საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს. ტერიტორიას ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს. კუნძულზე ბოლო 48 საათის განმავლობაში ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა.
"ყველაფერი დაკეტილია. ახლა არავინ მუშაობს. მთელი კუნძული დაცარიელდა", - განუცხადა 18 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სააგენტო Reuters-ს.
უსაფრთხოების ზომები ასევე შემოიღეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე ახლომდებარე კუნძულზეც. ბერძენი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები არ უკავშირდება სანტორინის მიძინებულ ვულკანს, თუმცა ამბობენ, რომ სეისმური აქტივობა შეშფოთებას იწვევს.
სკოლები პარასკევამდე დახურული იქნება. ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა ხალხი, მოერიდონ კუნძულის გარკვეულ უბნებს და დააცარიელონ საცურაო აუზები.
სამშაბათს დილით, მთავრობის, შეიარაღებული ძალების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში სიტუაციის განსახილველად შეხვდნენ.
პრემიერ-მინისტრი მსგავს შეხვედრას ოთხშაბათს უხელმძღვანელებს.
სეისმოლოგები ბოლო ბიძგებს უმნიშვნელოდ თვლიან, თუმცა უფრო დიდი მიწისძვრის შემთხვევაში პრევენციული ზომები იქნება მიღებული. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, დატოვონ ამუდის, არმენისა და ფირას ძველი პორტი მეწყრის საშიშროების გამო.
ყველაზე ძლიერი მიწისძვრები დაფიქსირდა სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა კუნძულის ანიდროსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ბიძგები ვულკანური აქტივობის ნაცვლად ტექტონიკური ფირფიტების მოძრაობას უკავშირდება.