მეცნიერებმა რენტგენის გამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საუკუნეების წინ დამწვარი გრაგნილის აღდგენა შეძლეს - გრაგნილი 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. მისი შინაარსის გასაშიფრად მეტი სამუშაოა საჭირო, მაგრამ მეცნიერების თქმით, შედეგები ძალიან იმედისმომცემია.
"დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მთლიანი გრაგნილის სრულად წაკითხვას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამის თქმა მაღალი თავდაჯერებულობით შეგვიძლია", - განაცხადა სტივენ პარსონსმა, Vesuvius Challenge-ის პროექტის ლიდერმა.
ზოგიერთი ასო უკვე აშკარად ჩანს ძველ ტექსტში. გუნდს მიაჩნია, რომ ეს ფილოსოფიური ნაწარმოები უნდა იყოს.
გრაგნილი აღმოაჩინეს ჰერკულანეუმში, ქალაქში, რომელიც მისი მეზობელი პომპეის მსგავსად ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.
"აქამდე არასდროს ვყოფილვართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ტექნიკა საკმარისად უსაფრთხო ან ეფექტური იქნებოდა გრაგნილებისგან რაიმე ინფორმაციის მისაღებად“,- განმარტა ნიკოლ გილროიმ, წიგნის კონსერვაციის ხელმძღვანელმა.
გრაგნილი მოათავსეს სპეციალურად დამზადებულ ყუთში და Diamond Light Source-ში გააგზავნეს. მის აღსადგენად აპარატი, სახელწოდებით სინქროტრონი გამოიყენეს - სინქროტრონი არის ელექტროვაკუუმური მოწყობილობა დაახლოებით რგოლისებრი ვაკუუმის კამერით, რომელშიც დამუხტულ ნაწილაკებს აჩქარებენ დაახლოებით სინათლის სიჩქარით, ხოლო მათ გზაზე მყოფი ძლიერი ელექტრომაგნიტებით დგინდება მათი მოძრაობის ტრაექტორია.
გასულ წელს, Vesuvius Challenge-ის გუნდმა მოახერხა ჰერკულანუმის კიდევ ერთი გრაგნილის დაახლოებით 5% წაკითხვა.