ავტორი:

დღეს ელენე ყიფშიძის დაბადების დღეა: რას წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში დიდ ბებიაზე? - "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ახლო მეგობრები ვიქნებოდით"

დღეს ელენე ყიფშიძის დაბადების დღეა: რას წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში დიდ ბებიაზე? - "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ახლო მეგობრები ვიქნებოდით"

5 თებერვალი ცნობილი ქართველი მსახიობის ელენე ყიფშიძის დაბადების დღეა. მისი შთამომავალი ნატალია ყიფშიძე დიდ ბებიას სოციალურ ქსელში იხსენებს და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ლენა ბებოს დღეა დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ახლო მეგობრები ვიქნებოდით. მიყვარს იდეა შენი..." - წერს ნატალია.

ელენე ყიფშიძე 1925 წლის 5 თებერვალს, თბილისში დაიბადა.

1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

1948 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ქმნიდა ჰეროიკულ დრამატულ და კომედიურ სახეებს, რომლებიც გამსჭვალული იყო დიდი შინაგანი სითბოთი, ადამიანურობით, გულწრფელობით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით. გამოირჩეოდა მუსიკალობითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცკია (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა“), ლილი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა“), ვიოლა (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე“), მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი“), სონა, კეკელა ("ძველი ვოდევილები“), ფოფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია“), მაგდა (ო. ჩხეიძის "ვისია ვისი?!“), მარგო (ლ. როსებას "პრემიერა“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "ჩარი რამა“, "თოჯინები იცინიან“, "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, "ასი გრამი გამბედაობისათვის“ და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1973) და ღირსების ორდენის კავალერი (1999).

გარდაიცვალა 2004 წელს 79 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.