ავტორი:

"დანიაში აღარ მეშინია. როცა ცოლი შინ არის, მე კი ვარჯიშზე ვარ, სანერვიულო არაფერი მაქვს" - რას ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი დანიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში?

"დანიაში აღარ მეშინია. როცა ცოლი შინ არის, მე კი ვარჯიშზე ვარ, სანერვიულო არაფერი მაქვს" - რას  ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი დანიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 2024 წლის ივლისში დონეცკის "შახტარიდან" დანიურ "კოპენჰაგენში" 1-წლიანი იჯარით გადავიდა. ახლახან დანიურმა სპორტულმა მედიამ გიორგისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სპორტსმენი მის ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარ სიახლეებზე საუბრობს.

გიორგი გოჩოლეიშვილი დანიაში გადავიდა ქვეყნიდან, სადაც მესამე წელია ომია, ამიტომ, მისი თქმით, ამ ქვეყანამ მას ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ, უსაფრთხოების შეგრძნება მოუტანა, თუმცა დანიაში ახალი ჩასული იყო, როდესაც მის პატარა შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. გიორგი ამბობს, რომ ამის თაობაზე ვრცლად მაშინ ილაპარაკებს, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება.

სტატიაში ვკითხულობთ:

"ინტერვიუს დაწყებამდე ნერვიულობს. ის მორწმუნეა, ეს მისი ოთახიდანაც კარგად ჩანს. მისი ნერვიულობა ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ არ უყვარს საჯაროდ საუბარი, ფრთხილი და ჩუმი ადამიანია

მან ინგლისური ჯერ კიდევ კარგად არ იცის, მაგრამ ჟურნალისტთან ცდილობს ისაუბროს იმ გზაზე, თუ საიდან მოვიდა და როგორ გაატარა ბოლო ნახევარი წელი "FC კოპენჰაგენში".

"მახსოვს, როგორ გამიხარდა, ჩემი პირველი გამარჯვება "დერბიში“. ეს მართლაც შესანიშნავი მომენტი იყო. მიხარია, როდესაც გავდივარ მოედანზე და ვუყურებ "FC კოპენჰაგენის" გულშემატკივრებს“.

არც ისე დიდი ხნის წინ, მისი ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყო, ვიდრე ახლა. ომი ახლოს იყო მაშინ, როდესაც ის უკრაინაში დონეცკის "შახტარში" თამაშობდა.

იგი იხსენებს საჰაერო სირენის ხმებს. მისი აზრით, ეს ისეთი რამ არის, რასაც ვერ დაივიწყებ:

"ძალიან, ძალიან რთული სიტუაცია იყო. შუა მატჩის დროს, შესაძლოა საჰაერო განგაში ჩართულიყო და ამ დროს თამაში უნდა გაგვეჩერებინა. ზოგჯერ ეს 3-4 საათს გრძელდებოდა“.

მას ახლაც აქვს კონტაქტი რამდენიმე მეგობართან უკრაინაში. ერთ-ერთ მათგანს ხშირად ესაუბრება.

კიდევ ერთი რამ იყო, რის გამოც ძალიან ეშინოდა. "ჩემი მეუღლე ხშირად შინ იყო, როდესაც მე წვრთნებზე ვიყავი. არ იყო სასიამოვნო იმაზე ფიქრი, თუ როდის მოუწევდა მას თავშესაფარში ჩასვლა.

მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ახლაც "შახტარში" თამაშობს და ისინი ხშირად საუბრობენ იქ არსებული მდგომარეობის შესახებ:

"ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. მათი ცხოვრება ნამდვილად რთულია, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ერთ დღეს უკეთესობისკენ წავა“.

  • უსაფრთხოება დანიაში

მას დანიაში ახალი რეალობა დახვდა, იქ ყველაფერი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ინტერვიუს დროს რამდენიმე წამით ჩერდება, სიტყვებს ეძებს და ამბობს:

"აქ არ მეშინია. როცა ცოლი სახლშია და ვარჯიშზე მივდივარ, სანერვიულო არაფერი მაქვს. დანიაში ცხოვრება მართლაც კარგია მრავალი თვალსაზრისით".

გიორგი გოჩოლეიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მისი თანაგუნდელების, პერსონალის და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ზოგადად "FC Copenhagen"-ში მუშაობენ. ის გრძნობს, რომ ოჯახის ნაწილი გახდა.

გიორგი გოჩოლეიშვილი მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მას გამოუცხადეს:

"ეს არის განსაკუთრებული გუნდური სულისკვეთება, რომელიც მე განვიცადე. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ მოედანზეც და მის მიღმაც. ჩვენი მწვრთნელი იაკობ ნესტრუპი პირველ რიგში კარგი ადამიანია, ხოლო შემდეგ კარგი მწვრთნელი. ეს ბევრ რამეს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორია "FC კოპენჰაგენში" ყოფნა.

ზაფხულის შესვენების შემდეგ გოჩოლეიშვილი სასესხო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "შახტარში" დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "FC კოპენჰაგენი" მის კონტრაქტს გააგრძელებს.

"არ ვიცი, რამდენი წელი ვიქნები აქ ან რა იქნება, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფანების წინაშე, ჩემს წვლილს შევიტან გუნდის გამარჯვებაში".

წაიკითხეთ ასევე: