შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში მომხდარი სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, 35 წლის კაცმა მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა პოლიციას ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
გამოცემები Aftonbladet და Expressen იუწყებიან, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი დაშავებული შეიყვანეს, მათგან ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. ორი მათგანი სტაბილურ მდგომარეობაშია, ხოლო ერთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
"დაშავებულთა შორის ერთ-ერთია პირი, რომელსაც თავდამსხმელად მივიჩნევთ" – განაცხადა ერებრუს პოლიციის უფროსმა, რობერტო ეიდ ფორესტმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სამართალდამცველებს ჯერ არ აქვთ მოტივის შესახებ ინფორმაცია.
მოგვიანებით, დაახლოებით 16:30 საათზე, შეიარაღებული პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელის საცხოვრებელ ბინაში შევიდა, საიდანაც აფეთქებების ხმა ისმოდა.
პოლიციამ შვედურ მედიასთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა TV4-ის ცნობით, თავდამსხმელს დანაშაულებრივი წარსული არ ჰქონდა და ლეგალურად ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს.
ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთმა შეშინებულმა სტუდენტმა Snapchat-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის შეშინებული ხალხი სროლის ადგილიდან.
"ისვრიან, ღმერთო ჩემო!" – ისმის ერთ-ერთი სტუდენტის განწირული ხმა.
"ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა...“
სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის პერსონალი და სტუდენტები თავშესაფარში იმყოფებიან.
"ვცდილობთ, არ დავრჩეთ ქვედა სართულებზე და თავი ავარიდოთ ფანჯრებთან სიახლოვეს. მოსწავლეები შეშინებულები არიან და ფიქრობენ, რა მოხდება შემდეგ,“ – თქვა მან.
ბოლო წლებში შვედეთი ერთ-ერთი მოწინავეა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სადაც იარაღით ჩადენილი დანაშაულები ხდება.
2023 წელს ქვეყანაში 53 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად, 2022 წელს კი – 62. იმავე წელს, სტოკჰოლმის ერთ სულ მოსახლეზე განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი დაახლოებით 30-ჯერ აღემატებოდა ლონდონისას.
ექსპერტები ამბობენ, რომ ძალადობის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: ბანდებს შორის ტერიტორიების განაწილებაზე ომებით, ნარკობაზრის გაფართოებით, იარაღით ვაჭრობის მატებით, მზარდი სოციალური უთანასწორობით, მაღალმა იმიგრაციითა და მიგრანტების ინტეგრაციის კრახით.
გარდა ამისა, უცხოურმა მაფიოზური დაჯგუფებებისთვის შვედეთი „თავშესაფრად“ იქცა, ხოლო ორგანიზებულმა დანაშაულის ჯგუფებმა ბიზნეს სექტორებში შეაღწიეს და ქვეყანაში იარაღის შეტანის გზები იპოვეს.