ავტორი:

"მე და ჩემი ძმა წლებია, თბილისში ერთად ვცხოვრობთ, მშობლები თერჯოლაში არიან.. მათ ახლა ჩემი იმედი აქვთ" - რას ჰყვება პატიმრობაში მყოფ იუმორისტზე ძმა

"მე და ჩემი ძმა წლებია, თბილისში ერთად ვცხოვრობთ, მშობლები თერჯოლაში არიან.. მათ ახლა ჩემი იმედი აქვთ" - რას ჰყვება პატიმრობაში მყოფ იუმორისტზე ძმა

"მე და ონო ბოლო 2 წელია, ერთად ვცხოვრობთ. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, შეიძლება კვირები არ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, მარა სულ რადარზე გვყავს ერთმანეთის ლოკაცია და მდგომარეობა. 5 დეკემბრის მერე სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ვერაფერს გულით ვერ ვაკეთებ. და რისთვის?" - ეს სანდრო ცხადაძის ფეისბუქ პოსტის ნაწყვეტია. სანდრო იუმორისტ ონისე ცხადაძის ძმაა, რომელიც აქციების პერიოდში დააკავეს.

ის ძმის გასათავისუფლებლად აქტიურად იბრძვის... 5 მარტსაა ონისე ცხადაძის სასამართლო ჩანიშნული. რა მოლოდინი აქვს მას, როგორ გრძნობს თავს დაპატიმრებული ონისე და რას ამბობს სანდრო ცხადაძე საკუთარ ძმაზე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- შვილებდაპატიმრებულ მშობლებთან ერთად თქვენც აქტიურად იბრძვით. თქვენი მშობლები სად არიან?

- ჩვენი მშობლები ქალაქ თერჯოლაში ცხოვრობენ და სამწუხაროდ ისეთ ჩართულობას, როგორც სხვა დაკავებულების მშობლები, ამიტომ ვერ ახერხებენ. თან რადგან მე ვარ აქეთ, ჩემს იმედადაც არიან. აქ რომ არ ვიყო, მათაც მოუწევდათ აქტივობა.

- როგორც უფროსი ძმა ონისეს მიმართ მზრუნველობას იჩენთ... თქვენი ძმობა იმ სტატუსშიც კარგად გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაწერეთ...

- ონისეზე 2 წლით უფროსი ვარ. მე და ჩემი ძმა უკვე წლებია, ერთად ვცხოვრობთ. როგორც სტატუსში მეწერა, შეიძლება კვირები არ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, გვერდით ოთახში იჯდეს, იმუშაოს, საქმე აკეთოს, მაგრამ ჩვენ შორის მყარი ბმაა. ისე გაგვზარდეს მშობლებმა, რომ ერთმანეთი უანგაროდ გვყვარებოდა და ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით... სანამ ჩემს ძმას დააკავებდნენ, მანამდე, 24 ოქტომბერს, ჩემთანაც იყო შემოსული ფინანსური პოლიცია.

სხვა ამბავი იყო, თაღლითობას ედავებოდნენ იმ კომპანიას, რომელშიც მე ვმუშაობ. 5 თანამშრომელთან დილის 8 საათზე სახლებში შემოვიდნენ. მაშინ დაკითხვაზე მეც ვიყავი გადაყვანილი და ჩემი ძმა დარბოდა - ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. მოწმის სტატუსით ვიყავი და იმ დღესვე გამომიშვეს. ეგ საქმე მალე დამთავრდა, რა თქმა უნდა, რადგან არასერიოზული იყო... ჩვენი კომპანია, ბაზარზე სახელმწიფოს შემოყვანილია „აწარმოვე საქართველოში“ - პროგრამის ფარგლებში... ჩემმა ძმამ ის ყველაფერი ძალიან ემოციურად მიიღო. მერე ყველაფერი შეტრიალდა და ონისე დააკავეს... 5 მარტს სამი თვე გახდება, რაც დატყვევებულია და 5 მარტსაა მისი პროცესი ჩანიშნული.

- თქვენ რა პროფესია გაქვთ?

- უმაღლესი სამედიცინო განათლება მაქვს. სამედიცინო უნივერსიტეტი 2017 წელს დავამთავრე. ექიმი ვარ, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობ. კომპანიაში, რომელიც ვახსენე, სრულიად სხვა განხრით ვსაქმიანობ, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით - სტატისტიკის ანალიტიკოსი ვარ. სამედიცინო კუთხითაც მიმუშავია და ამ მიმართულებით გეგმები მაქვს. უბრალოდ რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, გიწევს რამდენიმე ადგილას მუშაობა.

- ონისეს დაკავებას ელოდით და მასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?

- როცა აქციაზე გავდივართ, ასე თუ ისე ცემას, დაკავებას ყველა ველოდებით, მაგრამ ასე სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებას, ჯგუფური ძალადობის ბრალდებას და 4-დან 5-წლამდე პატიმრობის შეფარდებას, რა თქმა უნდა, არ ველოდით. აბსოლუტური შოკი იყო... ონისე სოფელში, თერჯოლაში აიყვანეს, შოკში იყო მთელი ჩემი ოჯახი, ანუ მათთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა... მამაჩემი, ბებიაც სახლში იყო, დედაჩემს დაურეკეს და მოიყვანეს, ანუ როცა გაჰყავდათ, ყველანი სახლში იყვნენ, ემოციურად ძალიან გაუჭირდათ... მოლოდინს რაც შეეხება, დადებითი მოლოდინი მაქვს. ბრძოლაში ვართ და ამ დროს პესიმისტურად ყოფნა არ შეიძლება. არ გავჩერდებით და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს, ყველას გამოვიხსნით.

- რეალურად რა გახდა მისი დაკავების მიზეზი?

- ვიდეო პროკურატურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც დევს. იღებს წლის ბოთლს, პატარა ჯოხს და ფერადი ბოლის პატარა გამოცლილ კაფსულს გაურკვეველი მიმართულებით ისვრის. ამაზე ედავებიან, ოღონდ, დაზარალებული პოლიციელი არ არსებობს. ასეა ონისესთან და დანარჩენი 10 ადამიანის საქმეშიც... ძალიან აბსურდულია და ამიტომაც, ისინი ცალსახად პოლიტპატიმრები არიან. ხელისუფლებას მიზეზი არ სჭირდება, რომ ადამიანი დააკავოს. თუ მიზეზი მიეცი, კიდევ სხვანაირად გაგწირავენ.

- პროცესზე ონისეს სიტყვა იუმორისტული სკეტჩივით იყო და ბოლოს ასანთის კოლოფი ისროლა... ამის გამო საყვედური ხომ არ მიუღია?

- ასანთის სროლის მომენტში შოკი ჰქონდათ პროკურორებსაც და თვითონ მოსამართლეც გაკვირვებული იყო. ეს დაეტყოთ კიდეც, რამდენიმე წამი გაშეშებულები იყვნენ. მერე მოსამართლემ წესრიგის დაცვა მოითხოვა. პროკურორებს რეაქცია დიდად არ გამოუხატავთ. თუმცა ასანთის სროლა მოულოდნელი არ ყოფილა, ონისემ ის ჯერ ხელში აიღო, აჩვენა და მერე ისროლა... ამ ფაქტის მერე გლდანის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს თავისთან აუყვანია და გასაუბრებია, რატომ გააკეთეო? - გარკვევა უნდოდა. შეიძლება ამის გამო რაღაცების გამკაცრება მოგვიწიოსო... დანარჩენი, არაფერი, იქ, სადაც არის ყველას უყვარს, იციან პატიმრებმა, რომ ადამიანი აბსოლუტურად უსამართლოდ ზის. თურმე ბადრაგები მისი და ჩემს იუმორსაც იცნობენ. რომ მივდივარ ტანსაცმელი მიმაქვს, ან საჭირო ნივთები, ბადრაგები ყოველთვის მეკითხებიან, - როგორ არის შენი ძმაო. დღესდღეობით ასეა, მერე რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი.

- როგორ მოხვდა ონისე საერთოდ იუმორის სფეროში?

- როგორც მასზე 2 წლით უფროსმა, უნივერსიტეტში პირველად მე ჩავაბარე, სადაც მანსანკანს ვთამაშობდი. ჩემი ძმა მაყურებლის და გულშემატკივრის როლში იყო. თამაში მერე თვითონაც დაიწყო და მისი სცენარისტი მე ვიყავი. შემდეგ სთენდაფებზე გადავედით, ტელევიზიით გადიოდა, იქაც ჯერ მაყურებელი იყო ონისე და წერა მერე თვითონაც დაიწყო. სხვადასხვა ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობდა. მოგვიანებით „მთავარ არხზე“ სივი გააგზავნა. 2020 წლის თებერვალში იყო (ვანო ჯავახიშვილის ჯგუფი მაშინ იქ მუშაობდა). მიიღეს. „ტვ პირველზე“ რომ წამოვიდნენ, ვანოს წამოჰყვა. იმის მერე ამ იუმორისტულ სფეროში აქტიურად არის და საკმაოდ წარმატებულად. სცენარისტია, მსახიობი, ასევე სკეტჩების ამწყობიც, რედაქტორი. ღამეებიც გაუთენებია იმაში, რომ სტუდია აეწყო და მსახიობებზე როლები გაენაწილებინა. ბოლოს უკვე ძალიან პროფესიონალურ დონეზე ჰქონდა ეს ყველაფერი აყვანილი. ამუშავებდა ასევე თავის „იუთუბ“ და „ტიკ-ტოკ“ გვერდს. პერსონალურ ვიდეოებს დებდა და ამ კუთხით სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს.

- თქვენ სამედიცინო განათლება გაქვთ. ონისეს?

- საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა, შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიაზე სწავლობდა. უფასო ფაკულტეტები იყო, ეს ფაკულტეტიც ჰქონდა მონიშნული და ქულებით მანდ მოხვდა. ამ სფეროთი დიდად დაინტერესებული არ ყოფილა და ხელი ამანაც შეუწყო იმას, რომ თავის ცხოვრებას სხვანაირად შეხედა და იუმორის სფეროში მეტად გააქტიურდა. მთავარი ის არის, რომ არის მებრძოლი, სამართლიანი და მაგიტომაც მოხვდა ამ ამბებში ეს იუმორისტი.

- თავს როგორ გრძნობს?

- პირადად 2 ჯერ ვინახულე. მხნედ არის, კარგად არის, იქაც თავის სოციუმი შეიქმნა. ერთი პატიმრის დახმარებაც მთხოვა, თეთრეული შემაგზავნინა, ერთისთვისაც მინიმალური თანხა ჩამარიცხვინა, რადგან გაჭირვებული პატიმარიაო. ყველას მიმართ პატივისცემითაა და ისინიც ასევე არიან განწყობილი მის მიმართ. უსამართლობის შეგრძნება ცალსახად აქვს, რადგან ქუჩაში ჯალათები დადიან და ასეთი ადამიანები იქ სხედან. ადვოკატი ნახულობს და მისი ამბავი გამოაქვს, ხუმრობის ხასიათზეც არისო - გვეუბნება. ის, რაც სასამართლოზე თქვა, წინასწარ მომზადებული ჰქონდა. შესაბამისად არც იქ კარგავს დროს. ჯერჯერობით სანამ გარეთ ბრძოლას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, ყველანი კარგად იქებიან.

- როგორც ვიცი, თქვენც სთენდაფკომედის წარმომადგენელი ხართ. ზოგადად ძმებში ეს იუმორი თქვენს კუთხეს, იმერეთს მივაწეროთ, თუ გენეტიკას?

- ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერს, მაგრამ რომ გითხრათ, მამის მხრეს, ცხადაძეები დიდად იუმორით გამოირჩევიან-თქო, არა. დედას, დედის ძმას - ბარდაველიძეებს კი კარგი იუმორი აქვთ. ბავშვობიდანაც სულ ვუყურებდით იუმორის კუთხით ბევრ რაღაცას, ნუ, იმერეთს ცხადია, თავისთავად დიდი წილი აქვს... იუმორი ინტელექტთან პირდაპირპროპორციულია. ვერბალური იუმორი მოთხრობასავითაა, კვანძი უნდა შეიკრას... საერთოდ, ჩვენს განათლებაში დედას დიდი წვლილი აქვს - პედაგოგია, მათემატიკას ასწავლის.

- 5 მარტისთვის როგორი მოლოდინი გაქვთ?

- დადებითი მოლოდინის პატარა ნაპერწკალი ყველას გვაქვს, მაგრამ, ნუ სასამართლო რომ არ გვქონია ქვეყანაში და განუკითხაობაა, ეს ყველამ აღმოვაჩინეთ და გავითავისეთ. შესაბამისად გააჩნია, რას როგორ დააპირებენ. თან იმდენად დინამიკურია მოვლენები, იმის წარმოდგენა, ბოლო როგორი იქნება. შეიძლება კიდევ გადაუვადონ. ადამიანი იმედით ცოცხლობს, მაგრამ ჩვენი მოლოდინები სადღაც მწვერვალზე რომ ავიყვანოთ და იქიდან მერე იმედგაცრუებულები ჩამოვცვივდეთ. მოკლედ, ვნახოთ...

- სამართლის საპოვნელად დატყვევებული ახალგაზრდების მშობლების ჯგუფთან ერთად თქვენც დადიხართ. ყველანი ერთმა გასაჭირმა ისე გაგაერთიანათ, რომ მგონი, დამეგობრდით, დაახლოვდით კიდეც...

- დედები განსაკუთრებით მინდა, გამოვყო, რომლებიც ძალიან მებრძოლები, შეუპოვრები არიან და იდეოლოგიურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. დაუზარლად დგანან და იბრძვიან. ოჯახებიც აქვთ, სხვა შვილებიც ჰყავთ, სამსახურებიც აქვთ და მიუხედავად ამისა, ყველაფერს ასწრებენ, იხარჯებიან მთავარი პრიორიტეტისთვის, რაც ახლა მათ ცხოვრებაშია. ომარ ოკრიბელაშვილის მამა საოცარი კაცია, - ემოციურია ის ცნობილი კადრია, სასამართლოში რომ ტირის... 19 წლის ომარი მარტის აქციებზე დააკავეს, 9 თვე ციხეში უნდა იყოს და მერე კიდევ წელიწად-ნახევარი პირობითი აქვს. საბა სხვიტარიძის ძმა გავიცანი, ერთმანეთზე უკეთესი ხალხია. ყველა შეხვედრებზე გააზრებულად, ჩამოყალიბებულად საუბრობენ და მსჯელობენ. ქართული საზოგადოების საოცარი გენოფონდია. კარგის მეტი ამ ადამიანებზე არაფერი მეთქმის. იმდენს მე ვერაფერს ვაკეთებ, როგორც ისინი, თითოეული ჩვენგანისთვის... ასევე ლაშა კაცია, ნიკა კაციას ძმა - ძალიან საყვარელი ადამიანია. ისიც, დედასთან ერთად, დაუღალავად იბრძვის. ზურაბ ცეცხლაძე, ზვიად ცეცხლაძის მამა საერთოდ ამ მშობლების ერთგვარი წინამძღოლია. ჩვენი პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ამ ადამიანებთან აუცილებლად გავაგრძელებთ ურთიერთობას...