს. იმიტომ არა, რომ განსაკუთრებულად კეთილშობილი ადამიანი ვარ, თუმცა მჯერა ქრისტიანული იდეების, მაგრამ ახლა ჩემი თავი არ დამიძალებია ამაში... ჩემი აზრით, ის - ჩემზე თავდამსხმელიც ჩემსავით ამ სისტემის მსხვერპლია. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მართლა პოლიცია რომ გვყავდეს და არა მილიცია, მას ალბათ სხვა დავალებას მისცემდნენ და უკანონო ბრძანების შესრულება არ მოუწევდა. მინდა მას ვუთხრა, - ცხოვრება ბუმერანგია, ამის მჯერა... შეგნებულად ცუდი არავისთვის გამიკეთებია, თუ ისიც ასე ხედავს ამ ცხოვრებას, დაფიქრდეს, რა გააკეთა, რატომ და რისთვის... მე იქ არაფერს ვაშავებდი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ჩემს პროფესიას ვემსახურებოდი, მაყურებელს რეალურ სურათს ვაჩვენებდი, რა ხდებოდა რუსთაველზე. მისთვის ქვა არ მისვრია... მჯერა ადრე თუ გვიან გავიცნობ, ვნახავ და თვალებში ჩავხედავ, თუ ასე მოხდა, პირობას ვაძლევ, რომ ჩემი მხრიდან შენდობა იქნება. მივუტევებდი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა სიკვდილისთვის გამწირა. ამ ყველაფერს არ ვამბობ სიყალბით, - ასეთი ემოცია მაქვს...
- ვინმეს ხომ არ მოუკითხიხარ "ქართული ოცნებიდან?“
- რამდენიმე უწყების პრესსამსახურმა მომიკითხა, ვისთან ერთადაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში მიმუშავია. მათ შორის არ იყვნენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები. არ ვიცი, რა ხდება ამ ხალხის ტვინში. რანაირად შეიძლება ეს მოხდეს?! თვითონ მაღალჩინოსნებიდან არავინ შემხმიანებია, მაგრამ როცა საავადმყოფოში ვიყავი და მკურნალობის კურსს გავდიოდი, ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად ყველა უწყებიდან მირეკავენო... როგორც ჩანს, ექიმებისგან იღებდნენ ინფორმაციას.
- როგორც ჟურნალისტი არაერთ ომში ხართ ნამყოფი და ამბობთ, რომ ყველგან გადარჩით, მაგრამ რუსთაველზე - ვერა... რა ემოცია დაგიტოვათ კონკრეტულად 2008 წლის აგვისტოს ომმა?
- ეს ჩემი, როგორც ჟურნალისტის, პირველი კონფლიქტი იყო. ვყოფილვარ უკრაინაში, სამი თვე მაიდანზე ვცხოვრობდი, ასევე ყირიმში, დონეცკში, როცა იქ რუსები შევიდნენ, ე.წ. მწვანე კაცუნები, სირიის კონფლიქტზე მიმუშავია, ისრაელში, ღაზას სექტორში, ყარაბაღში, რის გამოც აზერბაიჯანმა შავ სიაში შემიყვანა და პერსონა ნონ გრატად გამომაცხადა, იმის გამო, რომ იქ აღვწერე ომის კონკრეტული დანაშაულები...
ამ კონფლიქტების საფრთხის ეპიცენტრში, ქართულ მედიას არ გვაქვს ის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საერთაშორისო მედიას აქვს. ჩვენ ჩვენი გულუბრყვილობით შევდივართ და არ ვფიქრობთ არანაირ რისკზე. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი რისკის ქვეშ ვყოფილვარ, ყოველთვის, ომშიც კი მიგრძნია, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია. მქონია კომუნიკაცია იმ "მწვანე კაცუნებთან", ვინც ყირიმში შემოვიდა, რუსებზეა საუბარი, მათთან პირისპირაც მილაპარაკია. აგვისტოს ომში ყველა დაპირისპირებულ მხარესთან მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ისე, რომ ვინმეს სამიზნე ვყოფილიყავი, ომშიც კი, ეს შეგრძნება არ მქონია.
ახლა აქ ჟურნალისტები, ვინც ამ რეჟიმს არ ემორჩილება, "ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოგზავნილ დირექტივებს არ იღებს, ყველანი პირდაპირი სამიზნე აღმოვჩნდით. მათი გზავნილია, თუ ჩვენს დირექტივებს თქვენს ნიუსრუმში არ იზიარებთ, ჩვენ სასიკვდილოდ გაგიმეტებთ, დაგასახიჩრებთ ან გამოგამწყვდევთ. დაშინებას ასე ცდილობენ. გარდა იმისა, რომ ჩემი ამბის გამოძიების უფლებას არ მაძლევენ, "ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებში ჩემზე თავდასხმა არ გააშუქა. სპეცრაზმელზე მეტად ჩემი კოლეგების დუმილმა და უმოქმედობამ გამაბრაზა... ბრაზი თუ ვინმეს მიმართ მაქვს, ესენი ჩემი კოლეგები არიან, რადგან მათ როგორც კოლეგებს ისე აღვიქვამდი, ხოლო სპეცრაზმელი ჩემთვის უცხო ადამიანია. დღეს სიჩუმე და უმოქმედობა თანამონაწილეობაა. უმოქმედობა კი არა, ისინი ახლა ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებენ.
- ბევრს რატომღაც, აფხაზეთიდან დევნილი ჰგონიხართ, არადა, ზუგდიდში ხართ დაბადებულ-გაზრდილი... აფხაზეთის ომი როგორ შეეხო თქვენს ოჯახს?
- როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ჩვენ ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებს ვმასპინძლობდით. გაჭირვება იყო, საღამოობით შეშის ღუმელთან შემოვსხდებოდით, ხშირად ისეთი დღეებიც იყო, როცა მხოლოდ მუხუდო გვქონდა, რასაც ღუმელზე მოვხალავდით და იმას მივირთმევდით... იმ გაჭირვებაში, იმ ღუმელთან აფხაზეთიდან დევნილი ჩემი ნათესავები თავის ისტორიებს ჰყვებოდნენ და მე, პატარა ბავშვი ვუსმენდი. სკოლაში გაკვეთილები ტანკების ხმაურის ფონზე გვიტარდებოდა, აფხაზეთისკენ მიმავალი ან აფხაზეთიდან მომავალი ტანკები ჩვენი სკოლის წინ მოძრაობდნენ... იყო ასეთი ფაქტიც, როცა ჩვენი სახლიდან გაასვენეს აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი ნათესავი... ამ გარემოში გაიარა ჩემი ბავშვობის იმ პერიოდმა. მერე ბავშვობის ეს ტრავმა, მაღალ კლასებში ჩემთვის გარდამტეხი გახდა. მივხვდი, რომ მაინტერესებდა ზოგადად ომი რატომ იწყებოდა, ომებს რა მოლაპარაკებებით აგვარებდნენ, მხარეები რაზე თანხმდებოდნენ და ეს ყველაფერი როგორ აისახებოდა მოქალაქეებზე... მოკლედ, შეშის ღუმელთან მოყოლილი ამბები, არ მინდოდა, მხოლოდ ჩვენს ოთახში, ჩვენს სახლში დარჩენილიყო. რუსების იმ სისასტიკეზე, რასაც ბავშვობიდან ვისმენდი, მინდოდა, ყველას გაეგო. უსამართლობის წინააღმდეგ განსაკუთრებული რეაქცია მქონდა. მეუბნებიან, რომ სულ რაღაცას აპროტესტებდი და სულ რაღაცაზე ხმაურობდიო. ჩემი თავი სულ ომის რეპორტიორად წარმომედგინა და ასეც მოხდა ოღონდ, შემთხვევით... ომები იმდენად არ მაინტერესებს, რამდენადაც ომში ადამიანების მდგომარეობა, მათი ისტორიები. იქ ვხედავდი, როგორ იხოცებოდნენ ადამიანები, ვუყურებდი მათ დანაწევრებულ სხეულებს, - საშინელი სურათები მინახავს...
- საოცარი ფაქტი გაიხსენეთ, თქვენი სახლიდან გაასვენეს აფხაზეთიდან დევნილი თქვენი ნათესავი?
- დედაჩემის ხასიათია ასეთი, საოცარი თანადგომის უნარი აქვს. შეუძლია, სრულიად უცხო ადამიანებსაც ასე უანგაროდ დაეხმაროს. ამ ამბავს მეზობლები დღემდე იხსენებენ, არ ვიცით, ამის გაკეთებას ჩვენ თუ შევძლებდითო... როგორი ახლობელიც, ნათესავიც არ უნდა იყოს, ძალიან რთულია შენი სივრცე, ოთახი დაუთმო არა ოჯახის წევრს... ჩემთვისაც უცნაურია, მაგრამ დედა ასეთი ხასიათისაა. ის მამაკაცი ჩვენი ნათესავი იყო... მერე დედაჩემმა ჩვენთან დატოვა მისი მეუღლე და შვილი, რაღაც პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ... დღეს ძალიან ახლობლები ვართ... დედას აქვს ასეთი ძალები და არ ვიცი, საიდან პოულობს - ძლიერი ხასიათის ადამიანია.
- გურამ, როგორ ფიქრობთ, დღეს მედიის მიმართ ასეთ სისასტიკეს რატომ იჩენენ?
- ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ შიში დანერგონ მოსახლეობაში, რომ ქუჩაში არავინ გავიდეს, რომ ჟურნალისტებმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვან... მზია ამაღლობელი არის მათი შეგნებული სამიზნე, ის არჩიეს როგორც სიმბოლო. ასე არჩევენ რეჟიმები თავის მსხვერპლებს. მზია რა ბრალდებითაც არის დაკავებული, ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა, ამაზე პროპაგანდის მანქანა არ ლაპარაკობს, მხოლოდ იმ კადრს აჩვენებს, სადაც ასე ვიტყოდი, მზიამ ხელი მიუთათუნა პოლიციის უფროსს... ეს მაღალჩინოსანი ჩვენებაში აღწერს, რომ ტკივილი განვიცადე და სიწითლე აღმენიშნებოდაო. ცდილობს, რაღაც დრამატულად დახატოს ეს ფაქტი და დაამძიმოს ვითარება... ვის არ ექნებოდა მზიასგან განსხვავებული რეაქცია, პოლიციელმა რომ დედა აგინოს და შეაფურთხოს? მადლობა უნდა უთხრას?!
უნდათ, რომ ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრონ. ბიძინა ივანიშვილის გეგმა არის, რომ დაგვაჩლუნგონ, დაგვაჩაჩანაკონ, რომ პოლიციელს ჰქონდეს ყველაფრის უფლება. სწორი კუთხიდან უნდა დავინახოთ ეს ამბავი, - მზია არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და არა მოძალადე. მას იმიტომ უსწორდებიან, რომ წარმოადგენს იმ მედია-ორგანიზაციას, რომლის პოლიტიკა დაფუძნებულია საზოგადოების ინტერესებზე და არა "ქართული ოცნების“ ოფისიდან წამოსულ დირექტივებზე... ჩემთვის მძიმე იყო მისი სასამართლო დარბაზში დანახვა, მას ხელში ჰქონდა წიგნი "როგორ დავამარცხოთ დიქტატურა“. ამ წიგნში ბევრი პასუხია იმაზე, რომელიც ახლა გვაწუხებს... მინდა, იმ ადამიანებმა, ვინც დღეს კომფორტულად არიან, ამაზე იფიქრონ... ეს ყველაფერი, ასე თუ გაგრძელდა, მათი კომფორტის ზონასაც გასცდება და უბრალოდ დაუცველები აღმოჩნდებიან.
- მწვავე კრიზისიდან გამოსავლად რას მიიჩნევთ?
- სანქციებს, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის. ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ "ქართულ ოცნებას“ შეუძლია ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა შეგვინარჩუნოს. სტრატეგიული პარტნიორები აღარ გვყავს და ვართ ჩიხში მომწყვდეულები... ვინც დღეს საკუთარ კომფორტზე, კეთილდღეობაზე, ხელფასის და სტატუსის შენარჩუნებაზე ფიქრობს, მათაც არ მოეწონებათ იზოლაციაში მყოფ საქართველოში ცხოვრება და ამაზე იფიქრონ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო. შეწყვიტონ სიჩუმე, რომელიც ამ რეჟიმს აძლიერებს, ამოიღონ ხმა ამ უმართლობის წინააღმდეგ. გამოსავალიც ეს იქნება!