დანაშაული, რომლის დეტალებს გიამბობთ, სულისშემძვრელია. სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, ციხეშია გამოკეტილი 50 წლის ქალი შოკის მომგვრელი ბრალდებით - ის საკუთარი არასრულწლოვანი უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის გაასამართლეს. მართალია, ქალი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში ბევრი მტკიცებულება დევს მის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბავშვების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ძალაში დარჩება უმკაცრესი სასჯელი, რადგან ამბავი იმდენად მძიმეა, სხვა ვერდიქტი მართლაც წარმოუდგენელია. გასამართლებულია და უკვე ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა 35 წლის მოძალადე მამაკაცის საქმემ, რომელიც 50 წლის ქალთან ერთად ცხოვრობდა, და მასაც უსინათლო გოგონას გაუპატიურებისთვის 18 წელი მიესაჯა. ბავშვების უფლებებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი თამარ გაბოძე იცავს. ორგანიზაციას საქმეში ჩართვა არასრულწლოვანი გოგონას პედაგოგმა სთხოვა და მას შემდეგ ადვოკატი და-ძმის უფლებებს იცავს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ადვოკატი თამარ გაბოძე:
- ეს ამაზრზენი დანაშაული საზოგადოებისთვის 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონაზე ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებს: ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას, ტრეფიკინგს, იძულებით მოწყალების სათხოვნელად ბავშვის გაყვანას. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
2018 წლის ზაფხულში, და-ძმა, 8 და 7 წლის ბავშვები ზრუნვის სააგენტომ საცხოვრებლად საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა. მიზეზი დედის მიერ შვილების უგულებელყოფა იყო, მშობლის უნარების ნაკლებობა, ასევე სოციალური საკითხები. და-ძმამ მინდობით აღზრდაში ექვსი თვე გაატარა. მოგვიანებით, 2018 წლის დეკემბერში, ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბავშვები ბიოლოგიურ დედასთან დააბრუნეს ისე, რომ პრობლემა, რის საფუძველზეც იქიდან გაიყვანეს, არ აღმოფხვრილა. სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვებთან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი მუშაობდა. იმხანად მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი, 35 წლის მამაკაცი. სწორედ აქედან დაიწყო 8 წლის გოგონაზე ფიზიკური, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის უწყვეტი ციკლი, რომელიც სამი წელი, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ ერთ ღამეს უსინათლო გოგონა სახლიდან არ გაიქცა.
იმ ღამეს კაცმა ბავშვს სცემა, თავში ჯოხი ურტყა, მან კი გაქცევა მაინც მოახერხა და დახმარება ითხოვა. 112-ში ანონიმური ზარი შევიდა. სამართალდამცავები საცხოვრებელ კორპუსთან მალე მივიდნენ. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. 11 წლის გოგონამ სამართალდამცავებს სთხოვა მეორე დღეს მასთან სკოლაში მისულიყვნენ და იქ მოჰყვებოდა დეტალებს, ბავშვების დედა კი ცდილობდა დანაშაული დაეფარა. მან პოლიციას ბავშვებთან გასაუბრების უფლებაც არ მისცა, ამბობდა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა, შინაური ცხოველის გამო იყო მცირე უთანხმოებაო. თუმცა მეორე დღეს პოლიციამ სიტუაციის გასარკვევად გოგონას სკოლაში მიაკითხა და ბავშვმა პედაგოგის თანდასწრებით პოლიციას უმძიმესი დანაშაულის დეტალები უამბო, როგორ აუპატიურებდა მას მათ სახლში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი. რაც ყველაზე მძიმეა, ხშირად დედა იყო ამ ფაქტის შემსწრე, ბავშვი დედას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. ამ დანაშაულის შემსწრე გოგონას 7 წლის ძმაც იყო.
საქართველოს კანონმდებლობით, სექსუალური ძალადობის შემსწრე ბავშვიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ცხადია, მოვითხოვეთ გოგონას ძმის დაზარალებულად ცნობა სექსუალურ ძალადობაში. ამჟამად მასაც მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
- დამნაშავე პოლიციამ მაშინვე დააკავა?
- დიახ, ბავშვის სისტემატურად გაუპატიურების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დააკავეს ბავშვის მამობილი. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გააგრძელეთ კითხვა