ყველაზე პოპულარული და ამაღელვებელი მიმართულება. არაერთი კლასიკოსი მწერლის რომანმა გაუძლო დროს და დღესაც, ასწლეულების შემდეგ კვლავ უამრავი ადამიანის გულს იპყრობს. სასიყვარულო ისტორიების, დრამების კითხვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას უყვარს. სწორედ მათი რჩეულია კოლინ ჰუვერი, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული სასიყვარულო ისტორიების ავტორია. მისი რომანები ემოციურად დატვირთულია, სავსეა დრამატული მომენტებით და მკითხველს ბევრსაც აფიქრებს.
ჰუვერის რომანები ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ისინი გასულ წელს წლის ბესტსელერი წიგნების რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებდნენ და ასეა დღესაც. ჰუვერის რომანები საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევა წიგნის მოყვარულებისთვის. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ვალენტინობას შეგიძლიათ საყვარელ ადამიანსაც აჩუქოთ.
ყველაფერი იწყება ჩვენით
ყველაფერი მთავრდება განქორწინებით, თუ ქალის მეხსიერება და დღიური ასეთ შემთხვევათა სიას ინახავს: სილა გამაწნა სიცილის გამო; კიბიდან დამაგორა; ისე მცემა, რომ ნაკერები დამადეს; ჩემზე ძალადობა სცადა... მაგრამ განქორწინებით ყოველთვის როდი მთავრდება ქალისთვის განსაცდელი: ერთ მხარეს დგას მოძალადისგან საფრთხის მოლოდინი, მეორე მხარეს - ახლებურად ცხოვრების წყურვილი; ორივე შემთხვევის ფონი კი შიშია. ...და როცა ლილი რისკავს და, ამ შიშის მიუხედავად, ირჩევს თავისუფლებასა და სიყვარულს, ეს მისი მხრიდან არის გაბედული და თამამი გზავნილი ყველა ქალისთვის, რომ ყველაფერი იწყება ჩვენით!
მისი გახსენება
ციხეში ხუთი წლის გატარების შემდეგ კენა როუენი ბრუნდება ქალაქში, სადაც საყვარელი ადამიანი დაკარგა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომის გამო; ბრუნდება იმ იმედით, რომ წართმეულ ქალიშვილს დაიბრუნებს... თუმცა ხიდი დამწვარია და თითქოს აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც კარი არ მიუხურა, ლეჯერ უორდია, რომელიც მეგობრის დაღუპვის შემდეგ მის გოგონას მამის მაგივრობას უწევს. მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა, მათი სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. კენამ აუცილებლად უნდა გამონახოს წარსული შეცდომის გამოსასწორებლად გზა, რათა შეიქმნას მომავალი, სავსე იმედითა და მიტევებით.
გულის ძვლები
„გულის ძვლებიც“ საყვარელი მწერლის თაყვანისმცემელთა დიდი ხნის ნანატრი რომანია. ბეია გრიმი კარგად თამაშობს ფრენბურთს. სწორედ ამის წყალობით მოიპოვა სტიპენდია უნივერსიტეტში. სწავლის დაწყებამდე წინ ზაფხული და არაერთი სიახლეა, სამწუხარო თუ გასახარი: დედის სიკვდილი, მამის ლამის თავიდან გაცნობა და სიმპათიურ, მაგრამ გულჩათხრობილ ბიჭთან შეხვედრა. ორივეს, ბეიასაც და სამსონსაც, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც ახლა არიან უდარდელად და ამიტომაც ერთმანეთთან ყოფნა მათთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბობოქარი ზაფხული საცაა გაილევა და რა ელის შეყვარებულებს, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება?! - ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ.
ყველაფერი მთავრდება ჩვენით
როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი!
კოლინ ჰუვერის შესახებ
კოლინ ჰუვერი ამერიკელი მწერალია, რომლის რომანებიც ძირითადად მოზარდებისა და ახალგაზრდა თაობისთვისაა განკუთვნილი. ძირითადი თემები, რასაც რომანებში შეხვდებით, ასეთია: სიყვარული, ტრავმა, მეორე შანსი, ემოციური და პიროვნული ზრდა.
ჰუვერი პრემია Goodreads Choice Award-ის სამგზის მფლობელია ნომინაციაში „რომანი სიყვარულზე“. მას ხშირად ჩვენი დროების ლიტერატურულ ფენომენს უწოდებენ. ჰუვერის გმირები ძალიან რეალურები და ადამიანურები არიან, რაც მისი რომანების განსაკუთრებულ პოპულარობას უწყობს ხელს. დამაინტრიგებელი სიუჟეტები მკითხველს ბევრს აფიქრებს და უკეთესობისკენ ცვლის.
გაგვიზიარეთ, კოლინ ჰუვერის რომელი რომანია თქვენი რჩეული ან რომლის წაკითხვას აპირებთ უახლოეს მომავალში?
R