ავტორი:

მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."

მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."

ამერიკისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს. ასტეროიდი, სახელად 2024 YR4 გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მეცნიერები შეჯახების ალბათობას 1.3%-ით აფასებენ. ასტეროიდი ამჟამად ყველაზე საშიშ ციურ სხეულთა სიაშია და მისი შეჯახება ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) აცხადებენ, რომ 99%-იანი ალბათობით ასტეროიდი 2032 წლის 22 დეკემბერს უსაფრთხოდ ჩაუვლის დედამიწას, თუმცა შეჯახების შესაძლებლობა ბოლომდე გამორიცხული არ არის.

"შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, - ამბობს ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრი, დოქტორი რობერტ მესი. - "მსგავსი მოვლენები, როგორც წესი, კვლევების მიმდინარეობისას ნელ-ნელა ქრება. მთავარია, მეცნიერებს საკმარისი რესურსები ჰქონდეთ ასეთი საფრთხეების შესასწავლად, რათა დროულად იმოქმედონ"...

ასტეროიდი 2024 YR4 პირველად 2023 წლის 27 დეკემბერს, ჩილეში მდებარე ტელესკოპმა დააფიქსირა. მისი სიგრძე-სიგანე 40-90 მეტრს შორის მერყეობს. ტორინოს შკალის მიხედვით (რომელიც ასტეროიდების საშიშროებას აფასებს), ამ ობიექტის საფრთხის დონე 3-დან 10-მდეა. რაც ნიშნავს, რომ მისი შეჯახების ალბათობა 1%-ზე მეტია და მას შეუძლია "ლოკალური განადგურება“ გამოიწვიოს.

ტორინოს შკალის მიხედვით, შეჯახება გარდაუვალია მაშინ, როდესაც საფრთხის დონე 8, 9 ან 10-ს აღწევს.

რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო სერიოზულია შედეგები. მაგალითად, 66 მილიონი წლის წინ დედამიწას 10-15 კმ სიგანის ასტეროიდი შეეჯახა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. თუმცა 2024 YR4 გაცილებით პატარაა.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასტეროიდს შესაძლოა ატომური ბომბის ძალის ტოლი ენერგია ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ ასტეროიდი დასახლებულ ტერიტორიას დაეცემა, მასშტაბური ნგრევა იქნება მოსალოდნელი. უფრო სავარაუდოა, რომ ასტეროიდი ოკეანეში ან დედამიწის უკაცრიელ რეგიონში დაეცემა, თუმცა ის ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა, რის გამოც ზუსტი დარტყმის ადგილის პროგნოზირება შეუძლებელია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ როდესაც ასტეროიდის შეჯახების შანსი მცირეა, კვლევების შედეგად ეს ალბათობა ნულამდე მცირდება. ასე მოხდა 2004 წელს, როდესაც ასტეროიდი "აპოფისი“ პირველად აღმოაჩინეს. თავდაპირველად მას ტორინოს შკალაზე 4-იანი მიანიჭეს, მაგრამ მოგვიანებით ეს დონე ჯერ 1-მდე, შემდეგ კი 0-მდე შემცირდა.

ამჟამად კოსმოსური სააგენტოები პრევენციულ ზომებს იღებენ: ისინი აკვირდებიან ყველა ციურ ობიექტს, რომელიც 50 მეტრზე დიდი სიგანისაა და რომლის შეჯახების ალბათობაც 1%-ზე მეტია.

შეჯახების თავიდან ასაცილებლად ორი საერთაშორისო ორგანიზაცია იმუშავებს: ასტეროიდების გამაფრთხილებელი საერთაშორისო ქსელი (IAWN), რომელსაც NASA ხელმძღვანელობს და კოსმოსური მისიების დაგეგმვის საკონსულტაციო ჯგუფი (SMPAG), რომელსაც ESA უძღვება.

IAWN დამატებით დაკვირვებებს ჩაატარებს ასტეროიდის ორბიტის გასარკვევად, ხოლო SMPAG შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორ გაუმკლავდნენ შესაძლო საფრთხეს, თუ შეჯახების ალბათობა 1%-ზე მაღალი დარჩება. ერთ-ერთი ვარიანტია ასტეროიდის კურსის შეცვლა კოსმოსური ზონდის შეჯახების გზით - იგივე მეთოდით, რომელიც NASA-მ 2022 წელს DART-ის მისიაში წარმატებით გამოცადა.

ამჟამად ასტეროიდი დედამიწას ემიჯნება, რის გამოც მისი შესწავლა რთულდება. მომდევნო რამდენიმე თვეში ის ჩვენი ტელესკოპებისთვის უხილავი გახდება. თუ ამ დროის განმავლობაში შეჯახების საფრთხე არ გამოირიცხება, ის აქტუალური დარჩება 2028 წლამდე, როდესაც ასტეროიდი კვლავ გამოჩნდება ცაში.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის პლანეტოლოგიის პროფესორი, გარეტ კოლინზი, ამბობს, რომ თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დახვეწის გამო, მეცნიერები მომავალში კიდევ ბევრ მსგავს ასტეროიდს აღმოაჩენენ.

"ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია, რაც შეიძლება დიდხანს დავაკვირდეთ ასტეროიდს, რათა მისი მოძრაობის პროგნოზირება ზუსტად შევძლოთ,“ - ამბობს კოლინზი.

წყარო