"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის, ან მის მიერ მართული ნებისმიერი მთავრობის აღიარებას უკრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტში" წერია, რომლის ტექსტიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა.
"შეერთებული შტატების პოლიტიკაა - არ აღიაროს ან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო;
აქტიურად ეწინააღმდეგებოდეს სხვა მთავრობების მიერ აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება, მათ შორის „აღმასრულებელი ბრძანება No. 14024”-ში აღწერილი აუცილებელი ძირითადი და მეორადი სანქციების გამოყენებით;
გამოიყენოს ძალაუფლების სრული სპექტრი, მათ შორის “მაგნიცკის გლობალურ აქტსა“ და „აღმასრულებელი ბრძანება No. 14024”-ში გათვალისწინებულის, რათა შეაკავოს საქართველოს მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმის ან რუსეთის ფედერაციის ინტერესებში კორუფციული აქტივობა ან საგარეო გავლენის ოპერაციები“, - წერია აქტში.
"საქართველოს პრეზიდენტის აღიარება. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] უნდა აღიაროს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად,” - ნათქვამია აქტში.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში, რისი დემონსტრაციაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება, აშშ-ის პრეზიდენტს ამ აქტის გაუქმებულად გამოცხადება შეუძლია.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია (რესპუბლიკური პარტია) და კანონმდებლობას კიდევ 5 თანაავტორი (თანასპონსორი) ჰყავს: სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგეტი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - კენჭისყრაზე გამოტანამდე კანონპროექტი იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებში უნდა განიხილონ.