ავტორი:

პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება - საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება - საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.

პარლამენტს თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.

ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.

  • საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს უსაფრთხოების “ყვითელი დონე“ იმოქმედებს.

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.