ყველაფერი იმით იწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.
ორშაბათს, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. გადაწყვეტილება “დემოკრატმა“ კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
“მინდა გავიმეორო, რაც ვთქვით, დიდი ხანია მხარს ვუჭერდი საგარეო დახმარებას, ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ საგარეო დახმარება ქველმოქმედება არაა. ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად. ყოველი დოლარი, რომელსაც ჩვენ დავხარჯავთ, სანამ მე ვარ სახელმწიფო მდივანი და სანამ პრეზიდენტი ტრამპია თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა რუბიომ, თუმცა ორგანიზაციის ბედი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.
USAID-ი, როგორც 1961 წელს შექმნილი საგარეო დახმარების დამოუკიდებელი სააგენტო, 120-მდე სახელმწიფოში მონაწილეობს ჰუმანიტარულ, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროგრამებში. სააგენტო "დახმარებას უწევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს და კონფლიქტით მოცულ ქვეყნებს; ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას სიღარიბესთან, დაავადებებთან ბრძოლაში და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში და ეხმარება აშშ-ის კომერციულ ინტერესებს, განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით. საქართველოშიც არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პროექტი განხორციელებულა და ამ ეტაპზეც ხორციელდება ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით.
გვესაუბრება ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე:
"USAID -ის გაუქმებაზე საკითხი ნამდვილად არ დგას, საუბარია რეორგანიზაციაზე, ის პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნება (მიუხედავად იმისა, რომ ფონდებზე გარკვეული სახელმწიფო კონტროლი არსებობდა). რაც შეეხება USAID-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ჩვენთან, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სხვა გამოხმაურება მიიღო. რატომ წამოიწია ამ საკითხმა? ეს ძირითადად დაკავშირებულია აშშ-ს შიდა პოლიტიკურ თემასთან და იმ გზავნილებთან, რითაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის დაპირება იყო ის, რომ გარე დახმარებებზე იმდენი ფული აღარ დაიხარჯება, მეტი ფული უნდა მოხმარდეს ამერიკას და არა სხვა ქვეყნებს, ასევე, ნაკლები უნდა დაიხარჯოს ბიუროკრატიაზე. ის დეპარტამენტიც, რომელსაც მასკი ჩაუდგა სათავეში, იყო სწორედ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის ეფექტურობის შემსწავლელი, თუ შემფასებელი დეპარტამენტი. ასე რომ, ეს საკითხი უფრო ამ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ტრამპი ასრულებს თავის პირობას - ის თავისი გადმოსახედიდან ასე თვლის საჭიროდ.
რაც შეეხება USAID-ის გაუქმებას, ის არ გაუქმდება იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკის გატარებაში ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-ს დაიცვას ის ღირებულებები, ის ინტერესები, რომლებიც მას გლობალურად აქვს. ზოგადად, როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკაზე, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერზე, ამ ფუნქციის შესრულებაში USAID ასრულებს ძალზე მნიშვნელოვან როლს.
ასე რომ, ეს ორგანიზაცია იქნება. რეორგანიზაცია რამდენად გახდის მას მეტად ეფექტიანს, ეს სხვა საკითხია და ამაზე შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ის პროგრამები, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ხელს უწყობს აშშ-ს ინტერესების გაძლიერებას, ცხადია, რომ არ დაიხურება, პირიქით, შეიძლება გაძლიერდეს კიდეც.
როდესაც თბილისში აშშ-ს საელჩო გაიხსნა - 1992 წელს, ორ კვირაში გაიხსნა USAID და იქიდან მოყოლებული, არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაედოს. უპირველეს ყოვლისა, ბოლო დღეებამდე, სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ ისე გააფუჭა ურთიერთობა, რომ პროგრამები შეაჩერა, USAID ბოლო წუთამდე იყო საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი. ანუ თუკი რამეს აფინანსებდა, იყო ის პროგრამები, რომელთაც მთავრობა ახორციელებდა და მერე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე. სფეროს ვერ დამისახელებთ, რაშიც USAID აქტიურად არ დებდა ფულს, იქნებოდა ეს ეკონომიკა, კულტურა, თუნდაც ჯვრის კონსერვაციის პროექტი, ინფრასტრუქტურული, ადგილობრივი, განათლების, თვითმმართველობის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, ჯანდაცვა... უამრავი რაღაც, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება, USAID -ის მხარდაჭერითაა, ასე რომ, ამ პროგრამების შეჩერება ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მგონი, პირველ რიგში ეს მთავრობას უნდა ესმოდეს და ძალიან გასაკვირია და ძალიან ცუდი, ამ ამბავს ვიღაცა აღფრთოვანებით რომ ხვდება“.