საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება სამი დღით ადრე ეცნობოთ. ასეთ შემთხვევაში, მათ მიეცემათ კომპენსაცია - 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ დაიგეგმა. კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
აღნიშნულ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან - ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები გახდნენ. “საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას წყდება.
ამასთან, არსებული კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება ერთი თვით ადრე გაფრთხილების პირობით შეუწყდეთ. ასეთ დროს მათ 1 თვის კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნულ 1-თვიან ვადას ალტერნატიული ვადა ემატება - “ქართული ოცნების“ პროექტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მხარეს 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე შეიძლება ეცნობოს.
კანონის პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.